ნახშირს უმეტესობა "მუცლის ტკივილის" დროს სვამს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც შეიძლება. ყველაზე პოპულარულ მეთოდებზე დღეს მოგიყვებით.
აქტივირებული ნახშირი კბილების გასათეთრებლად
კბილების ნატურალური გამწმენდის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ნახშირის აბები, რომლებსაც დაფხვნით, მასში ჩააწობთ ნამიან კბილის ჯაგრისს და გამოიხეხავთ კბილებს. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ. ნუ შეგეშინდებათ გაშავებული პირის ღრუს დანახვისას. სიშავე, ისევე, როგორც კბილებიდან ნადები, უკვალოდ გაქრება.
აქტივირებული ნახშირის ნიღაბი
ნიღაბი ნებისმიერი სახის კანისთვისაა მისაღები. თუმცა ტესტირება მაინც გმართებთ, იქნებ ნახშირზე ალერგიული ხართ. თუ ტესტირებიდან 12 საათის განმავლობაში ალერგიული ნიშნები არ გამოვლინდა, ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ.
დაგჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი; 1 ჩ/კ ალოეს წვენი ან "ალოე ვერას" გელი; 1 ჩ/კ ჩვეულებრივი წყალი ან ვარდის წყალი; 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი; 1 მწიკვი ზღვის მარილი.
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და სქელი ფენით სახეზე წაისვით.
ეს ნიღაბი მოგაშორებთ კანიდან ზედმეტ ცხიმს, კანს მქრქალ იერს მიანიჭებს და რაც მთავარია, კარგად ასუფთავებს ფორებს.
სახის სკრაბი აქტივირებული ნახშირით
აქტივირებული ნახშირის ორ
აბს დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი წყალი და გააჩერეთ. უკვე გაღვივებულს დაუმატეთ 1 ჩ/კ ალოეს წვენი ან "ალოე ვერას" გელი; ამდენივე თაფლი და 1 ჩ/კ შაქარი. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი, უნდა გაშრეს. ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ.