ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალქალაქში მოკლული, სარქის აკოფიანის საქმესთან დაკავშირებით, ის ექსპერტი დაკითხეს, რომელმაც გარდაცვლილის მანქანა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. ახალქალაქის საექსპერტო ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტმა, შალვა ზარიძემ შემთხვევის ადგილი დეტალურად გაიხსენა. ზარიძემ პროცესზე განაცხადა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, გარდაცვლილი მანქანიდან გადმოსვენებული დახვდა.
ზარიძე ამბობს, რომ მანქანის დათვალიერებამდე გარშემო ტერიტორია დაათვალიერეს, საიდანაც გასროლილი 10 მასრა, სიგარეტის ნამწვი, ორი ბოთლი და ქურთუკი ამოიღეს. ეს ნივთები, სავარაუდოდ, აკოფიანის მკვლელს ეკუთვნის. მისი თქმით, მან გარდაცვლილის ტანსაცმელსაც ჩაუტარა ექსპერტიზა. სხეულიდან 3 ლითონის ნაწილი ამოიღეს.
"შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, იმ მანქანის დათვალიერება მოვახერხეთ, რომელიც აკოფიანს ეკუთვნოდა. მანქანაში აკოფიანის ჩანთა იდო, ჩანთიდან პლასტიკური ბარათები, ტელეფონები და მაკაროვის ტიპის იარაღი ამოვიღეთ", - განაცხადა ექსპერტ-კრიმინალისტმა შალვა ზარიძემ.
პროცესის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი სარქის აკოფიანის დები ბრალდებულების ახლობლებს სასამართლოს ეზოში დაუპირისპირდნენ და ხელითაც შეეხნენ.