სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ჩემი ხელფასი წელიწადში მილიონი ლარია - ნიკა გვარამია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"ყველას შევახსენებ, რომ ჩემს ხელფასს მე არ ვწყვეტ, ამას წყვეტენ დამფუძნებლები. სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ წელიწადში მილიონი ლარი მაქვს ხელფასი. არ დავმალავ, დიდი სიამოვნებით მექნებოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა კორპორაციას არა აქვს", - ასე პასუხობს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ ხელფასთან დაკავშირებით. აღნიშნული კომენტარი მან AMBEBI.GE-სთან გააკეთა.
"მაინტერესებს, რატომ გახდა ინტერესის საგანი კერძო კორპორაციის დირექტორის ხელფასი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად თავისუფალია კორპორაცია, ხელფასი მქონდეს ისეთი, როგორსაც თავად კორპორაცია გადაწყვეტს", - ამბობს გვარამია.
"რუსთავი 2"-ის დირექტორი ყველას მოუწოდებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
"ქვეყანა არის ღარიბი, კრიმინალური. ადამიანი დაცვის გარეშე გადაადგილდება, მისი შვილებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და აბრალებენ მილიონობით შემოსავალს, რომელიც მას არ გააჩნია, მაინტერესებს ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით რაიმე რომ მოხდეს, პასუხისმგებელი ვინ იქნება, ნებისმიერი, ვინც ამას გამოაქვეყნებს, როგორ აპირებს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას?
- ინტერესის საგანი თქვენი ხელფასი მას შემდეგ გახდა, როდესაც თქვენ მოსახლეობას მოუწოდეთ ტელეკომპანიას თანხით დახმარებოდნენ....
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გენერალური დირექტორის ხელფასს გადაწყვეტს "რუსთავი 2", ჯერ ერთი, ხალხის დახმარების მერე გენერალური დირექტორი იღებს თუ არა ხელფასს საერთოდ, ესეც მოიკითხონ, ამას გარდა, აქ უფასოდ არავინ მუშაობს და არც აპირებს მუშაობას. არ ვაპირებ, რომ ჩემმა ჟურნალისტებმა ან ნებისმიერმა სხვამ უფასოდ იმუშაოს, საკუთარ თავზე რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს სხვა საკითხია და ჩემი საქმეა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ჩართვას, ილუზია არავის აქვს, რომ "რუსთავი 2" ამ თანხებით იარსებებს იმიტომ, რომ ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 4 მილიონი გვაქვს. ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეები ვერ გვარჩენენ.
ეს მოწოდება იმიტომ გავაკეთეთ, რომ ადამიანებს შეგრძნება ჰქონოდათ მათი საყვარელი ტელეკომპანიისთვის დახმარების საქმეში, თორემ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ცხოვრებას, ეს შეუძლებელიც არის, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ასეთი მდიდარიც არ არის, რომ ჩვენ გვაცხოვროს.
ჩვენს შემოსავლებს თავადვე მივხედავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინანსურად არ გვიჭირდეს, მაგრამ მოხარული ვიქნებით, თუ ერთი ლარით მაინც დაგვეხმარებიან ჩვენი რიგითი ტელემაყურებლები და ამით მაინც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენს გვერდით არიან.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა "ვერსიამ" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელფასის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, თუმცა სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
ნახეთ| რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს
თაკო ესებუა
AMBEBI.GE