ფეისბუქ-გვერდი, რომელიც თურქული სერიალების აკრძალვას და მოდელირებული რუის-ურბნისის კრების ჩატარებას გეგმავს

ფეისბუქ-გვერდი, რომელიც თურქული სერიალების აკრძალვას და მოდელირებული რუის-ურბნისის კრების ჩატარებას გეგმავს

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" გვერდმა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" საინტერესო და უჩვეულო ღონისძიება შექმნა - "რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოდელირება". "ყურადღება ყურადღება!!! უპრეცენდენტო შემთხვევა და "იმენა ინოვაცია"! ახალგაზრდული სამხედრო, სასულიერო და არასამთავრობო ორგანიზაცია ჯ.ი.ი.პ "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" წარმოგიდგენთ - პირველი ქართული ისტორიულ "რუის-ურბნისის საეკლესიო კრების" მოდელირებას" - ვკითხულობთ ღონისძიების ანოტაციაში.

ვინ არიან გვერდის ავტორები, რატომ ჰქვია გვერდს ასეთი ხმამაღალი სახელი და რა მიზნები ამოძრავებთ "მოდელირებული კრების" ავტორებს, ამის გარკვევას AMBEBI.GE "ნიკოფსიიდან დარუბანდამდეს" შემქმნელებთან შეეცადა, თუმცა მათ ანონიმურად დარჩენა არჩიეს:

- "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" არის იმ ფრაზის ნაწილი, რომელიც დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალურია ("მთავარია დავითის დროს ვიყავით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"). ცოტა პროტესტის გამომწვევია ის, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა მხოლოდ წარსულზე ტირის და არ ცდილობს დაინახოს, თუ რა ხდება, ან სწორედ მათი ძალისხმევით რა შეიძლება მოხდეს.

-რა მიზნით შეიქმნა ეს გვერდი?

- რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიქმნა ეს გვერდი, მიზეზი მარტივია. დეკემბრის პირველი ნახევარი ყველა ახალგაზრდისთვის სტრესული პერიოდია, სტუდენტებისთვის გამოცდების, აბიტურიენტებისთვის გამოცდებისთვის მზადების, მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდებისთვის მზადების და ა.შ გვერდის შექმნის მთავარი მიზანი, რამაც გაამართლა, იყო ის, რომ აქ შემოსვლა, პოსტების წერა, ან კითხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილიყო. იდეა კი იქიდან დაიბადა, რომ მოგეხსენებათ მოდელირებები და სიმულაციები საკმაოდ აქტუალურია დღეს და არ არსებობს სამიტის, ფორუმის, კავშირის ან ნებისმიერი სხვა სტრუქტურის მოდელირება, რომელიც არ გაკეთებულა. ესეც ერთ-ერთი მოარული ფრაზის ("ბარემ რუის-ურბნისის მოდელირებაც ჩაატარონ") გაცოცხლება და გაშარჟებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ისტორიას დავცინით და არც ისტორიულ ფიგურებს, რაც ხალხის მცირე ნაწილმა მაინც ვერ გაიგო.

ჯერჯერობით დიდად არ აქტიურობთ, რატომ?

- მოგეხსენებათ რუის-ურბნისის კრებაა ე.ი 1104 წელი, ვაქტიურობთ, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის შიდა სამზარეულოში. 1121 წელს ნახეთ თქვენ აქტიურობა!

ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმას და საქართველოს ამ საზღვრებში დაბრუნებას?

- პოლიტიკაში ჩართვას აუცილებლად ვაპირებთ და გამარჯვებაშიც დარწმუნებულები ვართ. გამარჯვების შემდეგ პირველ რიგში, თურქულ სერიალებს შევუტევთ, შემდეგ მათ იმპორტირებულ კარტოფილს და პომიდორს, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა, მონარქიას აღვადგენთ. ქვეყნის სამართავად კი დიდ ქართველ რაინდსა და სამეფო გვარს მოვუხმობთ. ყველაზე მთავარი კი, რაც დაგეგმილი გვაქვს, არის თურქული შაურმის აკრძალვა!

რა საერთოა 12-ე საუკუნესა და 21-ე საუკუნის საქართველოს შორის?

- მსგავსებაზე მეტად განსხვავებები უფროა. მე-12 საუკუნეში ცხენებს კატალიზატორები არ ჭირდებოდათ, მარჯვენა უნაგირიანი ცხენებიც არ იყო აკრძალული. მსგავსება ალბათ რაინდშია, უბრალოდ 21-ე საუკუნეში მხოლოდ ერთი გვყავს.

რამდენადაც ცნობილია, აპირებთ ქოსფლეის (კოსტუმირებული თამაში) - რუის-ურბნისი კრებას, რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება და როგორი იქნება ქოსფლეი გეგმა?

- ხალხის აქტიურობამ და დაინტერესებამ იმით, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ, გვაჩვენა რომ შეიძლება რაიმე საინტერესოს გაკეთება და ასე ვთქვათ "გამოთლა" ამ პროექტისგან. ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვაქვს მოფიქრებული რას გავაკეთებთ, მაგრამ აუცილებლად შემოგთავაზებთ რაიმე საინტერესოს.

მონაწილეობა ვის შეეძლება და როგორ?

- რაც შეეხება მონაწილეობას, მონაწილეობა შეეძლებათ დიაცებს (სიძვის დიაცებსაც!), თავადებს, შეჩვენებულებს, რაგბისტებს, ყივჩაღებს, ქვრივ-ოხრებს, უგვაროებს, გლეხებს, საჭურისებს, მაგრამ არა ქიმიის მასწავლებლებს და სამშობლოს ღალატში ბრალდადებულებს!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს