ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგარეჯოს არჩევნებზე წერს:
"რას ვიზამდი, საგარეჯოში რომ ვცხოვრობდე?
1. წავიდოდი თუ არა არჩევნებზე? - კი, ყოველთვის დავდივარ.
2. გადავხაზავდი თუ არა ორივეს? - არა, პრინციპულად არ ვიქცევი ასე არასდროს. ნუ, ორივე ინაშვილი რომ ყოფილიყო ბიულეტენში, ალბათ მაშინ კი
3. ვის შემოვხაზავდი? - გულში შევუკურთხებდი ყველას, ვინც სასურველი კანდიდატის გარეშე დამტოვა და მერე შემოვხაზავდი ხიდაშელს.
4. და მთავარი, თუ არჩევნები გაყალბდა ხელისუფლების მიერ, აუცილებლად დავიცავდი ინაშვილის ინტერესებს.
ესაა ჩემი კომენტარი" - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოშიც და მარტვილშიც დათვლილია ყველა უბანი.
საგარეჯოში 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 34.43%, მარტვილში კი 39.99%. წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში გაიმარჯვა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა), ზურაბ ჯორბენაძე - 0.49% (75), მიხეილ ანდღულაძე - 1.81% (276), გიორგი დავითაია - 2.35%(358).
რაც შეეხება მარტვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა სოსო დანელიამ მოაგროვა 72.54% (9620 ხმა), ხოლო ეთერ მეძველიამ 27.45% (3641 ხმა)