"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა

"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა

სიკვდილი რომ გარდაუვალია, ეს ყველამ იცის. თუმცა, ზოგი ძალიან მარტივი მიზეზით, მაგალითად, ფეხის გადაბრუნებით კვდება, ზოგი კი, გარდაუვალ სიკვდილს სასწაულებრივად აღწევს თავს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგითხრობთ სტატიაში:

ერთი საათი წყალქვეშ

ეს შემთხვევა ექიმებმა აღწერეს, როგორც სასწაული. 2 წლის გოგონამ უჰაეროდ 1 საათი გაძლო. 1986 წელს მიშელ ფანკი მდინარის პირას ძმასთან ერთად თამაშობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. იგი 60 წუთის შემდეგ იპოვეს. მაშველები ვერ გრძნობდნენ გულისცემას, ბავშვის სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 19 გრადუსი იყო. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა სპეციალური აპარატით სისხლის გათბობა დაიწყეს. 3 საათის შემდეგ გოგონას გული ამუშავდა. ვარაუდობენ, რომ მიშელის სიცოცხლე ცივმა წყალმა გადაარჩინა, რომელმაც სხეული გაყინა. ამჟამად, გოგონა თავს შესანიშნავად გრძნობს, თითქოს ის უბედური შემთხვევა არც კი მომხდარა.

დახვრეტის შემდეგ გადარჩენილი

1915 წლის 15 მარტს ვენსესლაო მოგუელი, რომელიც რევოლუციონერების მხარეს იბრძოდა, ტყვედ აიყვანეს და დახვრეტა მიუსაჯეს. რევოლუციონერი კედელს მიაყენეს და 9 ტყვია დაახალეს, მათ შორის ერთი - საკონტროლო. ჯარისკაცები დარწმუნებული იყვნენ, რომ მოგუელი მოკლეს და იქაურობას გაეცალნენ. მაგრამ ვენსესლაო გონს მოვიდა, შეძლო თავისიანებთან მიღწევა და მას შემდეგ მშვიდად და დიდ ხანს იცოცხლა. ფოტოზე ვენსესლაო NBC -ს შოუზე "გჯერა თუ არა?" იარის დემონსტრირებას ახდენს 1937 წელს.

47-ე სართულიდან გადმოვარდნილი

სტატისტიკის მიხედვით, მე-11 სართულიდან ვარდნის შემთხვევაში, სიკვდილიანობა თითქმის 100%-ს შეადგენს. მხოლოდ ერთეულები თუ გადარჩებიან. მაგრამ 47-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გადარჩენა მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა. ალკიდ მორენო, რომელიც ცათამბჯენების ფანჯრების მწმენდავად მუშაობდა, 2010 წელს ძმასთან ერთად შენობის 47-ე სართულზე ავიდა სამუშაოს შესასრულებლად, როდესაც პლატფორმა კედელს მოსწყდა და მიწაზე დაენარცხა. საბედნიეროდ, ალკიდმა პლატფორმაზე ჩაჭიდება და მასზე დაწოლა მოახერხა, რისი წყალობითაც კონსტრუქციამ ამორტიზატორის როლი შეასრულა. მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ალკიდს ფეხების მოტეხილობა 10 ადგილას აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი. მიუხედავად ამისა, ალკიდი სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას. ამჟამად იგი ნორმალურად დადის, აღუდგა მეხსიერება და მეტყველება. სამწუხაროდ, მისი ძმა ვარდნისას დაიღუპა.

თავის ტვინის სერიოზული ტრავმა

ფინეას გეიჯი - ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც სრულფასოვანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 1840 წელს ამფეთქებელი გეიჯი ვერმონტის მაღაროში მუშაობდა, როდესაც მავთულის წვის დრო ვერ გათვალა. ნაღმი ფინეასისგან 20 მეტრში აფეთქდა, რის გამოც მისგან ახლო მდებარე რკინის სარმა მას თავი გაუპო. ექიმებმა შეძლეს ფინეასის ტვინიდან 30 დეფორმირებული ნამსხვრევის ამოღება, მაგრამ მამაკაცს სახის მარცხენა მხარის კანტუზია განუვითარდა, რის შედეგადაც გარკვეული ფსიქიკური ცვლილება განიცადა.

ადამიანი ნახევარი თავით

2010 წელს მსოფლიო ინტერნეტ ქსელი ფოტომ მოიარა, რომელზეც ნახევართავიანი მამაკაცი იყო გამოსახული. ფოტოს რეალურობაში ბევრს ეჭვი შეეპარა, რაც გასაგებიცაა - იგი სინამდვილეში სრულიად წარმოუდგენლად გამოიყურება. ფოტო ნამდვილი აღმოჩნდა. მამაკაცს კარლოს როდრიგესი ქვია, მეგობრებში ცნობილი, როგორც "ნახევარა". როდრიგესი საშინელ ავიაკატასტროფაში მოჰყვა, საქარე მინა თავით გაიტანა და ავტომობილიდან გადმოვარდა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ნეიროქირურგიისა და ნეიროპლასტიკის წყალობით, კარლოსი გადარჩა.

ალპინისტი, რომელმაც საკუთარი ხელი მოიჭრა

1975 წელს დაბადებული აარონ ლი რალსტონი, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი და მოწოდებით ალპინისტი, იძულებული გახდა ლოდის ქვეშ მოყოლილი საკუთარი ხელი მოეჭრა. უბედური შემთხვევა 2003 წლის აპრილში იუტას შტატში (აშშ) მოხდა კანიონლენდსის ეროვნულ პარკში. 300 კილოგრამიანი ლოდი დაგორდა და ალპინისტის მარჯვენა ხელი მოიყოლა. რალსტონს კანიონზე ასვლის გეგმები არავისთვის გაუზიარებია, ამიტომ იცოდა, რომ მის ძებნას არავინ დაიწყებდა. აარონმა ამ მდგომარეობაში 4 დღე გასტანა. როდესაც სასმელი წყალი გაუთავდა, საკუთარი შარდის დალევა დაიწყო. საკუთარი სახელი კანიონის კედელზე ამოკაწრა (დაღუპვის სავარაუდო თარიღით) და გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა ტელეფონით. შემდეგ გაიაზრა, რომ მას უკვე დასაკარგი არაფერი აქვს და ბრძოლა განაგრძო. იგი შეეცადა, მკვეთრი მოძრაობით გათავისუფლებულიყო, მაგრამ ამ დროს ხელი მოიტეხა. შემდეგ კი ბლაგვი დანით ხელი მოიჭრა. აარონმა შეძლო 20-მეტრიან კედელზე ჩამოსვლა და განაგრძო გზა თავის გადასარჩენად. საბედნიეროდ, მას გზად ტურისტები შეხვდნენ, რომელთაც მაშველებს გამოუძახეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ აარონ ლი რალსტონმა წიგნი სახელწოდებით "გამოუვალ მდგომარეობაში" გამოსცა, რომელშიც უბედური შემთხვევა აღწერა. იგი დღემდე განაგრძობს ალპინიზმს, ჰყავს მეუღლე და შვილი. ამ შემთხვევაზე 2010 წელს ფილმი "127 საათი" გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს.

ქალი, რომელმაც თავის ტვინზე ოპერაციის დროს იმშობიარა

24 წლის ეკატერინბურგელი იულია შუმაკოვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა, გონება დაკარგა. იულია 32 კვირის ორსული იყო. გამოკვლევამ თავის ტვინში ათეროსკლეროზი გამოავლინა. მსგავსი დაავადებით ადამიანების 96% ცოცხალი საავადმყოფომდეც ვერ აღწევს. ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ჩაეტარებინათ ერთდროულად ტვინის ოპერაცია და საკეისრო კვეთა. გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ყველაფრის მიუხედავად, დედაც და ბავშვიც გადარჩნენ.

ბავშვი იშვიათი სიმსივნით, რომელიც ორჯერ დაიბადა

კერი მაკკარტნი 4 თვის ორსული იყო, როდესაც ექიმებმა ნაყოფის სხეულზე გრეიპფრუტის ზომის საშიში სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც ბავშვის სისხლის ცირკულაციას ხელს უშლიდა და გულს ასუსტებდა. მედიკოსებმა გადაწყვიტეს, ბავშვის გადარჩენა ეცადათ. ნაყოფის ფეტალური ქირურგიის ცენტრის (ტეხასი, აშშ) ექიმებმა ქალი მუცელზე გაჭრეს, ნაყოფი სანახევროდ ამოიყვანეს და სიმსივნე მოკვეთეს, რის შემდეგაც ბავშვი უკან შეაბრუნეს. ორსულობის დარჩენილმა 10-მა კვირამ გართულების გარეშე ჩაიარა. კერი მაკკარტნიმ საჭირო დროს იმშობიარა, ამგვარად, მისი ქალიშვილი პირველი ორჯერ დაბადებული ბავშვია მსოფლიოში.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს