როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ

როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ

დღეს ვერავის გააკვირვებ სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებთან განქორწინებით. მსგავსი ინფორმაცია პრესაში აჟიოტაჟს იწვევს, თუმცა, მოგვიანებით ყოფილი პირველი ქალბატონები ყველას ავიწყდება. ჩვენს სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ წარიმართა ყოფილი მეუღლეების ბედი პრეზიდენტებთან განქორწინების შემდეგ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლე

განქორწინების შემდეგ ჟურნალისტებმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პუტინს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ისევ დაქორწინებას. რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი, ლუდმილა უნდა გაათხოვოს. ბევრმა მაშინ პუტინის სიტყვები ხუმრობად მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი სულაც არ ხუმრობდა. მედია საშუალებებმა ახლახან გამოქექეს, რომ ლუდმილა პუტინა 2015 წლის თებერვალში გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. ლუდმილა ოჩერეტნაიას ამჟამინდელი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნია - პიროვნული და კომუნიკაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრს დიდი ხნის განმავლობაში ლუდმილა პუტინა კურირებდა, სწორედ იქ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ყოფილი მეუღლე

სესილია სარკოზიმ პირველი ლედის როლში მხოლოდ 5 თვე დაჰყო, 2007 წლის შემოდგომაზე კი ელისეს სასახლემ წყვილის განქორწინების თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. ამბობენ, რომ პრობლემების მიზეზი ნიკოლას ეგოიზმი და უხეში მოქცევა გახდა. როგორც არ უნდა იყოს, სწორედ სესილია გამოიჭირეს ჯერ კიდევ 2005 წელს პირველად საყვარელთან, რიშარ ატიასთან ერთად. განქორწინებიდან ნახევარი წლის შემდეგ სესილიამ ატიასთან ნიუ იორკში, როკფელერ-ცენტრში ხელი მოაწერა. წყვილი დღემდე ნიუ იორკში ცხოვრობს. სესილია ამჟამად განვითარებად ქვეყნებში ქალთა უფლებების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობს, 2013 წელს კი ავტობიოგრაფიული წიგნი "ჭეშმარიტების სურვილი" გამოსცა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ყოფილი მეუღლე

იმის მიუხედავად, რომ წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ვალერი ტრიერვეილერი 2 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველ ლედად მიიჩნეოდა, სანამ 2014 წელს პრეზიდენტმა არ გამოაცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. ამ ამბავს წინ უძღოდა ჭორი ოლანდისა და მსახიობ ჟიული გაიეს რომანის შესახებ. დაშორების შემდეგ, განათლებით ჟურნალისტმა ვალერიმ გამოსცა წიგნი "გმადლობ ამ მომენტისთვის", რომელიც ოლანდთან ურთიერთობის ცხოვრებისეულ მომენტებს გულახდილად აღწერდა. იგი დღემდე დროდადრო "ბწკენს" ოლანდს სოციალურ ქსელში. მაგალითად, გასულ შემოდგომაზე გამოაქვეყნა მაისურის ფოტო წარწერით: "მე მეტისმეტად სექსუალური ვარ ყოფილისთვის".

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთხელ პაპარაცებმა ვალერი ალენ დელონთან ერთად კაფედან გამოსვლისას გამოიჭირეს და ჩათვალეს, რომ მათ რომანი აქვთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ საქმიანი შეხვედრა იყო. თავად დელონმაც კატეგორიულად უარყო ყოფილ პირველ ლედისთან რაიმე კავშირი. შემდეგ პრესამ ვალერის ამერიკელ პროგრამისტთან ჰანი იაკანთან რომანი მიაწერა. ამასთან, "ქალბატონი როტვეილერი" (ასე შეარქვეს მას რეპორტიორებმა) დღემდე ცოფდება ოლანდის სახელის ხსენებისას: გასული წლის მაისში ვალერიმ ერთ-ერთ პარლამენტარს სილა გააწნა, როდესაც მან ქალს ჰკითხა, "როგორ არის ფრანსუა?". მამაკაცმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა და სასამართლოს მეშვეობით ფსიქიატრთან იძულებითი მკურნალობით დაემუქრა.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის ყოფილი მეუღლე

ყოფილი მსახიობი, ლამაზმანი ვერონიკა ლარიო იტალიის პრემიერ-მინისტრს 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2009 წელს დასცილდა, როდესაც ყელში ამოუვიდა მეუღლის უთვალავი რომანი სხვა ქალებთან. 2015 წელს სასამართლო განაჩენის თანახმად, 59 წლის ვერონიკა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1,4 მილიონ ევროს იღებს. ამის გარდა, ყოფილმა მეუღლემ მას 2010 წელს მილანის გარეუბანში მდიდრული ვილა დაუტოვა. თუმცა, მედიასაშუალებების ცნობით, გასულ წელს ვერონიკამ მილანში მეტად მოკრძალებული, მაგრამ მყუდრო სახლი შეიძინა, რადგან ქალაქსა და გარეუბანს შორის "ხეტიალი" მობეზრდა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ყოფილი მეუღლე

სვეტლანა კოლესნიკი უკრაინის მესამე პრეზიდენტის ყოფილი ცოლი გახლავთ. იგი საჯაროობას ერიდება, ამიტომაც მასზე ინფორმაცია ძალზედ მწირია. უკრაინის ერთ-ერთმა ტელეგადაცემამ ნამდვილი გამოძიება ჩაატარა, რომ სვეტლანას წარსულსა და აწმყოზე რაიმე მაინც შეეტყო. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ იგი 1959 წელს დაიბადა, სუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და სოფელ ულიანოვკაში უკრაინულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ვიქტორ იუშენკო, იმჟამად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ულიანოვსკის განყოფილების ეკონომისტი, 70-იანი წლების დასასრულს გაიცნო და მალევე გაჰყვა ცოლად, მათ ორი შვილი შეეძინათ. ამბობენ რომ, ვიქტორი და სვეტლანა ძალიან ლამაზი წყვილი იყო. 90-იანი წლების ბოლოს ოჯახში უთანხმოება გაჩნდა, მას შემდეგ კი, როცა სვეტლანამ მეუღლის პიჯაკის ჯიბეში ეკატერინა ჩუმაჩენკოს ფოტო აღმოაჩინა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ახლობლების თქმით, სვეტლანამ განქორწინება მძიმედ გადაიტანა - შავ სამოსს ატარებდა და საზოგადოებას ერიდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჭორების თანახმად ვინმე ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის იონ ფრედერიხ რაინფელდტის ყოფილი მეუღლე

შვედეთის ექს-პრემიერ მინისტრი იონ ფრედერიხ რაინფელდტი მეუღლეს, ფილიპა ჰოლმბერგს 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. განქორწინების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ჭორების თანახმად, ფილიპამ მეუღლეს ღალატი არ აპატია - პრემიერ-მინისტრის კოორდინატები ჩხრეკის დროს შვედი მეძავი გოგონას კომპიუტერში აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ რაინფელდტი მისი კლიენტი იყო. განქორწინების შემდეგ ფილიპამ დეპრესია დაივიწყა, თავს მოერია და ბავშვების აღზრდითა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით დაკავდა - იგი სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოში ჯანდაცვის დეპარტამენტს კურირებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს