მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

მოტაცებული ბავშვობა და მოზარდი გოგონების კოშმარი გარდაბნის რაიონში

"პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი. უმაღლესი სასწავლებლისთვის ვემზადებოდი. სახლში დედასთან ერთად ვბრუნდებოდი, მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი ცემეს და ახლოს მდებარე წყლის არხში ჩააგდეს", - ამბობს 18 წლის გოგონა, რომელსაც პირობითად საბინას ვუწოდებთ.

საბინა წელს ორჯერ გაიტაცეს. ორივე ჯერზე ოჯახის დაჟინებით უკან დააბრუნეს. საბინა ამბობს, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვერ დაივიწყებს იმას, რაც მას შეემთხვა. როცა თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს, ხელები უკანკალებს, ხმა უწყდება და თვალები ცრემლებით ევსება.

საქართველოში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მოზარდი გოგონების მოტაცება ტრადიციად ითვლება და მას ქორწინების მიზნით "ქალის მოტაცება" ჰქვია. გარდაბნის რაიონშიც, სადაც საბინა ცხოვრობს, ნაადრევი ქორწინება ძალიან ხშირია. ოჯახის შექმნის მიზნით ზოგჯერ 14 წლის გოგონებსაც იტაცებენ.

"ჩემს ოჯახს უნდოდა, რომ მესწავლა და უმაღლესი განათლება მიმეღო. ამის გამო ადრეულ ასაკში ჩემს გათხოვებაზე უარი თქვეს. მაგრამ იმ ბიჭს, ვინც მე მომიტაცა, ეს არ ესმის. ძალით უნდა, რომ დავქორწინდეთ. ჩვენთან გოგონას მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია. არავინ ფიქრობს, ჩვენ რა გვინდა, რაზე ვოცნებობთ. ამის გამო რამდენი გოგოს ოცნებები აუხდენელი რჩება", - ამბობს საბინა.

გარდაბნის რაიონის სოფელ ქოსალის საშუალო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სკოლის მოსწავლე გოგონების მოტაცების შემთხვევები უფრო გახშირდა.

"მაღალ კლასში გადასვლის პარალელურად კლასში გოგონების რაოდენობა კლებულობს. იმის გამო, რომ 14-15 წლის გოგონების მოტაცების რისკი მაღალია, მშობლები იძულებულები არიან, ბავშვები სასწავლო პროცესს ჩამოაშორონ. შედეგად, სოფლებში მცხოვრები გოგონების უმეტესობას არასრული სასკოლო განათლება აქვს", - ამბობს ქოსალის სკოლის დირექტორი.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ საბინას უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება ძვირად დაუჯდა. წელს ის უკვე მეორედ გახდა ძალადობის მსხვერპლი.

"მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს. რომ არ მეყვირა, მცემეს. პირველი მოტაცების შემდეგ, იმ პირობით, რომ არ ვიჩივლებდით, ოჯახში დამაბრუნეს. მემუქრებოდნენ და მაიძულებდნენ, რომ პოლიციისთვის ჩვენების მიცემისას მეთქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი. შემეშინდა და მართლაც ასე დავწერე. ადვოკატმა პოლიციის განყოფილებიდან მალულად გამიყვანა და მათ თავი ასე დავაღწიე," -ამბობს საბინა.

გარდაბნის პოლიციის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში გოგონების გატაცებასთან დაკავშირებით პოლიციაში 20-ზე მეტი განცხადება შევიდა. აქედან მხოლოდ 2 მოძალადის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მხოლოდ 2 მათგანი დაისაჯა. დანარჩენებმა საჩივრები უკან გაიტანეს. საბინა კიდევ ერთხელ რომ არ მოიტაცონ, პირველი ჩვენება უნდა შეცვალოს და მოძალადის მიმართ სარჩელი შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე ისევ დაუსჯელი დარჩება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში