რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს

რა ინფორმაცია მიაწოდა ვანო მაჭავარიანმა პროკურატურას - საგამოძიებო უწყება დაკითხვის დეტალებს ავრცელებს

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ ექსპერტ ვანო მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოწმის სახით ვანო მაჭავარიანის გამოკითხვა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

პროკურატუს ინფორმაციით, გამოკითხვისას გაირკვა, რომ ვანო მაჭავარიანისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას მსგავსი სახის ვიდეომასალა არ უნახავს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად ფაცებოოკ გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს", რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. "ლინკი", რომელიც დასათაურებული იყო "სკანდალური კადრების" სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული "ვირუსის" შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის "ფაცებოოკ" გვერდზე მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. "ჰაკერული" თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი ფაცებოოკ გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა "ჰაკერულ" თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა ფაცებოოკ-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ფაცებოოკ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ფაცებოოკ გვერდის დათვალიერებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ