მახინჯი შენობების საპრივატიზაციო ლაბირინთები

მახინჯი შენობების საპრივატიზაციო ლაბირინთები

ლანჩხუთში, ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და საპრივატიზებო გეგმის შესახებ განკარგულებაში, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღეს, რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს თანხმობით ცვლილებები გახორციელდა. გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, გოგი ფაცურიას თქმით, აღნიშნული ცვლილება საპრივატიზაციო ნუსხაში ახალი ობიექტების დამატებამ განაპირობა.

როგორც გაირკვა, გასასხვისებელ ობიექტთა ნუსხას დაემატა ლანჩხუთის ყოფილი სპორტული სკოლის შენობა, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია და წლებია უფუნქციოდაა, სპორტული სკოლის კონტიგენტი კი საცურაო აუზის შენობაშია შეხიზნული.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, ადგილზე მდგომარეობის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილობრივი გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, ვითარების შესწავლის შემდეგ გადაწყდა, რომ აღნიშნული შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.

რაც შეეხება ახალ სპორტულ დარბაზს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს თემა ისევ აქტუალური გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის კურსში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც იყო, რომელიც ლანჩხუთში სტუმრობისას გაეცნო სპორტდარბაზის ჯერ კიდევ 2007 წელს დამტკიცებულ პროექტს, მოიწონა და საკითხის დადებითად გადაჭრაში დახმარებასაც შეგვპირდა.

საბოლოოდ, მინისტრმა გაცემული პირობა ვერ შეასრულა. თუმცა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტისთვის და 2015 წლისთვის გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში დარბაზის მშენებლობას აუცილებლად შეიტანდა. საბოლოოდ, კი ჯერი ზემდგომ ინსტანციებზე იყო - გაიღებდა თუ არა საამისოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ლანჩხუთში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის საკითხი ვერც მიმდინარე წელს განხორციელდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.

გარდა ძველი სპორტული სკოლისა, საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა ყოფილი სასტუმროს შენობის პირველი სართული, ყოფილი ნავთძიების შენობის მეორე სართული და მონადირეთა კავშირის ყოფილი შენობაც. თუმცა, გასასხვისებელ ობიექტთა ნუსხიდან ამოვარდა ქალაქის ცენტრალურ სკვერში მდებარე საპირფარეშოს შენობა, რომელიც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2012 წელს ააშენა და რაზეც, დაახლოებით, 48 ათას ლარამდე დაიხარჯა.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილის აზრით, გაუმართლებელი და დაუშვებელია, იქ, სადაც ადრე სასაფლაო იყო, საპირფარეშო ფუნქციონირებდეს. ოპონენტთა თქმით, იგივე ლოგიკით, იქ არც "ტაშ-ფანდურის" მოწყობა უნდა იყოს გამართლებული. არადა, ქალაქის სკვერი ერთადერთი ადგილია, სადაც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა.

ამ ობიექტთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია უფუნქციოდ დგას და დღითიდღე ნადგურდება, ლანჩხუთის ხელმძღვანელობას, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება არ გააჩნია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა