წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისთვის. ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა მის გარეშე შეუძლებელია. თუ ცოცხალ არსებას წყლით მომარაგებას შევუწყვეტთ, გაცილებით სწრაფად დაიღუპება, ვიდრე შიმშილობისას. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) ყველა პროცესი წყლის მონაწილეობით მიმდინარეობს. წყალი უნივერსალური გამხსნელი და ბიოქიმიური პროცესების აქტიური კომპონენტია. ის სისხლის, ლიმფისა და ქსოვილოვანი სითხის შემადგენელი ნაწილია და მარილებთან ერთად ორგანიზმის შინაგანი გარემოს შექმნაში მონაწილეობს. მისი მუდმივი მიწოდება კი იმიტომ არის აუცილებელი, რომ ორგანიზმი მას განუწყვეტლივ კარგავს შარდთან, ოფლთან, განავალსა და ამონასუნთქ ჰაერთად ერთად.
წყალს კვებითი ფუნქციის შესრულებაც უწევს - არსებობს საკვები ნივთიერებანი, ვიტამინები, მინერალური მარილები, ცილები, ნახშირწყლები, რომლებსაც ადამიანი მხოლოდ წყალხსნარის სახით იღებს. წყალი ჩვენი ორგანიზმის უმთავრესი ბიოქიმიური არეა, ნივთიერებათა ცვლის დროს თითქმის ყველა მთავარი ბიოქიმიური რეაქცია წყლის არეში ხორციელდება. უწყლოდ წარმოუდგენელია სისხლის, გულისა და სისხლძარღვების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციობა (ეს უკანასკნელნი ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ უწყლობაზე - შარდთან ერთად ხომ სწორედ წყალს გამოაქვს გარეთ მავნე ნივთიერებები და წვის უვარგისი პროდუქტები, რათა ორგანიზმი არ მოიწამლოს).
ახალშობილის სხეულში წყლის ოდენობა საერთო მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ორგანიზმის ზრდის კვალდაკვალ მისი წილი მცირდება და მოწიფული ასაკისათვის 65%-მდე იკლებს, თუმცა ეს მაინც სჭარბობს ერთად აღებული ყველა დანარჩენი ელემენტის მასას. წყალი ყველაზე მეტი სისხლშია (92%). კუნთებში მისი ოდენობა 77%-ს აღწევს, შინაგან ორგანოებში - 87-86%-ს. ყველაზე ნაკლებ წყალს ძვლები (22%) და ცხიმოვანი ქსოვილი (30%) შეიცავს. მოხმარებული წყლის მასის ორგანიზმიდან გამოყოფილის მასასთან შეფარდებას წყლის ბალანსი ეწოდება. წყლის სადღეღამისო ბალანსი გარემოს, კვების, სმის რეჟიმის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორთა კვალობაზე მერყეობს.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში წყლის გაცემა მკვეთრად ძლიერდება - შესაძლოა, დღეში 5000-8000 მლ-ს მიაღწიოს. ორგანიზმიდან წყალი დიდი რაოდენობით გამოიყოფა დაძაბული კუნთოვანი მუშაობისა და სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს. ამ შემთხვევაში, მარილებით გაღარიბებისგან რომ დავიცვათ, ორგანიზმს წყალი უნდა მივაწოდოთ. ძლიერ წყურვილს იწვევს მლაშე საკვების მიღებაც, ვინაიდან ასეთ დროს ქსოვილებში ოსმოსური (მარილებით შექმნილი) წნევა იმატებს და ორგანიზმი ამის კომპენსირებას ითხოვს. ჩვეულებრივ, წყურვილს ასე განმარტავენ: ეს არის შეგრძნება, რომელიც ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა მისი ორგანიზმი წყალს კარგავს, ანუ უჯრედების გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) ხდება, ამიტომ აუცილებელია წყლის დეფიციტის შევსება, ეს კი წყლის მიღებით მიიღწევა. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ორგანიზმი წყალს ასეთი დიდი რაოდენობით იღებს და გასცემს, მარილებით ღარიბდება - ისინი ხომ ინტენსიურად გამოიყოფა ოფლსა და შარდთან ერთად. ბევრს ჰგონია, რომ წყურვილის მიზეზი გამშრალი ყელია და თუ მას გავისველებთ, წყურვილს დავიოკებთ.
შესაძლოა, ოღონდ მხოლოდ რანდენიმე წუთით, ვინაიდან მიზეზები, რომლებიც ამ შეგრძნებას იწვევს, გაცილებით ღრმაა. როცა ორგანიზმი წყალს კარგავს, უჯრედებში, უწინარეს ყოვლისა - სისხლში, იზრდება ოსმოსური – მარილებით შექმნილი წნევა. წყლის მოცულობის შემცირებისას უჯრედებში მარილთა კონცენტრაცია იმატებს, შედეგად კი ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ირღვევა. ორგანიზმებს, რომლებიც მოკლებულნი არიან წყლის სმის შესაძლებლობას, ქსოვილთაშორისი სითხე ნორმალურ პირობებთან შედარებით კონცენტრირებული აქვთ.