„მის მიერ ანთებული სანთლები გმირებს ათბობდა“ - ამაღელვებელი ისტორია ქალბატონზე, რომელმაც 9 აპრილს გადარჩენილების შესახებ მათ ოჯახებს ამცნო

„მის მიერ ანთებული სანთლები გმირებს ათბობდა“ - ამაღელვებელი ისტორია ქალბატონზე, რომელმაც 9 აპრილს გადარჩენილების შესახებ მათ ოჯახებს ამცნო

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქზე" 9 აპრილთან დაკავშირებით ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია ქალბატონზე, რომელმაც ტრაგიკულ ღამეს გადარჩენილების შესახებ მათ ოჯახებს ამცნო.

"შუა ღამის 3 საათი იქნებოდა.

სიოსა და ქარს შორს რომ არის, ისეთი ნიავი დაჰქროდა.

ის ყავარჯენს დაყრდნობოდა. სახე გაქვავებოდა. ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მერე მზერა სანთლებისკენ მიმართა, რომლის დიდი ნაწილი ჩამქარალი იყო და ისიც გააქვავა.

ასე რამდენიმე წამი გაჩერდა. დასწვდა ერთ-ერთ ჩამქრალ სანთელს, ანთებულიდან გადაუკიდა და ნელ-ნელა დანარჩენიების ანთება დაიწყო. ნიავი ხელახლა აქრობდა და ის ჯიუტად ხელახლა ანთებდა. ასე ეწვალა 15-20 წუთი, ვიდრე ჩამქრალი სანთლების დიდ ნაწილს სინათლე არ დაუბრუნა.

და ვინ იყო ის?

85 წლის ია ხიმშიაშვილი, ქაშუეთთან ახლოს, ჯორჯაძის ქუჩის მაცხოვრებელი.

- ეს სანთლები 9 აპრილის გმირებს განასახიერებენ. სულ უნდა ენთოს. - მითხრა მან და ცისფერი თვალები სანთლებს მიაპყრო.

ქალბატონი ია 1989 წლის 9 აპრილის ღამესაც მიტინგზე იყო. მას მეზობლებთან ერთად ცხელი ჩაი და საკვები მიჰქონდა. დარბევის ღამეს კი კინოთეატრ "რუსთაველში" შეხიზნული ადამიანების ტელეფონები ჩაიწერა და შინ მათ ოჯახებში დარეკა, რათა ემცნო, რომ ცოცხლები არიან.

- ჩვენ ყველას შეგვიძლია გმირებზე ზრუნვა. - თქვა მორცხვად, ცოტაოდენი აქცენტითაც.

მის მიერ წუხელ ხელახლა ანთებული სანთლები 9 აპრილის გმირებს ათბობდა", - წერს ჩანადირი.

ასევე იხილეთ: როგორ გადაიღეს 9 აპრილი: ადამიანების ნაამბობი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საიდუმლოს გამჟღავნებაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს