"ეს იქნება კორუფციული გარიგება კონკრეტული ბიზნესის და ბიზნესმენების სასარგებლოდ" - დავით ზურაბიშვილი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდაზე

"ეს იქნება კორუფციული გარიგება კონკრეტული ბიზნესის და ბიზნესმენების სასარგებლოდ" - დავით ზურაბიშვილი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდაზე

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდას ეხმაურება:

"მე ავტომანქანა არა მყავს და არც მემსახურება. ტარებაც კი არ ვიცი და აწი ალბათ აღარც მეცოდინება, მაგრამ აქციზის გადასახადი რომ იზრდება 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ამაზე მაინც უნდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.

რაც მე თავი მახსოვს ქართულ პოლიტიკაში, უშუალოდ დაინტერესებული წრეების მხრიდან სისტემატურად არის მცდელობა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდონ იაფი ავტომანქანების იმპორტი. მიზანი მარტივია: ავტომანქანების შემოყვანა შეეძლოს მხოლოდ მათ, ვისაც ბევრი ფული აქვს, ანუ მსხვილ, ფაქტობრივად მონოპოლურ კომპანიებს და ამ საქმით დაკავებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, როგორც არასასურველი კონკურენტი, მოისპოს.

ასეთი მცდელობები იყო შევარდნაძის დროს - არ გამოუვიდათ. შემდეგ უკვე სააკაშვილის დროს სცადეს იგივე - ასევე არ გამოუვიდათ. ახლა უკვე მესამედ ცდილობენ და ვშიშობ, გამოსდით..

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თუ აღნიშნული ნოვაცია ვითომ ეკოლოგიური, საცობებსაწინააღმდეგო თუ სხვა რამ ყალბი საბაბით ძალაში შევა, ეს იქნება ტიპიური კორუფციული გარიგება კონკრეტული ბიზნესის და ბიზნესმენების სასარგებლოდ. მეტი არაფერი.

P.S. ჟურნალისტი რომ ვიყო, აუცილებლად დავინტერესდებოდი, ვინ ლობირებს ამ საქმეს და ვისი ინტერესებია აქ ჩადებული", - წერს ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი – 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს