წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000

წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000

ახმეტის მუნიციპალიტეტს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაახლოებით 2.800.000 ლარი გამოეყო. ერთ-ერთი პროექტის სახით მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა შეირჩა. სამშენებლო სამუშაოები იმავე წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა მუნიციპალიტეტის გამგებლმა ისე გადაავადა, სანამ ნაწილობრივ გაკეთებული ნაგებობა ადიდებულმა მდინარემ არ წაიღო.

2013 წლის 28 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA130014177) ქალაქ ახმეტაში მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების სახელწიფო შესყიდვის მიზნით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 262.300 ლარს.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყო 2013 წლის 17 ივლისს და დასრულდა 22 ივლისს. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა პრეტენდენტმა მიიღო, მათგან გამარჯვებულად კი გამოცხადდა შპს "MSHEN-GROUP მშენ-გრუპი" (სარეგისტრაციო კოდი - 400028395), რომლის შეთავაზებული საბოლოო ფასი 185.998 ლარს შეადგენდა.

2013 წლის 2 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №232 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების მიწოდების ვადა 2013 წლის 1 დეკემბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.

2013 წლის 27 აგვისტოს, სამუშაოების მიღების აქტების საფუძველზე, გამგეობამ „მშენ-გრუპს“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 55.799 ლარი გადაურიცხა.

ამის შემდეგ კი ორივე მხარემ დაიწყო ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც, მაღალი ალბათობით, მიზნად პროექტის ჩავარდნას ისახავდა. კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც იმ პერიოდში ახმეტის გამგეობაში მუშაობდა, საინფორმაციო ცენტრების ქსელს განუცხადა: „ერთიც და მეორეც გაზაფხულის დადგომას ელოდნენ, რადგან მაგ დროს მაღალია წყალდიდობის ალბათობა და სურდათ პროექტის შეუსრულებლობა სტიქიისთვის დაებრალებინათ. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ობიექტის დასრულების ვადა თითქმის 1 წლით გაუგრძელეს, მაშინ როცა თვეების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა და ეს გამგეობის პასუხისმგებელმა პირებმა დანამდვილებით იცოდნენ“.

2013 წლის 26 ნოემბერს შპს-ს დირექტორმა გელა ძამიაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბექა ბაიდაურის სახელზე წარადგინა წერილი, რომლითაც ითხოვა სამუშაოების ჩაბარების ვადის გაგრძელება იმავე წლის 25 დეკემბრამდე, ვინაიდან სამუშაოს დასრულება ვერ მოხერხდა უამინდობის (უხვი ნალექების) გამო. წერილს ერთვოდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის გაცემული შესაბამისი ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ 1 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ 50 დღეში, მხოლოდ 12 დღე იყო წვიმიანი.

იმავე დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილმა ინსპექტირების მუდმივმოქმედმა ჯგუფმა დადებითი დასკვნა წარადგინა, რის საფუძველზეც 26 ნოემბერსვე შედგა წერილობითი შეთანხმება №232/1 და აღნიშნული ვადა ერთი თვით, - 2013 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდა.

ამასთან, 2013 წლის 2 დეკემბერს გამგეობამ "მშენ-გრუპს" კიდევ ჩაურიცხა 54.063 ლარი.

მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა, ვადის ამოწურვის შემდეგ - 30 დეკემბერს, შპს „მშენ-გრუპმა“ გამგეობისაგან კიდევ მოითხოვა თანხა 59.896 ლარის ოდენობით, თუმცა ამჯერად გამგეობამ მას მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 27.267 ლარი გადაურიცხა.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა