შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბევრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს, აღარ შუძლია წელში მოხრა, ჩაიბურტყუნებს ხანდახან: რა დრო იყო, ქალო, მე რომ გაცმევდი წინდებს დეკემბრის რიცხვებშიო, თომას ველოდებოდით არა მაშინ? - მკითხავს ხოლმე, თითქოს შენს მეტს კიდევ დავლოდებოდეთ ვინმეს... ასწევს მერე თავის დაძარღვულ, გაცრეცილ ხელებს და მხრებზე ჩამომაწყობს. დაბერდა შვილო მამაშენი, ისე დაბერდა, მეტკინება ხოლმე მხრები და ღუმელის ანთებას მოვიმიზეზებ, რომ გავითავისუფლო. ხვდება, განა ვერა ხვდება, რომ აღარ შეუძლია...
შემოვდგამ მერე უბეგამოჟანგული ვედროთი წყალს, ღორებს რომ თბილი საჭმელი დავუსხა, ცოდონი არიან. ისეთი სუსხია, ისეთი, რომ ჩვენ წიქარას ცინდლები მიეყინება ხოლმე დრუნჩზე. მე ყოჩაღადა ვარ, დედა გეაცვალოს, სანამ შემეძლება, დავიკაპიწებ ხელებს და იმხელა ქვაბში ამოვიყვან ყველს, იდაყვამდე რომ დამიშრატიანდეს... იმ დიდ ქვაბში ვაგროვებ რძეს, ლიანა მამიდამ რომ მაჩუქა ქალაქში წასვლის წინ... ყველა მესამე დღეს მინდა ხოლმე აქა მყავდე, დედი, ამოგიღო შენს კარლსონიან ჭიქაში ჯერ არ ამოყვანილი ყველი... მერე რა გულიანად იცოდი ხვრეპა ბოლოში დარჩენილი შრატისა, ნეტავ ხომ არა გწყინდა ჩემი შენიშვნები ამ საქციელზე...
აღარავინ დარჩა სოფელში, დეე, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხამენ წყალწყალა ღვინოს არგაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშვის მუშტის ხელა ბოქლომს და მოდიან. შემეშინდება ხოლმე ცაცოაანთ უბანში გავლისა, მომაყრიან ქოქოლას ბოქლომ დადებული სახლის ზღურბლები და შემეშინდება ხოლმე, დედი. ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი... განაგრძეთ კითხვა