თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

თუშეთის სასწრაფოსთვის ჩეხების ნაჩუქარ მანქანას მაღალჩინოსნები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

თუშეთის მაღალმთიან სოფლებში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. იქ სამედიცინო მომსახურების "სერვისი" ერთადერთი ექიმის, 74 წლის ირაკლი ხვედაგურიძის ადგილზე ყოფნით ამოიწურება. ექიმი ცხენით გადაადგილდება და ავადმყოფების მკურნალობას ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიურად გადარიცხული 1000 ლარით და არცთუ იშვიათად საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით ახერხებს. ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსება 2015 წლის იანვრიდან შემცირდა, მანამდე წელიწადში 1500 ლარს შეადგენდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრაგიკული შემთხვევების შედეგად დაზიანებული პირების ევაკუაციისათვის ვეტმფრენის გამოძახება გახდა აუცილებელი. მაგალითად, 2013 წლის 29 მაისს - ალიოშა ომაიძის გადასაყვანად, 2013 წლის 15 დეკემბერს - ელენე გიგოიძის გადასაყვანად, ასევე 2014 წლის 8 აგვისტოს - ერთ-ერთი ტრავმირებული პირის ტრანსპორტირებისთვის. მხოლოდ ამ სამ შემთხვევაში ვერტმფრენით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალიტეტს 16 125 ლარი დაუჯდა.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს დახმარება უცხოელმა დონორმა შესთავაზა. 2014 წლის დეკემბერში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - "თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას" საჩუქრად გადასცა მაღალი გამავლობის სრულიად ახალი, 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა - "მიცუბიში-პაჯერო", რომელიც იმავე წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (სახელმწიფო ნომერი - AH 087 HA). ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 28 669 ევროს.

"ურთიერთგაგების მემორანდუმის" თანახმად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აკისრია ზოგადი ვალდებულება - უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულებებია: უზრუნველყოს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის ნებართვის, ლიცენზიის და სხვა, მათ შორის, აღჭურვილობისა და მასალების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდება; უზრუნველყოს პროექტისათვის საჭირო საქონლისა და მიმწოდებელთა შერჩევა; უზრუნველყოს პროექტის შედეგების მიღწევა კოორდინაციისა და ორგანიზაციის კუთხით; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა საკითხების მოგვარება; უზრუნველყოს თანხების გამოყოფა დანართში მოცემული პროექტის აქტივობების განსახორციელებლად.

"ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთოდ არ განუხორციელებია მემორანდუმით ნაკისრი რომელიმე აქტივობა ავტომანქანის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღჭურვის ნაწილში (საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება; მიმწოდებელთა შერჩევა; სათანადო თანხების გამოყოფა და სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარება), რამაც არსებითაც შეაფერხა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი ვალდებულებების დროულად შესრულება" - წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

აღნიშნული ავტომანქანის გადაცემიდან ათი თვე გავიდა. ამ დროისთვის ავტომანქანა ფაქტობრივად გამოიყენება არა თუშეთის მოსახლეობისა და ტურისტების სამედიცინო მომსახურებისათვის, არამედ როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ა(ა)იპ-ის დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების საშუალება, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის.

"ჩეხეთის მხარე იძახის, სანამ არ აღვჭურვავ, მანქანა არავის მისცეთო. დონორი ორგანიზაციაა, მოგეხსენებათ და გვირჩევნია, რომ არ გავანაწყენოთ. თვითონ ისინი (ჩეხები) იყენებენ. ამ ზაფხულს, ალბათ მეტწილად მაგათ გამოიყენეს ეგ მანქანა, სიმართლე რომ გითხრათ. ისინი რომ ჩამოდიან თუშეთში, თითქმის სულ ჩეხებს ემსახურება ეგ მანქანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა