რა საფრთხის შემცველია წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები

რა საფრთხის შემცველია წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები

ლიტერატურულ ნაწარმოებებს 4 ენაზე - ქართულად, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად - კითხულობს. წერს ჩანახატებს, ლექსებს... თანამედროვე ქართველ მწერლებს დიდად არ სწყალობს. როგორც გვითხრა, ერთ-ერთი ავტორი შემოელანძღა კიდეც... თამამ და უდავოდ განათლებულ იუნა შაფათავასთან ინტერვიუ მის ცხოვრებაში წიგნის როლზე საუბრით დავიწყეთ.

- გახსოვს, პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე?

- ბავშვები საკუთარი სურვილით არ კითხულობენ. ჩემი მშობლები სწავლას ისე მაძალებდნენ, რომ ეს პროცესი მძულდა! არდადეგებზე ბავშვები რომ ისვენებდნენ, ჩვენ შემდეგი წლის სასწავლო მასალას "გვტენიდნენ". ტყუპისცალი და მყავს. ერთმანეთს სულ ვეჯიბრებოდით, ვინ რას წაიკითხავდა. ასე რომ, მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის კლასიკა, სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები, ლეგენდები წამიკითხავს. დეას (ჩემი დის) ჯიბრით რას არ ვიზამდი?

- დაძალების ფონზე, როგორ მოხდა, რომ წიგნის კითხვა მაინც შეგიყვარდა?

- მე და ჩემს და სკოლაში "ეტალონს" გვეძახდნენ და ამ სტატუსს შეჩვეული რომ ხარ, საუკეთესო უნდა იყო! მერე ხვდები, რომ მაგარია, როცა კლასელები თუ სკოლელები პირდაღებულები გიყურებენ. ხომ ხედავ, განათლების მხრივ, დღესაც ვერავინ მერჩის.

- საკუთარი სიამოვნებისთვის კითხვა როდის დაიწყე?

- ბავშვობაშივე. ეს შეგრძნება კითხვასთან ერთად "მოდის"... გაგეცინება და, "ფანტომასი" რომ წავიკითხე, შოკი მივიღე... ადრეულ ასაკში ძალიან სერიოზული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. ეს ცუდი არ არის, რადგან ამ დროს გემოვნება გიყალიბდება და "ნაგავს" ვეღარ კითხულობ. ჩემთვის თანამედროვე ავტორების წიგნების კითხვა რთულია, რადგან "ცარიელია". იშვიათად, რომ რამე მომეწონოს.

- დამისახელე წიგნი, რომელმაც შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა...

- ძლიერი ზეგავლენა? ერთ-ერთი პირველი, სტენდალის "წითელი და შავი" იყო. ამ ნაწარმოების წაკითხვისთვის ძალზე მცირე ასაკის გახლდით - ჯერ თინეიჯერიც არ ვიყავი. უბრალოდ, მსოფლიოს კლასიკური ნაწარმოებები ყველა ოჯახში იდო... ის ეპიზოდი მახსოვს, ეტლში მგზავრობისას მატილდა დე ლა-მოლს საყვარლის მოკვეთილი თავი მუხლებზე რომ ედო... სხვათა შორის, დიუმას ნაწარმოებები ბავშვებისთვის საფრთხილო წასაკითხია. XVIII-XIX საუკუნეებში გოგონებს სასიყვარულო რომანების კითხვას ხომ უკრძალავდნენ? პრინციპში, ეს სწორი იყო. მაგალითად, "სამ მუშკეტერში" ბევრი ეროტიკაა. მიმაჩნია, რომ გოგონებისთვის სახიფათოა.

- წიგნებში ამოკითხული ეროტიკული ეპიზოდები საშიშად რატომ მიგაჩია?

- წაკითხულს აანალიზებ და რასაც საზოგადოება გასწავლის, იმის მიმართ პროტესტის გრძნობა გიჩნდება. თურმე, "სწორი არ არის", რასაც კითხულობ. არადა, წიგნებში სასწაული ადამიანების საოცარ მაგალითებს ეცნობი, რომლებზეც საზოგადოება გეუბნება, რომ ნაცრისფერი არარაობები იყვნენ. ხომ ვერ დაეთანხმები? რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო ხვდები, რომ არჩევანში თავისუფალი ხარ. ხიფათი ის არის, რომ მერე საზოგადოების წესები არაფრად მიგაჩნია. ყველანაირად ანტისისტემური ვარ და ეს უბრალოდ, ხიფათია...

- საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ადარებ? ცხადია, შენი ავტობიოგრაფიული წიგნის მთავარი გმირის გარდა...

- ჩემი წიგნი ჟურნალივით წასაკითხია. მხატვრულობაზე პრეტენზია არ აქვს. უბრალოდ, ამბავია გადმოცემული. მგონი, საინტერესოა, რადგან ვინც წაიკითხა, მიხვდა, რისი თქმა მინდოდა. არ ვამბობ, რომ სერიოზული მწერალი ვარ. საერთოდ, ჩემს მხატვრულ ნაწარმოებებს აბსოლუტურად განსხვავებული სტილით ვწერდი - მისტიკანარევი ფილოსოფია იყო. საკუთარ თავს იმ პერსონაჟებთან ვაიგივებ, რომლებსაც თავად ვქმნი, მაგალითად - ჩემი დაწერილი მოთხრობის - "კირა რეინკარნაცია" მთავარ გმირთან, რადგან ნაწარმოები ჩემზეა. ყველაფერი, რაც სამუდამო სიყვარულთან და დაუსრულებელ გრძნობებთანაა დაკავშირებული, ჩემ შესახებაა (იღიმის). იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს მოეწონოს, ეს თვითგამოხატვის საშუალებაა... თანამედროვე ფრანგი მწერლები ძალიან მომწონს, რადგან ფრანგულ კლასიკაზე გავიზარდე. მათი სტილი, ცხოვრება, თავისუფლება ჩემთან ძალიან ახლოსაა.

- შენს წიგნთან დაკავშირებით, ყველაზე დასამახსოვრებელი შეფასება რა მოგისმენია?

- ემიგრანტები ძალიან მგულშემატკივრობენ: მირეკავენ, მწერენ, - გვეგონა, ყველაზე ცუდ დღეში ჩვენ ვიყავით, მაგრამ შენ ბევრად მეტი გადაგიტანია. თუკი შენ ეს შეძელი, ჩვენც გადავიტანთო. მადლობას მიხდიან და ჩემთვის მთავარი შეფასება ეს არის.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს