მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა

მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა

მაცხოვრის კვირაცხოვლობის ტაძრის მგალობელი ორესტი სიჭინავა, ღვთისმშობლის კვართის ხობის დედათა მონასტერში გადატანის საკითხთან დაკავშირებით მისი და მისი მეგობრის მხრიდან გამოხატული პოზიციის გამო, მოქალაქეების ნაწილის და სასულიერო პირების მხრიდან მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. მან შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მგალობელი წერს, მას შემდეგ, რაც სიწმინდის მოსალოდნელ გადატანას ზუგდიდში მღელვარება მოჰყვა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით კვართის ადგილზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, ის მეგობარ დიმიტრი გერლიანთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დაიბარეს. თავდაპირველად მღვდელმა გიორგი ქავთარაძემ დაურეკა, მოგვიანებით კი თავად ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დაუკავშირდა. უთხრა, რომ ეკლესიაში შეკრებილი იყო "მთელი ზუგდიდი", იქ მისულს კი მეუფე, სამღვდელოება და მისი უახლოესი გარემოცვა დახვდა, 30 კაცამდე.

"ტაძარში შესვლისას მიტროპოლიტმა გერასიმემ, რომელიც ამბიონზე იდგა, ხელით მიგვითითა მის წინ, კიბეებს ქვემოთ დავმდგარიყავით. მან მოგვთხოვა პასუხი, თუ რატომ ვაქტიურობდით წინა დღის მოვლენების დროს, ასევე მომთხოვა ამეხსნა, როდის და სად დაიწყევლა. მე ვუთხარი, რომ 2006 წელს, ზუგდიდის I საჯარო სკოლის ეზოში მიტროპოლიტმა გერასიმემ დაწყევლა ზუგდიდელები. (ეს ის პერიოდია, როცა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ტაძრის აშენების საკითხი უარყოფითად გადაწყდა და დაიწყო სკოლის საბავშვო სტადიონის მშენებლობა,) მის კითხვაზე ვინ ესწრებოდა ამ ფაქტს ვუპასუხე, რომ არ მახსოვს ზუსტად და თუ არ ვცდები, მამა მალხაზი და მამა ილარიონი. მამა ილარიონმა დააფიქსირა, რომ ამ ფაქტს ის არ ესწრებოდა. მიტროპოლიტმა შემაჩერა და მითხრა, რომ შენ უკვე ტყუილი თქვი. ამის შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ ორჯერ გაიმეორა, რომ მან ნამდვილად დაიწყევლა და როცა გაიაზრა, თუ რა გააკეთა წავიდა თბილისში პატრიარქთან შენდობის სათხოვნელად. მან ისიც დააფიქსირა, რომ გზაში კინაღამ გული გაუსკდა და როცა ჩავიდა თბილისში ისეთ დღეში იყო, რომ ეპისკოპოსებმა კითხეს, რა მოხდა ასეთი, რა მოგივიდაო. მისი თქმით, მან პატრიარქს შენდობა სთხოვა და დაბრუნებულზე კი ზუგდიდელ მამებს, თან დასძინა: "როგორ ფიქრობთ, ღვთისმშობელი ამდენ ხანს დამტოვებდა, შენდობა რომ არ მქონდეს მიღებული". მან მკითხა, წყევლის ამბავი ამდენი ხნის შემდეგ რატომ გაიხსენეთო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ კვართთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამახსენა ეს ყოველივე. შემდგომ მიტროპოლიტმა მოიყვანა მაგალითი პატერიკიდან, თუ როგორ შეიცვალა ერთი მღვდელმთავარი უფრო უარესი მღდელმთავრით და დასძინა, რომ არსად აპირებდა გადასვლას", - წერს ორესტი სიჭინავა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე სამღვდელო პირმა მას დაჩოქება უბრძანა, უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "საშინელი რამ მოუვიდოდა". მან დაიჩოქა, თუმცა როცა ადგომა დააპირა, ხელმეორედ დააჩოქეს და განუმარტეს, რომ არ ამდგარიყო. მის მეგობარ დიმიტრი გერლიანსაც იგივე მოთხოვეს, თუმცა ვერ დააჩოქეს და "დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუქარა".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა