ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა

ტუნგუსკის მეტეორიტის ამოუხსნელი საიდულო - 1908 წლის აფეთქება, რომელიც ჰიროსიმას მასშტაბს სამჯერ აღემატებოდა

1908 წლის 30 ივნისს (ძველი სტილით 17 ივნისს) ციმბირში, მდინარე ენისეის აუზის თავზე დიდი სიჩქარით მოძრავი უზარმაზარი ცეცხლოვანი სფერო გამოჩნდა. მდინარე პოდკამენაია ტუნგუსკას თავზე ციური სხეული აფეთქდა.

უძლიერესმა აფეთქებამ, რომლის სიმძლავრეც 40-50 მეგატონით ფასდება (შედარებისთვის, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 15 კილოტონა იყო), რამდენიმე წამში 2000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გაშლილი გაუვალი ტყეები ნაფოტებად აქცია. დაზიანების ფართობის სიდიდე ციური სხეულის ჰაერში აფეთქებამ განაპირობა. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ხეები მაშინვე დაიწვა, მოშორებით მყოფი კი ფესვიანად ამოიგლიჯა მიწიდან.

ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში აფეთქებამ სახლებში მინები და ფანჯრები ჩაამსხვრია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ წარმოქმნილმა დარტყმის ტალღამ დედამიწას ორჯერ შემოუარა. ძლიერი ბიძგები ლონდონში მდებარე სეისმოსადგურმაც კი დააფიქსირა.

ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩრდილო განედებში, ატლანტიკის ოკეანიდან ცენტრალურ ციმბირამდე, მოსახლეობა წელიწადის ამ დროისთვის მეტად უჩვეულო მოვლენის - პოლარული ციალის მომსწრე გახდა. ატმოსფეროს ზედა ფენებში გამოწვეულ მაგნიტურ ქარიშხალთან ერთად, ეს ფაქტი ტუნგუსკაში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი თანმხლები მოვლენა იყო.

ციმბირის ცაში მომხდარი უცნაური მოვლენიდან საუკუნეზე მეტი გავიდა. თუმცა 1908 წელს პოდკამენაია ტუნგუსკას თავზე მომხდარი მძლავრი აფეთქება დღემდე მეცნიერების დავისა და პოლემიკის საგნად რჩება. ტერმინი - "ტუნგუსკის მეტეორიტი" ამ მოვლენას პრესამ შეარქვა. თავად სპეციალისტები ამ თემაზე საუბრისას ტერმინს "ტუნგუსკის ფენომენი" იშველიებენ.

ათობით ექსპედიციის მიერ აქტიური ძებნის მიუხედავად, დღემდე ტუნგუსკის მეტეორიტის არცერთი მცირე ფრაგმენტიც კი არ უპოვიათ. პოდკამენაია ტუნგუსკას რაიონში პირველი ექსპედიცია, აფეთქებიდან 13 წლის შემდეგ მოეწყო. მას რუსი მეცნიერი ანატოლი კულიკი ხელმძღვანელობდა. რთულ პირობებში მრავალთვიანი მუშაობის მიუხედავად, ექსპედიცია ხელცარიელი დაბრუნდა.

ანალოგიური ბედი შემდგომი წლების განმავლობაში მრავალმა საბჭოთა და უცხოურმა ექსპედიციებმაც გაიზიარა. დამტკიცება იმისა, რომ ეს მეტეორიტი იყო, ან ამ ვერსიის 100%-ით უარყოფა ვერცერთმა მეცნიერმა შეძლო.

ბევრი ვერსია არსებობს. სპეციალისტთა ნაწილი მომხდარს ყინულის მასისგან შემდგარ მეტეორიტს უკავშირებს. ღია კოსმოსში მსგავსი სხეული მრავლადაა. ამ ვერსიის მიხედვით, ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოსული გახურებული მეტეორიტი აფეთქდა. ყინული გადნა და, შესაბამისად, მეტეორიტის ყოველგვარი კვალი აორთქლდა.

არსებობს სხვა ვერსიებიც. მათ შორის ანტიმატერიის აფეთქება, უცხოპლანეტელების ხომალდის კატასტროფა, ასტეროიდის ჩამოვარდნა. ერთ-ერთი ვერსია გენიოს ფიზიკოსს ნიკოლა ტესლასაც უკავშირდება.

მისი ცხოვრება დღემდე საიდუმლოებებითაა მოცული. ელექტროენერგიაზე და დენზე ტესლას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები დღესაც აუარებელ კითხვას ბადებს.

"ჩვენი სამყარო ენერგიის უკიდეგანო ოკეანეშია ჩაძირული. ჩვენ უსასრულო სივრცეში წარმოუდგენელი სიჩქარით მივფრინავთ. ყველაფერი გარშემო ბრუნავს, მოძრაობს - ეს ენერგიაა. ჩვენს წინაშე გრანდიოზული ამოცანა დგას - აღმოვაჩინოთ ამ ენერგიის მიღების წყაროები", - ამბობდა ტესლა.

მეცნიერის ექსპერიმენტების მთავარი ობიექტი სხვადასხვა სიხშირის დენი და ზოგადად, ელექტროენერგია იყო. ტესლას სჯეროდა, რომ სპეციალური მოწყობილობით ნებისმიერ დისტანციაზე ელექტროენერგიის გადაცემას შეძლებდა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ გზით ღამე ოკეანეში გემებს გზას გაუნათებდა. არსებობს ვარაუდი, რომ ტუნგუსკის ფენომენი სწორედ ტესლას ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგია.

წაქცეული ხეების სახით, 1908 წლის მოვლენების შედეგის ხილვა ტუნგუსკას რაიონში დღესაც შეიძლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს