გამგებლის მძღოლის თავდასხმა ქისტებზე, რომელიც პოლიციამ არ გამოიძია

გამგებლის მძღოლის თავდასხმა ქისტებზე, რომელიც პოლიციამ არ გამოიძია

ვიდეომასალა სათაურით "ფშაველი ცემს ქისტებს (შმაგი ლაგაზაური - მაგარი ჩხუბი)" სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შმაგი ლაგაზაური ახმეტის გამგეობის თანამშრომელია, იგი გამგებლის ცოლის ძმაა. მანქანა, კი საიდანაც ლაგაზაური გადმოდის და ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ ეთნიკურ ქისტებს თავს ესხმის, გამგეობის საკუთრებაა და გამგებლის სარგებლობაშია. მას შემდეგ, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა და სხვადასხვა უწყებებს მიმართა, ვიდეომასალა youtube-დან წაშალეს, შს სამინისტრომ კი ცემის ფაქტზე გამოძიება ახლა დაიწყო.

ვიდეოდან ჩანს, რომ ინციდენტი 2015 წლის 6 აგვისტოს, 15:34 საათზე მოხდა. მასალა ვიდეოთვალყურის სისტემით არის გადაღებული, ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში მყოფი პირის მიერ, რომელიც დანაშაულის მოწმე გახდა.

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერდა შავი ფერის "ტოიოტა კამრი", საიდანაც გადმოვიდა მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი. ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხოების ღვედსაც არ იყენებს. იგი მიდის რამდენიმე მეტრში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაჩერებულ მამაკაცებთან, როგორც ვიდეოდან იკვეთება ეთნიკურ ქისტებთან, თავს ესხმის მათ და ფიზიკურად უსწორდება. თავდამსხმელის დასახმარებლად კიდევ ორი მამაკაცი მივიდა. ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ცდილობენ თავდამსხმელის შეჩერებას, მაგრამ ის მათ წინააღმდეგობას უწევს. ამის შემდეგ დამხმარეები მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებსაც გამოუჩნდნენ და ფიზიკური დაპირისპირება უფრო გამწვავდა. როდის ან როგორ დასრულდა დაპირისპირება, გავრცელებული ვიდეოდან აღარ ჩანს.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა youtube-ზე კერძო პირმა გაავრცელა, რომლის ვინაობასაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი არ აქვეყნებს. ვიდეომასალა მალევე წაშალეს, მას შემდეგ, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდარით დაინტერესდა.

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური ინდმეწარმე ვაჟა ქობროწაშვილს ეკუთვნის. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მას რამდენიმე კითხვით მიმართა:

-პოლიცია მოვიდა თქვენთან და ვიდეოჩანაწერი ამოიღეს?

-არა მგონია, არ მახსოვს, რა.

-ჩანაწერის ამოსაღებად პოლიცია დაგიკავშირდათ? თქვენს გარეშე ხომ ვერ ამოიღებდნენ?

-ვიღაცეები მოვიდნენ, გვაინტერესებს, აბა რა იყოო, რაღაცეები ჩანს იქ. იქ არ ვყოფილვარ მე. რაც თქვენ ნახეთ ვიდეოზე, მეც ეგ მაქვს ნანახი, კომპიუტერში იყო დადებული.

-ეს ვიდეოჩანაწერი პოლიციამ ამოიღო?

-ვინ ამოიღო ეგ ნამდვილად არ ვიცი.

-გამოძიებას უნდა მოემართა თქვენთვის და ჩანაწერი ამოეღოთ ოფიციალურად, როგორც მტკიცებულება.

-ეგ არ ვიცი არა, ეგენი (იგულისხმება პროცედურები) არ ყოფილა. ქისტები იყვნენო, ჩხუბი მოუვიდათო.

-ვისთან იჩხუბესო, რა გითხრეს თქვენმა თანამშრომლებმა?

-ეგ არ ვიცი. ღმერთს ვფიცავარ, არ ვიცი არაფერი".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა