მსოფლიოს ახსოვს შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მიზეზით ბავშვები გარე სამყაროსგან იზოლირებულად გაიზარდნენ. ამ ბავშვების ისტორიებმა თავის დროზე მსოფლიო შეძრეს. ფოტოგრაფმა ჯულია ფულერტონ-ბატენმა ამ ბავშვებს ფოტოპროექტი მიუძღვნა. მან თითქოს გააცოცხლა ეს ტანჯული პატარები და მათი ფოტოასლები შემოგვთავაზა.
კამალა და ამალა, ინდოეთი, 1920 წელი
1920 წელს 8 წლის კამალა და 18 თვის ამალა ინდოეთის ჯუნგლებში ქრისტიანმა მისიონერმა ჯოზეფ სინგჰომ იპოვა. გოგონები უმი ხორცისა და რძის მეტს არაფერს ჭამდნენ. ლაპარაკი არ იცოდნენ და არც ღამით ეძინათ. პატარა ამალა ერთ წელიწადში გარდაიცვალა, მისმა დამ კი კიდევ 8 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვის სწავლა მოახერხა.
ჯენი, აშშ, 1970
როცა ჯენი სულ პატარა გახლდათ, მამამისმა რატომღაც ჩათვალა, რომ გოგონა გონებრივად ჩამორჩენილი იყო. გოგონა მთელი დღის განმავლობაში საბავშვო უნიტაზის სავარძელზე იყო მიბმული სახლის ერთ მიყრუებულ ოთახში. ჯენიმ თითქმის 10 წელი გაატარა ამ მდგომარეობაში ისე, რომ პრაქტიკულად არც ამდგარა იქიდან. 13 წლის იყო, როცა სოციალურმა სამსახურმა რაღაც იეჭვა. გოგონამ ლაპარაკი არ იცოდა და ძალიან უცნაურად გადაადგილდებოდა. მშობლებს ბავშვი ჩამოართვეს და მასზე კვლევების ჩატარება დაიწყეს. ჯენიმ სიტყვების სწავლა დაიწყო და პატარა ტექსტების კითხვასაც შეუდგა. 1974 წელს კი მისი მკურნალობის დასაფინანსებელი პროგრამა შეჩერდა და გოგონა გონებრივად ჩამორჩენილთა დაწესებულებაში მოათავსეს.