რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე

რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე

"სისულელეა, რომ თითქოს ბედუკაძე პირადად ჩემთან ითხოვდა საუბარს, ჩემი ნახვა ვინმეს თუ უნდოდა, მნახავდა" - რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ბრალდებებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი.

ეკა კვესიტაძის გადაცემას მაყურებლისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, შესაბამისად, მოცემული დიალოგის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.

გადაცემაში რამდენჯერმე ახსენეს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისმა სახელმა გაიჟღერა ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერაშიც, რომ თითქოს, ინაშვილმა ბედუკაძეს გაუგზავნა თანხა, ბედუკაძე კი ინაშვილთან პირდაპირ საუბარს ითხოვდა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას გადაცემაში ხსენებული ბრალდებები ირმა ინაშვილმა უარყო. მისი თქმით, მას შეხება არ ჰქონია არც ლადო ბედუკაძესთან და არც თანხა გაუგზავნია მისთვის.

"გუშინ გასული გადაცემიდან ორი მომენტია, რომელიც კონკრეტულად მე მეხება. პირველი ის, რომ თითქოს სრულად არ გავავრცელე მასალა, რომელიც მქონდა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ვინაიდან მასალა სრულად იყო ატვირთული ინტერნეტში, უბრალოდ ტელევიზიები ძირითადად აშუქებდნენ და ვაწვდიდით იმ ფრაგმენტებს, სადაც ასახული იყო წამება და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა. იქ არის შავი მასალა, რომლის გავრცელებაც არ იყო აუცილებელი, და ჩემი ჩვენებებიდან ეს ფრაგმენტი ამას გულისხმობდა, თუმცა კვესიტაძის გადაცემაში ეს ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოღებული", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ინაშვილის განცხადებით, მან მთავარ პროკურატურას, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სრულად გადასცა ფარული კამერები, "რომელიც დათა აკობიამ გადაიღო, ასევე ვიდეოკამერების მთელი შავი მასალა არის პროკურატურაში".

"ყველა ვინც იმ პერიოდში მუშაობდა, "მეცხრე არხზე", "მაესტროზე" თუ სხვაგან, დამეთანხმება იმაში, რომ გუშინდელ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ნაჩვენები კადრები გავრცელებულია 2012 წლის სექტემბერში. რაზეც კვესიტაძე ამბობს, რომ თითქოს ეს კადრები პირველად მან აჩვენა და თითქოს მე არ გამივრცელებია".

ინაშვილი თქმით, გადაცემაში ნაჩვენები ჯღარკავა-ბედუკაძის ფარული მიმოწერა არის ტყუილი და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება არც მიმოწერის კონტექსტი და არც შინაარსი.

"იქ ნახსენები თანხა, არანაირი 27 000 არ არსებობს, ეს არის სისულელე. რამდენადაც ვიცი, ნინო ჯღარკავამ მიმართა პროკურატურას, რომ ამ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყალბი აღმოჩნდება.

სისულელეა, რომ თითქოს ბედუკაძე პირადად ჩემთან ითხოვდა საუბარს, ჩემი ნახვა ვინმეს თუ უნდოდა, მნახავდა, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ რა შუაშია ის დიალოგი და შინაარსი რაც ჩანაწერებშია - 27 000, ივანიშვილი, ინაშვილი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სამარცხვინო, უბრალოდ სასაცილო ტყუილი", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ აკეთებს გადაცემას ბოლო დღეებში უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ წამების კადრებზე.

"იმაზე ხომ არ გველაპარაკა, თუ ვინ აწამებდა ამ ხალხს, რომელი ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, და უნდა დიასაჯონ თუ არა ის დამნაშავეები, ვინც ამას ჩადიოდა. რა არის ამ კადრებში დადგმული? კაცს რომ მაგიდაზე აუპატიურებენ, ეს არის დადგმული თუ სხვა ფრამგენტები - რაც უკრაინულ საიტზე გავრცელდა და რამაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო?!. ეკა კვესიტაძეს ვურჩევ, გადაცემები ამაზე გააკეთოს და კარგად გაიხსენოს, ვინ იყვნენ ამ კადრების დამდგმელები და ორგანიზატორები. ვწუხვარ, რომ "რუსთავი 2" ტყუილის ტირაჟირებას თავს არ ანებებს და ისევ ბოროტების სამსახურშია. ალბათ არავის უკვირს, რატომ არ ვუცხადებ ამ არხს სოლიდარობას", - ამბობს ირმა ინაშვილი.

"განსხვავებულ აქცენტებში" გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ლადო ბედუკაძეც გამოეხმაურა.

ნახეთ| "ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

რაც შეეხება ნინო ჯღარკავას, აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღნიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ნინო ჯღარკავამ პრესკონცერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადაცემაში მოცემული "სქრინები" ფოტოშოფია და სიცრუეა. ამასთან, ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ის არ იცნობდა ლადო ბედუკაძეს და შეუძლებელი იყო მასთან მიმოწერა ჰქონოდა. ჯღარკავა "რუსთავი2"-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს პროკურატურასა და სასამართლოში უჩივის. ნინო ჯღარკავა ეკა კვესიტაძისგან ასი ათას დოლარს ითხოვს.

ნახეთ მეტი| გასული ღამის სკანდალის გმირის რეაქციები მას შემდეგ, რაც ეთერში ბედუკაძესთან მიმოწერა გავრცელდა

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას