ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში" ეხმაურებიან:
ნათია ფანჯიკიძე, ფისქოლოგი:
რეგიონში ომი ატყდა, ჩვენს მთავრობაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს... ჩემი აზრით, შემთხვევით არც ეს დამთხვევა ხდება. ამ ფონზე, თავდაცვის მინისტრს დარტყმებით არყევენ და მწყობრიდან გამოყავთ. კარგი, შესაძლო "ბომბებს" თავი დავანებოთ, - დიპლომატიის ძალები, მათთვის მიცემული მესიჯები როგორია ამ დროს? არც ეს ვიცით. აღარ არის სალაპარაკო, სამხედრო განათლებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით (თინასაც ეს არ ეწყინება) მინისტრი რომ მოიშორეს და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში ხელი შეუშალეს, ამ ძველ ფაქტს თავი დავანებოთ, ახლაც, რაც არ უნდა თქვას ვინმემ თინა ხიდაშელზე, რომ სამხედრო საკითხებში ასეა გაცნობიერებული, თუ ისე, ფაქტია, რომ ნებისმიერ ოცნებელზე მეტი კომპეტენცია აქვს რიგ საკითხებში და სხვებისგან განსხვავებით ის მაინც იცის, რომელი უცხოური ორგანიზაცია რას ემსახურება, კონტაქტიც მეტი აქვს მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით გარეთ და ა.შ.
ამ დროს ერი ჩაძირულია მადლიერებაში, რომ მოწყალე ბიძინამ 87 ხე გვაჩუქა. მართალია მილიონს მხოლოდ თბილისში იყო დაპირებული, მაგრამ მცირედითაც მადლიერება ნამდვილად კარგი თვისებაა, აქ ქების მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ქვეყანას არა აქვს კედლები, არ ეკეტება ფანჯრები და წვიმა ჩამოსდის ჭერიდან, რაც მთავარია, არ არსებობს ინტელექტუალური ძალა, რომელიც მსჯელობს რაიმე საკითხზე კომპეტენტურად. ხო, კიდევ გვყავს "კარგი ბიჭი" პრემიერი, რომელიც ისეთი კარგი ბიჭია, რომ ამხელა ჯუნგლში მტერიც კი არ ჰყავს.
მოკლედ, ახალი ამბებისთვის არ უნდა გადამეხედა, ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი.
გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:
მტერს რა დანაკარგი მიაყენეს, ალბათ აბუქებენ, მაგრამ საკუთარს ხომ არ მოიტყუებიან?! 12 ჯარისკაცი დაგვეღუპაო -აზერბაიჯანმა. სერიოზული ომი დაიწყო. რას ფიქრობთ?
ბუკა პეტრიაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი:
არ იქნება ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის! ეს შეტაკებები არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი არ იქნება! იმიტომ რომ ამ კონფლიქტის ავტორი - რუსეთი დგას გაზქურასთან და როცა უნდა მოუმატებს ცეცხლს როცა უნდა დაუკლებს! მალე დაუკლებს!
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:
დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს. სომხეთის სახელმწიფო (და არა სომეხი ხალხი, ჩვენი ისტორიული მეგობარი და ნათესავი) რუსეთის ნომერი ერთი სატელიტია და ვერ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, თავს ნუ მოვიტყუებთ.
ომი, ცხადია, არავის არ გვინდა და იმედია არც იქნება.
ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" თავმჯდომარე:
არავის შეშინება არ მინდა, უბრალოდ, იმას ვამბობ, რასაც ამ წუთას ვფიქრობ:
ჩვენს ამ საყოველთაო ღლიცინში საქართველოს დიდი საფრთხე უახლოვდება – რუსეთის გააქტიურება ყარაბაღში ერთის მხრივ რუსეთის აგონიის ნაწილია და მეორეს მხრივ, ეს პროცესი ძალიან საშიშია საქართველოსთვის ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს პოლიტიკაზე და მხოლოდ ჯიბეების დასქელებასა და ღალატზეა ორიენტირებული!
ნაცვლად იმ ცირკისა, რომელმაც სწორედ ხელისუფლების თაოსნობით მთელი საქართველო მოიცვა, დღეს ყველა უწყება დაკავებული უნდა იყოს იმ მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზით, რაც რუსეთის მხრიდან სულ ახლო მომავალში წამოსულ პირობებს და მოთხოვნებს უკავშირდება.
ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოკავშირე არ ჰყავს!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი კოლონიური ხელისუფლება რუსეთის პირობებს მიიღებს, ეს ამ ქვეყანას ვერ გადაარჩენს! ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ჰგონია, რომ მტერთან წაწოლით რამეს გამორჩება.
აქ ძალიან მოქნილი, მაქსიმალურად სწორად გათვლილი და, რაც მთავარია,საერთაშორისო სამყაროსთან მაქსიმალური კონტაქტით უნდა იყოს ყველაფერი გაანალიზებული.
დღევანდელი ხელისუფლება არცერთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს!
არავის შეშინება არ მინდა! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ სიცილს, გართობას, ღლიცინს და ა.შ. თავისი დრო და ზომა აქვს და იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის!
ეხლა შეგვიძლია გავაგრძელოთ სხვის საწოლებში ჭვრიტინი!
დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
ზოგიერთ აქტიურ მოქალაქეს: არც საქართველო გაფრინდება ოდესმე ამ რეგიონიდან, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ სამნი, საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელებისას, ერთმანეთზე ვიქნებით გადაჯაჭვულნი ყოველთვის. თუ ეს ოდესმე ერევანში არ ესმოდა ვინმეს, ეგ სულ არაა "ექსკიუზი", რომ ჩვენც არ გვესმოდეს. და მეორეც: აფხაზეთის მიმართულება რაღაცნაირად (ირიბად) გავს ყარაბახის ამბავს, ცხინვალისა კი სულ არ გავს. ამიტომ, სანამ რამე ითქმება ამ საჭირბოროტო საკითხზე, ცოტაოდენი ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ცოდნა იქნებოდა კარგი.
კოკო გამსახურდია, ისტორიკოსი და ირანისტი :
მთიან ყარაბაღში კვლავ ომი მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტები და არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ბოროტების ფესვი უნდა ვეძიოთ ბოლშევიკურ ხელისუფლებაში, რომლის წარმომადგენლებიც მზაკვრული ჩანაფიქრებით ხაზავდნენ რუკებს და ნაღმავდნენ იმჟამად ფორმალურად დაშვებულ ეროვნულ რესპუბლიკებს: იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში კვლავ დადგებოდა საკითხი მათ დამოუკიდებლობაზე და მაშინ იმპერიას ეთქვა: არ ვიქნები მე, არ იქნება მშვიდობა!
ყარაბაღის ომი, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია და მისი "გამუდმივების" მიზნით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ინსტრუმენტალიზაცია კავკასიის უდიდესი ტრაგედიაა.
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ზვიად გამსახურდიამ, იმჟამად გროზნოულ ემიგრაციაში მყოფმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა და აბულფაზ ელჩიბეიმ, აზერბაიჯანის მომქმედმა პრეზიდენტმა 1992 წლის სექტემბერში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ინიცირებული და შექმნილი "კავკასიის მთიელთა კონფედერაციის" საპირწონედ გროზნოში დააფუძნეს "მრგვალი მაგიდა-კავკასიური სახლი". ამ შეკრებას წინ უძღოდა დუდაევის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში, სადაც ის სამშვიდობო ინიციატიებით გამოვიდა. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ იგი ასევე ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას გუდაუთის სეპარატისტულ კლანზე.
სამწუხაროდ ოფიციალურმა სომხეთმა თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან, მხოლოდ "მწვანეთა პარტიის" დელეგაცია ჩამოვიდა გროზნოში, ისიც დამკვირვებლის სტატუსით. მის კომუნიკეს ვეძებ და მალე გამოვაქვეყნებ. ამ ორგანიზაციას ქონდა ყველა კავკასიური კონფლიქტის მოგვარების თავისებური კონცეპტი - კერძოდ საუბარი იყო კავკასიური სამშვიდობო კორპუსის შექმნაზეც კი.
კავკასიაში ომი დაუშვებელია!
გია ნოდია, პოლიტოლოგი:
ყარაბაღში ატეხილი უბედურების მიმართ ჩვენ გვაქვს ერთი ცალსახა ინტერესი: რომ ეს შეჯახება სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს. ომი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი დამარცხებაა.
აგრეთვე, ამ ინციდენტმა არ უნდა ავნოს რეგიონული ურთიერთობების (აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან) ერთობლიობას, რაც ამ წლებში, სხვადასხვა მთავრობების დროს ჩამოგვიყალიბდა და ჩვენი სტაბილობისა და განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობებს ამ შემთხვევაში ნაკლებად ვგულისხმობ, მაგრამ ამ ინციდენტის გამო არც ისინი უნდა შეიცვალოს.
სხვა, ვინც გულში ვის უჭერს მხარს, დაუჭიროს.
ნათია კობერიძე, ჟურნალისტი:
ვისაც ყარაბაღის კონფლიქტში ცივი გონებით სამოქალაქო პოზიციის შენარჩუნება არ შეგიძლიათ და რუსეთის საფრთხეს მხოლოდ გიუმრის უკვე არსებულ ბაზაში ხედავთ, ფრთხილად იყავით, ეგ ბაზა თბილისთან არ მოიყვანოთ უგნური ფობიების გამო გულის ფხანაში.
Edited : ეს პოსტი იმ ქართველებსაც ეხება, ვისი გვარებიც სომხური ან აზერბაიჯანულია და ვისაც იქ ნათესავები და წინაპრები ეგულება. სახელმწიფო აქ გაქვთ, მეგობრებო!
სერგი კაპანაძე, რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი:
ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:
- ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?
- ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?
- ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?
- თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?
- ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?
- რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?
- ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?
- როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.
- როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში?
- ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თანხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?
- ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.
- ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?
მოკლედ, ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა.
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:
თაგუნიას ამბავი. ერთხელ თაგვმა შენიშნა, რომ ფერმის მეპატრონემ ხაფანგი დააგო. ეს ფაქტი თაგვმა ქათამს, ცხვარს და ძროხას უამბო, პასუხად კი მიიღო "თაგუნია, ეს შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ აქვს".
ძალიან მალე ხაფანგში გაება გველი, ფერმერის ცოლმა მისი ხაფანგიდან გამოყვანა სცადა და გველმა ქალს უკბინა. ფერმერის დაკბენილი და ლოგინად ჩავარდნილი ცოლისთვის წვნიანის მოსამზადებლად ქათამი დაკლეს, ავადმყოფი ქალის მოსანახულებლად მოსულ სტუმრებს ცხვრის ხორცით გაუმასპინძლდნენ, ძროხა კი ქალის დაკრძალვაზე მოსული სტუმრების დასაპურებლად დაიკლა.
მთელი ამ დროის განმავლობაში თაგვი იჯდა თავის სოროში და აკვირდებოდა მოვლენებს.
მორალი: თუ რაღაც პირდაპირ არ გეხება, ნუ გგონია, რომ ეს რაღაც თავზე არასოდეს დაგარტყამს.
პ.ს. ამ არაკის ავტორი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში ცხოვრობდა.
ბოლო ინფორმაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ