ბორის რჩეულოვი (რჩეული) - ამ უცნაური გვარით შევიდა ისტორიაში გამომგონებელი, რომელმაც პირველი ვიდეომაგნიტური ჩამწერის სისტემა შექმნა და 1924 წლის 15 სექტემბერს დააპატენტა. მისი ნამდვილი გვარი რჩეულიშვილი გახლდათ.
ბორისი 1899 წელს, ტიფლისში პირველი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს-კაპიტან ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვის ოჯახში დაიბადა. მისი ნათლია ოპერის ცნობილი მომღერალი, ფეოდორ შალიაპინი გახლდათ. რჩეულოვის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ შალიაპინი ნათლულს არ ივიწყებდა და სისტემატურად უგზავნიდა საჩუქრებს და პორტრეტებს თავისი ავტოგრაფით. საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ გამორჩეული გონების მქონე ყმაწვილში გამომგონებლის ნიჭი გააღვივა და ბორისმა თავის მომავალ სპეციალობად ფიზიკა აირჩია.
მოგვიანებით ბორისმა სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ სამოქალაქო ომის დაწყების გამო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1918-1920 წლებში ის სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, ამავე დროს ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროსაც უძღვებოდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება - "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული. მიუხედავად ამისა, პირველი ხმოვანი კინოთეატრი ლენინგრადში, პროფესორ ა. შორინის ხელმძღვანელობით შექმნილი აპარატურით, მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
1922 წელს მეცნიერმა რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. აღსანიშნავია, რომ რჩეულოვის ეს გამოგონება პრაქტიკაში არასოდეს გამოუყენებიათ, თუმცა დღემდე ითვლება გამოსახულების მაგნიტური ხერხით ჩაწერის პირველ ნიმუშად. 1921-1922 წლებში ბორის რჩეულოვი ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ფიზიკას ასწავლიდა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში. რეზერვში გასვლის შემდეგ მეცნიერი აქტიურად ჩაერთო სატელევიზიო სისტემების შემუშავებაში და ორი წლის შემდეგ გამოგონებათა კომიტეტში რამდენიმე კონსტრუქცია წარადგინა. სამეცნიერო საზოგადოება პროექტით დაინტერესდა და პროფესორ ა. პეტროვსკის ხელმძღვანელობით გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა. კვლევების გაგრძელებას შესაბამისის ფინანსები სჭირდებოდა და რჩეულოვს სრულიად მოულოდნელად დახმარების ხელი გამოუწოდა იმ დროის ცნობილმა მევიოლინემ იაშა ხეიფეცმა, რომელიც მისი კომპანიონი გახდა.