ავტორი:

შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში

შეიხა მოზა - ყველაზე გავლენიანი ქალი მუსლიმურ სამყაროში

შეიხი ჰამადი ყატარს სათავეში 1995 წელს, ოჯახის დახმარებით ჩაუდგა - დრო იხელთა, სანამ მამამისი შვეიცარიაში მივლინებით იმყოფებოდა. ჰალიფა ბენ ჰამადმა შვილი საჯაროდ უარყო და 1996 წლის 14 თებერვალს კონტრგადატრიალება უშედეგოდ სცადა. ამის შემდეგ ჰამადმა ამერიკული იურიდიული კომპანია Patton Boggs დაიქირავა და მამის საზღვარგარეთის ფულადი ანგარიშები გაყინა, რითაც ძალაუფლება საბოლოოდ გაიმყარა. ჰალიფა ბენ ჰამადმა სამშობლოში შვილთან შერიგების შემდეგ, მხოლოდ 2004 წელს შეძლო დაბრუნება.

2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა ძალაუფლება თავის შვილს, კრონპრინც თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის გადასცა.

ჰამადის მმართველობა ყატარისთვის რეფორმებისა და მოდერნიზაციის ეპოქად იქცა. პირველ რიგში ყატარის გაზისა და ნავთობის კომპლექსი უცხოელი მსხვილი ინვესტორების (ExxonMobil, Shell, Total) მოზიდვის შემდეგ განვითარების ახალ გზას დაადგა. შედეგად, ყატარი თხევადი ბუნებრივი აირის წამყვან მწარმოებელ ქვეყანად იქცა.

არაბ მმართველთა შორის ჰამადი პროგრესიულ ლიდერად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა. 1997 წელს ყატარი რეგიონში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 1996 წელს ტელეკომპანია ”ალ ჯაზირას” დაარსებას შეუწყო ხელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

შეიხ ჰამადს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დიაბეტით არის დაავადებული. დიაბეტი ფართოდ გავრცელებულია ყატარში, რომლის მცხოვრებთათვის ახლონათესაური ქორწინება დაშვებულია. შეიხზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა.

ჰამადის მეუღლის, მოზას ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებზე მსოფლიოში ბევრი რამ არის ცნობილი. ამბობენ, პირველ მეუღლეს, შეიხა მარიამ ბინტ მუჰამადს, მოზასთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დასცილდა. მესამე ცოლი, ნურა ბინტ ჰალიდი მოგვიანებით შეირთო. პირველი და და მესამე ცოლები ჰამადის შორეული ნათესავები იყვნენ, ისინი ცოტა ვინმეს თუ უნახავს.

შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.

შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.

შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედროვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც შეიხა მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმები კი, აღშფოთებული არიან ქალის ჩაცმულობით. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება ქვეყანასა და მსოფლიოში.

ვისაც შეიხას ფონდთან რაიმე შეხება ჰქონია, აღფრთოვანებული არიან ქალის მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ფონდი ”გველების ბუდეს” აგონებთ. დადის ხმები, რომ მოზას ხისტი ხასიათი აქვს, სხვაგვარად ქალი ვერ შეძლებდა უდიდესი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას. იმასაც კი ამბობენ, რომ შეიხ ჰამდანმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. ამის მიუხედავად, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მოზასთან მიახლოვება: დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ეტიკეტის უბადლო მცოდნე, ქმარს საზღვარგარეთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახლდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ჰამადის მმართველობის დროს პატარა ყატარმა ბუნებრივი აირის რესურსები ქვეყნის აყვავებისთვის გამოიყენა და ლონდონთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. ბევრი თვლის, რომ ეს სწორედ მოზას დამსახურებაა. შეიხა მოზასა და ყატარის ამირს შვიდი შვილი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი): თამიმ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი (ყატარის მე-4 ამირი); ჟასმინ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანი; ჯოან ჰამად ალ ტანი; ჰალიფა ჰამად ალ ტანი; მოჰამედ ჰამად ალ ტანი; ალ-მაიასა ჰამად ალ ტანი; ჰინდ ჰამად ალ ტანი.

ყველა, ვინც კი მოზას შვილებს იცნობს, ერთხმად აცხადებს, რომ შეიხამ შვილები ბრწყინვალედ აღზარდა. ჯორჯთაუნის დიპლომატიური სკოლის დეკანმა, ჯეიმს რირდონმა განაცხადა: ”ვიცნობ შეიხა მოზას სამ შვილს, მათ შეეძლოთ მოეწიათ მარიხუანა სადმე საფრანგეთის სამხრეთში, როგორც ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ ისინი განსხვავებული არიან. როგორც მამა, აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აღზარდა ამ ოჯახურმა წყვილმა შვილები”.

”ჩვენ ვეცადეთ ნორმალურ ადამიანებად აღგვეზარდა შვილები. როდესაც შინ მივდივარ, ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს: რა გავაკეთე დღეს, ვინ ვნახე, რას ფიქრობენ ისინი, რისი გაკეთება სურთ. ახალგაზრდების აზრის მოსმენა ძალზედ სასარგებლოა. ჩვენ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ”, - ამბობს შეიხა მოზა.

აღსანიშნავია რომ, ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, 2015 წელს თბილისში იმყოფებოდა. ის საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან და ბიზნეს პარტნიორთან, ფლორა ბურიმსკისთან ერთად, საკუთარ კავკასიურ მოგზაურობას დაუდო სათავე.

თბილისსში რუს მეგობრებთან ერთად, ქალაქის ძველი ქუჩები და ანტიკვარული მაღაზიები მოინახულა. ასევე, დაინტერესდა ქართული ეროვნული ტანისამოსითა და სუვენირებით.

იხილეთ გალერეა

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა? - ვინ იყო მამაკაცი, რომელსაც წესით სამეფო უნდა ემართა

"ევროპის წამლების სააგენტოს" დასკვნა - "AstraZeneca-ს ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია"

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს და ჯანმრთელობას უსურვებს