ავტორი:

კაზინოში წაგებული თაობა

კაზინოში წაგებული თაობა

ქვეყანაში მოდებული აზარტული ეპიდემია, ლუდომანია, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, სოციალური ქსელი და მედია-საშუალებები. "ინფიცირებული" უამრავი ადამიანი და მათი რიცხვი დღითიდღე მზარდი. დაღუპული ახალგაზრდა თაობა და განწირული მათი ოჯახები. მოტყუებული და გაღარიბებული საზოგადოება. ლუდომანი შვილები და მგლოვიარე დედები. თვითმკვლელობით დასრულებული ძალიან ბევრი სიცოცხლე.

ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ კაზინოს, სადაც საზოგადოებამ დაკარგა დროის აღქმის უნარი. საზოგადოების დიდი ნაწილი კაზინოს არა გართობის, არამედ გამდიდრების უმოკლეს და უმარტივეს გზად მიიჩნევს. სწორედ აქედან იწყება პრობლემები. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, გახლავთ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი.

ჩვენ ყველას გვსმენია, თუ რა პრობლემებს უქმნის აზარტული თამაშები მოქალაქეებს. გაყიდული უძრავი თუ მოძრავი ქონება, დანგრეული ოჯახები, დაკარგული ცოლ-შვილი და ა.შ. მე არ მსურს, თავი მოგაბეზროთ იმაზე საუბრით, რის შესახებაც ისედაც ყველას ძალიან ბევრი გვსმენია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ თვლის თამაშისადმი დამოკიდებულებას ავადმყოფობად და ასეთ ადამიანებს, უბრალოდ, სულელებს უწოდებენ ხოლმე.

ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ცივსისხლიანები და კრიტიკულები, ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, ზოგიერთი მეტად აზარტულია, ზოგი ძალიან მიამიტია, ზოგს კი გაჭირვებამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი, იღბლის იმედად, უკანასკნელი გროშებით, იმაზე ფიქრით, რომ იქნებ ერთხელ მასაც გაუმართლოს. ყველას ერთად კი არ აქვთ მთავარი - ნებისყოფა. მე არ ვამართლებ თამაშისადმი დამოკიდებულებას, უბრალოდ, ვიზიარებ მათ მდგომარეობას.

რთულია, ებრძოლო საკუთარ თავს, როდესაც ტელევიზორში უყურებ უამრავ სარეკლამო რგოლს, კაზინოს "საუკეთესო თვისებების" შესახებ, როდესაც ინტერნეტში თითქმის ყველა ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებულია სხვადასხვა სათამაშო კომპანიის სარეკლამო ბანერები, როდესაც სოციალურ ქსელებში, ვაწყდებით სხვადასხვა "თამაშობანის", როგორც მარტივი ფულის მოგების შანსის, აქტიურ პროპაგანდას.

მითუმეტეს იმის ფონზე, რომ დღეს აზარტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელადაც კი შესაძლებელია. არც ერთი ჩვენთაგანი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ მომავალში, რომელიმეს ოჯახის წევრი არ გახდება ამ პროპაგანდის მსხვერპლი და ჩვენი ქონება არ გადაიქცევა სათამაშო "ფიშკებად", რომელიც აუცილებლად დამარცხებისთვისაა განწირული.

მე მესმის სახელმწიფო ინტერესები და მისი ეკონომიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს კი გახლავთ, "საქართველოს კანონი, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ", რომელშიც აუცილებელია ცვლილებების შეტანა და აგრეთვე საკანონმდებლო რეგულაცია.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს მკაცრი ზომები ამ საკითხთან მიმართებაში, თორემ ქვეყანა დაემსგავსა "მბრუნავ ბორბალს", წითელი და შავი ფერებით, სადაც ადამიანთა ყოფა გარდასახულია სათამაშო ქულებში, სადაც ადამიანი თავის თავის მტერია, სადაც ყველა უიღბლოა, სადაც სხეულს აზარტი მართავს, სადაც თვითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალია.

"მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა" - ონორე დე ბალზაკი, "შაგრენის ტყავი".

წყარო: geoblog.ge, შოთა ჭელიძის ბლოგი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს