შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს "კოკაინის საქმეში" მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით წინასწარ 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული და მთლიანობაში 1.5 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. ელისაშვილმა იმ პირის ვინაობა, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, არ დაასახელა.
"კონკრეტული თანამდებობის პირი შემხვდა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას და კობახიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ აღებული 200 000 დოლარი და მათ დაჰპირდნენ მილიონნახევარს თუკი ისინი მოახერხებდნენ შეწყალების გზით გათავისუფლებას. ამას ვერ ვიტყვი ვინ არის ეს პირი.
ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო რამდენიმე დეტალს ვიტყვი. 2013 წლის 26 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ დავინიშნე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. დანიშვნის დღიდან, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ინტერესდებოდნენ მხოლოდ ერთი საქმით, ეს იყო ე.წ. კოკაინის საქმე და ამ საქმის ფიგურანტებით. მათ არც ერთი სხვა საქმე არ აინტერესებდათ. ათასობით მსჯავრდებულია ციხეში, თუმცა მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას არც ერთის ბედი არ აინტერესებდათ "კოკაინის საქმის" ფიგურანტების გარდა. ხან მირეკავდნენ, ხან მესიჯებს მიგზავნიდნენ, ხან მათი სახელით ადვოკატი მოდიოდა. ეს საქმე პირველ ჯერზე ავტომატურ უარში მოხვდა, რადგან კრიტერიუმებს ვერ ექვემდებარებოდა. მათი დაპირებული დასკვნები და შუამდომლობები დაგვიანებით გამოიგზავნა, ამიტომ დეკემბრის შეწყალებაში ისინი უარში მოხვდნენ. ამის შემდგომ, სააღდგომო შეწყალების წინ, არნახული ინტერესი იყო ბესელიას და კობახის მხრიდან. მათ არც ერთი მსჯავრდებულის საქმე არ აინტერესებდათ, მათ აინტერესებდათ მხოლოდ ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, კობახიძეს და ბესელიას სურდათ, რომ განსაკუთრებული წესით გაეტანა ეს საქმე შეწყალების კომისიაზე, დადებითი რეკომენდაცია მიეღო და გადაგზავნილიყო პრეზიდენტთან დადებითი რეკომენდაციით. "ანუ უნდოდათ ციხიდან გათავისუფლება ამ ადამიანების. ეს იყო ისტერიული და კატეგორიული მოთხოვნა", - აღნიშნა ელისაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე არ ასახელებს თუ კონკრეტულად რომელი პატიმრის შეწყალებას მოითხოვდნენ აღნიშნული მაღალჩინოსნები.
"კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული რამდენიმე ადამიანია. სახელებს და გვარებს მე აქამდეც არ ვამბობდი იმიტომ, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში. ეს ადამიანები სანამ მსჯავრდებულები არიან, მე ყველა მსჯავრდებულის უფლებას და ღირსებას ვცემ პატივს, რის გამოც არ უნდა იყვნენ გასამართლებულები. არც გვარებს ვიტყვი. ეს ადამიანები არიან ჩაკეტილ სივრცეში და რაც არ უნდა ჩემზე ილაპარაკონ, მე მათ უფლებებს არ დავარღვევ", - განაცხადა ელისაშვილმა.
მანვე ოთხი კონკრეტული მოთხოვნა წამოაყენა ამ საქმესთან დაკავშირებით: "ნულოვანი ნდობა მაქვს პროკურატურისადმი. არ ვენდობი ამ პროკურატურას, რადგან ჩაფარცხვისკენ მიდის საქმე და არა გამოძიებისკენ. მოვითხოვ შეუჩერდეს საპროკურორო საბჭოს წევრობა ეკა ბესელიას. ის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საპროკურორო საბჭოს წევრობით ახორციელებს ზედამხედველობას და ზეწოლას პროკურატურაზე. პროკურატურას პირველ რიგში ეს უნდა გაეკეთებინა.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გოგაძე არის დამნაშავე დანაშაულის დაფარვაში. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუმცა მან არაფერი იღონა საქმის გამოძიებისთვის. მან იცრუა, რომ ბადაშვილს არ შევხვედრივარ ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა მან მტკიცებულებებიც გაანადგურა, გააუქმა ვიდეოჩანაწერები და ა.შ. შეუჩერდეს მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება. დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მივმართავ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველვყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. მე მზად ვარ ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდო ამ კომისიას. ასევე შეუჩერდეს მანანა კობახიძეს ვიცესპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილება", - აღნიშნა ელისაშვილმა.
იხილეთ ასევე: "ბესელიამ გამოთქმები შეარჩიოს და თათხვას მოეშვას" - ელისაშვილი
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.