კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით

კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით

თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით"ალუბლის ფესტივალი გლუბოკოეში", "ტოპ-პიროვნებები მოლდოვაში", "რიგა – 2014", ქალაქ მალბორკის იუბილე - ეს იმ საზეიმო ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კახეთიდან გამგებლები და მათი ნათესავები, საკრებულოს თავმჯდომარეები და თანამდებობის სხვა პირები ესწრებიან. ხშირ შემთხვევაში, მივლინებები საერთოდ არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან, მაგრამ საბიუჯეტო თანხები იხარჯება. მაგალითად, 2015 წლის ივლისში, თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბელორუსში "ალუბლის ფესტივალში", რაზედაც ბიუჯეტიდან 5 310 ლარი დაიხარჯა.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მივლინებების რაოდენობის, მათი მიზნებისა და ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების დადგენის მიზნით, 2015 წლის 20 აგვისტოს, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. განცხადებაში ვითხოვდით, ადმინისტრაციულ ორგანოებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიეთითებინათ მივლინების მიზანი და მიღწეული შედეგი (ხელშეკრულების ან მემორანდუმის გაფორმება; კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა);

საჯარო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში მივიღეთ, ოღონდ ახმეტის და სიღნაღის გამგეობებმა არასულყოფილი სახით მოგვაწოდეს.

გამგებლის ცოლისძმა მივლინებაში

2013 წლის 16 - 19 მაისს - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2012" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 2956,0 ლარი;

2013 წლის 20 - 27 აგვისტოს ახმეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ქორეულაშვილი, გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლაგაზაური, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლირი ითიურიძე და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ უკრაინაში (ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონი), უკრაინის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3351,0 ლარი;

2013 წლის 19 - 23 სექტემბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ ლიტვაში (პანევეჟისის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაზე "მოსავალი-2013" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3786,0 ლარი;

2013 წლის 10 - 25 ოქტომბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ლოლაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი და საკრებულოს წევრი ვალერიან დედაბრიშვილი იმყოფებოდნენ ლატვაში (ლიგატნეს რაიონი), საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 4686,0 ლარი;

2013 წლის 18 - 22 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), ლატვიის რესბუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 987,0 ლარი;

2014 წლის 15 - 18 მაისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები თამაზ ქავთარაშვილი და კახაბერ ლოლაძე იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2013" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3114,3 ლარი;

2014 წლის 14 - 19 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "რიგა-2014" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3831,0 ლარი;

2015 წლის 14 - 18 მაისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2014" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 2584,0 ლარი;

2015 წლის 30 მაისი - 6 ივნისს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინანსისტთა კონფერენციაზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 5203,5 ლარი;

2015 წლის 6 - 13 ივლისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის მძღოლი) შმაგი ლაგაზაური იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 4356,0 ლარი; შმაგი ლაგაზაური გამგებლის, ბექა ბაიდაურის ცოლის ძმაა.

2015 წლის 26 ივნისი - 1 ივლისს, გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ მალბორკის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - მივლინების ხარჯებმა სულ შეადგინა 1537,0 ლარი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს მიმართა, უფრო მკაფიოდ დაეკონკრეტებინა მივლინებების მიზანი და მიღწეული შედეგები.

"მე ვთვლი, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა მიიწევს ევროინტეგრაციისკენ, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ როგორც ქვეყანა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა იცნობდნენ თავის მომავალ ევროპელ კოლეგებს. ამასთან, როდესაც მეგობრული ურთიერთობა დაწყებულია წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ? არ უნდა გავწყვიტოთ. ერთ წელს არ წახვალ, მეორე წელს არ წახვალ და მესამე წელს ურთიერთობა უკვე გაწყვეტილი იქნება, მეგობრული ხელშეკრულებაც დამთავრდება.

რის მიხედვით არჩევთ ვინ უნდა წავიდეს მივლინებაში?

- მე არ ვარჩევ. ხარჯებს იღებს მხარე, რომელიც იწვევს და აქედან გამომდინარე იქიდან მოდის სახელობითი სია, ვინ უნდა წავიდეს.

ერთ–ერთ მივლინებაში იმყოფებოდა გამგებლის მძღოლი შმაგი ლაგაზაური, რომელიც თქვენი ცოლის ძმაა. მასაც მოწვევა მოუვიდა?

- კი. ეს ხალხი იყო ჩამოსული ჩვენთან წინა წელს, თვითონაც ჰყავდათ მძღოლი ჩამოყვანილი და გამგებლის მძღოლი აქედან გამომდინარე გაიცნეს. აქ იმ ხალხს პატივი ვეცით, შემოვატარეთ კახეთი, დავათვალიერებინეთ და მძღოლი იყო მძღოლად და ატარებდა ამ ხალხს. აქედან გამომდინარე, მათი თხოვნა იყო, რომ იქნებ გამოუშვათ ეს. მხოლოდ ეს იყო მიზეზი და გამოუგზავნეს სახელობითი მოწვევა", - განაცხადა ბექა ბაიდაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა