ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა

ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა ლექსი "ნუ მწერ" მიუძღვნა

"ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,/ რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,/ რომ საქართველო ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს./ რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი/ და შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის,/ რომ მტკვარი ღელავს, როგორც ყოველთვის,/ როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის./ ...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს/ და საშინელი ბრძოლების ნისლში/ მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან/ აელვებული იდგა თბილისი./ ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,/ მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,/ და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, მოჰყავდი ხვითოს

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი/ ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,/ რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით/ და დილისათვის ამწვანებს ნახნავს./ მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს/ მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,/ და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს,/ თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -/ გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,/ რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,/ ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების" - 1943 წელი, პრიჩისტიე...

ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ერთ დღეს მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუზე მისულმა შევიტყვე, რომ თინა მაქსიმალაშვილი ანუ ადამიანი, რომელსაც მირზა გელოვანმა ეს გენიალური ლექსი მიუძღვნა, ბახვას ბებია ყოფილა. "ნუ მწერ" ბევრ ადამიანს გამორჩეულად უყვარს, მის ადრესატზე კი ცნობილი თითქმის არაფერია. თავის დროზე ქალბატონ თინასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაუკარებია. ეს ექსკლუზივია პოეტის გაუმხელელ სიყვარულზე. ამბავი, რომელიც დასავიწყებლად არ უნდა გაიმეტო და რომელიც შთამომავლობას უნდა უამბო. ჩემი რესპონდენტები თინა მაქსიმელაშვილის ქალიშვილი, ქეთევან კობალაძე და შვილიშვილი - ბახვა ბრეგვაძე არიან.

ქეთევან კობალაძე:

- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერეკლე მეფის შთამომავლობის მეშვიდე თაობა იყო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 17-18 წლის იქნებოდა, როცა მირზა გელოვანი გაიცნო და დამეგობრდნენ. მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. ნიკა აგიაშვილი, ლადო ასათიანი... მოგეხსენებათ, ომი რომ დაიწყო, მირზა წაიყვანეს. ლექსების უმეტესობაც ომიდანაა გამოგზავნილი. მირზა გელოვანის პოეზია გამორჩეულად მიყვარს. ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედას მეგობარი იყო.

- მასზე დედა რას გიამბობდათ?

- მირზაზე ნაკლებად ლაპარაკობდა. დეიდაჩემი ბერიასთან მუშაობდა და წერილები, რომლებსაც მირზა დედას სწერდა, გაანადგურეს. დედა მხოლოდ იმას ამბობდა, - ძალიან წესიერი, ჭკვიანი, კეთილი, სუფთა სულის მქონე, განათლებული ადამიანი იყოო. სახეზეც ეტყობა, რომ ასეთი იქნებოდა. მირზა სამეგობროში გამორჩეულად უყვარდათ. მეგობრები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. ომში რომ წავიდა, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მას დედას მეგობარი - ნონა ლასხიშვილი მოსწონდა. დედას და მას, როგორც მეგობრებს, მიწერ-მოწერა სულ ჰქონდათ. თავის მშობლებს ერთ წერილში სწერს: ზამთარში თინამ რომ იები გამომიგზავნა, სულ ჯიბით დამაქვსო.

ამონარიდი მშობლებისა და დების სახელზე გამოგზავნილი წერილიდან (სტილი დაცულია): "...როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან, იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს.

თინასგან იები დამრჩა სახსოვრი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს"...

ქეთევან კობალაძე:

- დედასთვის მირზა კარგი მეგობარი იყო. მოგვიანებით სულ იმით იმართლებდა თავს, - რომ მცოდნოდა, მირზას ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა, ჩემი გათხოვების ამბავს ხომ აღარ მივწერდიო?!

- ანუ დედათქვენმა მირზას გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა?

- არა. მირზა მას არც ომში წასვლამდე და არც შემდგომ წერილებში სიყვარულში არ გამოტყდომია, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვა... 1944 წელს დედამ მისწერა, გავთხოვდიო. სწორედ მაშინ გამოუგზავნა ძალიან მძიმე და ტკივილით სავსე ლექსი - "მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა", რომელიც შემდეგნაირად სრულდება: "...დღეს გადავწყვიტე, ვერასოდეს ვეღარ შევხვდებით/ სიყვარულს შენსას ერქვას გაცემა./ ო, შენ რომ არა... შენი ხელის მკვლელი შეხება,/ მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა". ლექსი ფრონტიდანაა გამოგზავნილი, 1944 წლით თარიღდება. მირზას თავისი გრძნობების შესახებ დისთვის - რუსუდანისთვის მიუწერია... რუსუდანი დედაჩემზე ცოტათი განაწყენებულა, - გათხოვების ამბავი რატომ მისწერაო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ დედამ არაფერი იცოდა.

- დედათქვენი რამდენი წლის წინ გარდაიცვალა?

- მარტში 9 წელი სრულდება. დედასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ სცადეს, რეზო ჩხიკვიშვილიც ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაიკარა. ამბობდა: მირზა ჩემთვის ბოლომდე მეგობრად დარჩება, ამ ამბის საჯაროდ მოყოლა არ მინდაო.

- ლექსი რომელიც დედათქვენს ეძღვნება, იწყება სიტყვებით: "ნუ მწერ..." საინტერესოა, ამ ლექსს რომელი წერილი უდევს საფუძვლად?

- ეს მართლა საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მირზას საღამოებზე და ძეგლის გახსნაზე დედა სულ დადიოდა. იწვევდნენ, როგორც მის მეგობარს. დედა მაჩაბელზე, მწერალთა სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა და არაერთი მაშინდელი პოეტის მუზა იყო. დედას 6 და ჰყავდა, ყველანი ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ.

- მითხარით, წერილები, რომლებსაც მირზა დედას ფრონტიდან უგზავნიდა, გაანადგურესო. რატომ ან ვინ გაანადგურა? განაგრძეთ კითხვა

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რა ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე