გია მაისაშვილმა რამდენიმე თვის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გულშემატკივართა მხრიდან ამაღელვებელ წერილებსა და კომენტარებს იღებდა. მეგობრები, ახლობლები თუ უბრალოდ უცნობი ადამიანები მის გამხნევებას ცდილობდნენ. პოლიტიკოსი დროდადრო საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტებს აქვეყნებს. გია მაისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს იტყობინება:
"დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ ვინც ამდენი თვეების მანძილზე იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გადამიღეს გეგმიური ტომოგრაფია თავზე. ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ, ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!
გენერალური შეტაკება გამარჯვებით დასრულდა, წინ დიდი მიზნებია და საბოლოო გამარჯვება! სიცოცხლემ სულ სხვა საზრისი შეიძინა, არა მატერიალური, ახლა მთავარი ისაა, რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებს", - წერს მაისაშვილი.