რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

სკოლებში ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" შემოღება საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვის საგანი გახდა. საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართვა-პეტიცია გაავრცელეს, სადაც პროგრამის საფრთხეებზე მიუთითებენ. აღნიშნულ განცხადებაში ასევე მოყვანილია თემები, რომლებიც პეტიციის შემქმნელების თქმით, მოქალაქეების ნაწილის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს.

რას ითვალისწინებს ახალი საგნების სწავლება, აქვს თუ არა კავშირი გავრცელებულ ციტატებს საგანმანათლებლო პროგრამასთან და რას პასუხობს სამინისტრო განცხადების ხელმომწერებს? ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, რას ითვალისწინებს საგნების "მე და საზოგადოება" და "მე და საქართველო" სწავლება? რის სწავლებას აპირებს ამ საგნებით განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის?

- ამ ეტაპზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დამუშავება გრძელდება. ყველა ის თემა, რომლებიც სხვადასხვა საგნებში გაფანტული იყო, არაეფექტურად ისწალებოდა, რადგან საგნის მასწავლებლები საგანზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ, ვიდრე ჩართულ თემებზე. კვლევამ გვიჩვენა, რომ ეს არაეფექტურობა შემდგომ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. თემები თავმოყრილია ერთ საგანში საზოგადოებრივ მეცნიერებების ჯგუფში, რომლის სამუშაო სახელწოდება გახლდათ "მე და საზოგადოება". მესამე-მეოთხე კლასში საგან "მე და საზოგადოების" და მეხუთე-მეექვსე კლასში "ჩემი საქართველოს" სწავლება ითვალისწინებს მოსწავლის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლის, მეგობრების, თემის, ზოგადად, საზოგადოების მიმართ. მოსწავლეს ასწავლის ზრუნვას გარემოზე, სამშობლოზე, კულტურაზე, რაც თითოეული მოსწავლის ცნობიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მიზანმიმართულად გავრცელებულ განცხადებებს, თითქოსდა ეს საგანი ითვალისწინებს მამათმავლობის და სხვადასხვა სექსუალური მიმართულებების სწავლებას, არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსებს უნდათ ყურადღების მიქცევა, მაგრამ ალბათ არაკეთილსინდისიერი მოქმედებაა, როდესაც ამ მიზნით მესამე-მეოთხე და მეხუთე-მეექვსე კლასების საგანმანათლებლო პროგრამებს იყენებენ.

- აქვს თუ არა კავშირი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მასალებს ახალ პროგრამასთან?

- ჩვენი თხოვნაა ყველა დაინტერესებულმა პირმა სამინისტროდან გამოითხოვონ "მე და საზოგადოების" და "ჩემი საქართველოს" სტანდარტი და პროგრამა. შენახულია ყველა ვერსია, რომელიც მუშავდებოდა, თუ ვინმე გვაჩვენებს, სად წერია მსგავსი თემები, სად არის ასეთი მოთხოვნა ან რესურსები, მზად ვართ, პასუხი ვაგოთ. თუ არა, ალბათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ ადამიანების პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვინც ასე მიზანმიმართულად ახდენს განათლების სისტემის დისკრიმინაციას, განათლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებების გავრცელებას და ამ მხრივ, გარკვეული დივიდენდების შეძენას საკუთარ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის აქტივობებში.

- საუბარი იყო, რომ აღნიშნული მასალები სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე განთავსდა.

- ეს მასალები არ არის დაკავშირებული პროგრამასთან და არც საიტზე ყოფილა განთავსებული. სტატიაში მოყვანილი ციტატები მოყვანილია "კომპასი" და "კომპასიტოდან". 2004 და 2009 წლებში გამოცემული მასალა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თარგმნა და დაბეჭდა, როგორც არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო. ის არ არის არც ამ სტანდარტთან, არც საგნის სტანდარტთან დაკავშირებული. ეს არ არის გრიფირებული სახელმძღვანელო, არ შედის სკოლებში.

- აპირებს თუ არა სამინისტრო დასახელებული სახელმძღვანელოებიდან რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოყენებას?

- არა, რადგან საგნის მიზანი და იქ მოყვანილი ციტატები ერთმანეთთან არანაირად არ არის დაკავშირებული. აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხებია. ყველა რესურსი, საგნის დასანერგად შეიქმნება სტანდარტის დამტკიცების შემდეგ. სტანდარტის დამტკიცებას მოყვება სახელმძღვანელოების შექმნა და გრიფირება. შემდეგ არის მეთოდური მასალების შექმნის ეტაპი, მასწავლებლების მომზადების ტრენინგ-მოდულების შექმნა.

- განცხადებას საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავს, რას ეტყოდით მათ?

- განცხადების ავტორებს და ხელმომწერებს ვეტყოდი, რომ ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ საკითხს, თუ რაზე აწერენ ხელს, წაიკითხონ პირველწყარო. ნამდვილად უნდა გადაესინჯათ, არის თუ არა ეს სამინისტროსთან, ან სკოლაში სასწავლო პროგრამებთან რამენაირად დაკავშირებული. ვფიქრობ, ისინი შეცდომაში შეყვანილი არიან.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "...მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ - მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი?!" - სანიკიძემ არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია