ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერის ბორტზე კი 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. დაღუპულთაგან 17 ბავშვია (3 მგზავრი - უკრაინის, დანარჩენი კი - რუსეთის მოქალაქეა)...
ამ შემზარავმა ტრაგედიამ ერთი კვირიც წინ, ერთ-ერთ კინოთეატრში ნანახი სომხური ფილმი - "შეწყვეტილი ფრენა" გამახსენა, რომელიც კომპანია "გრანი კინომ" წარმოგვიდგინა. ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება და სწორედ იმ ადამიანების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც 2006 წლის 3 მაისს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპნენ... მათი სხოვნის უკვდასაყოფად კი სოჭში ძეგლი დგას...
ბოლო დროს მსგავსი საშინელი ავიაკატასტროფა, სხვადასხვა მიზეზით, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად ხდება, რაც ადამიანებს ძალიან ამწუხრებს. შემზარავ ფაქტებს მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან, მათ შორის, პატარებიც...
31 ოქტომბერს, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინას ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინას მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. როგორც "რია ნოვოსტი" ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, თვითმფრინავის ნამსხვრევები ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში იპოვეს. თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი - სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ხოლო ჩემ მიერ ნახსენებ სომეხი რეჟისორის ფილმში, რომლის თბილისური პრემიერა ახლახანს შედგა, ლაინერი A-320 ერევანი-სოჭის მიმართულებთ ასრულებდა ფრენას. დაშვებისას მოულოდნელად ვარდნა განიცადა და ბორტზე მყოფი 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამასთან, 113 ადამიანური ისტორიასა თუ ამბავს დაესვა წერტილი...
ფილმის სიუჟეტი კონკრეტულად, ერთ-ერთი ლამაზი სიყვარულის ფონზე ვითარდება, რომელიც საბედისწერო რეისმა შეწყვიტა. ეს იყო, სიყვარული, რომელსაც ნებისმიერი სირთულისა თუ წინააღმდეგობის დაძლევა შეეძლო, მაგრამ უბედურ შემთხვევას წინ ვერ აღუდგა...
დრამამ დარბაზში მყოფი მაყურებელი ემოციური განცდების გარეშე ვერ დატოვა. ფილმის სცენარის შექმაში რეალური გმირი, გოგონა მონაწილეობდა, რომლსაც შეყვარებული ავიაკატასტროფამ წაართვა. როგორც გვითხრეს, სწორედ ამ გოგონას თანხმობით მოხდა ფილმის გადაღებაც, რომლის სიუჟეტი არა მხოლოდ სიყვარულზეა აგებული, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსა და ღირსებაზე, ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. მაგრამ რთულმა ცხოვრებისეულმა ვითარებამ ერთ-ერთი მთვარი გმირი იმ საბედისწერო რეისზე აღმოაჩინა, რომელიც ასე ტრაგიკულად დასრულდა...
დარბაზში მყოფებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავიაკატასტროფისას გარდაცვლილ ადამიანებს...
მოკლედ, 31 ოქტომბეს ბევრი ასეთი სიყვარული შეწყდა, დაობლდნენ პატარები, დაქვრივდნენ მეუღლეები, - ვინ იცის, რამდენი შვილმკვდარი მშობელი დარჩა... გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, რომელიმე მათგანის ამბავიც დაედოს საფუძვლად ფილმის, სპექტაკლისა თუ წიგნის შექმნას.
ჩვენ თითოეული გარდაცვლიის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE