მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე

მონარქები დღეს - საინტერესო ფაქტები ევროპულ სამეფო ოჯახებზე

პირველი მსოფლიო ომის შედეგად სამი უძველესი მონარქია, ფაქტობრივად, გაქრა. ამასთან, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მეორე მსოფლიო ომმა შეუწყო ხელი მონარქიის ინსტიტუტის გამყარებას.

ამჟამად, მსოფლიოს 194 ქვეყნიდან 43 სახელმწიფოში მონარქიული რეჟიმია. თანამედროვე სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს ხალხი ერთგვარ კინოვარსკვლავებად აღიქვამს. თუკი შევხედავთ ქვეყნების სიას, რომელთაც ცხოვრების დონის მაჩვენებლით ტრადიციულად მოწინავე პოზიციები უკავიათ, საოცარია, მაგრამ ფაქტია: დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, მონარქიული წყობილებაა.

მაგალითად, შვედეთს - ყველაზე ლიბერალურ და დემოკრატიულ ქვეყანას, მართავს ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი, მეფე კარლ გუსტავ XVl. საინტერესოა, რომ ეს დინასტია ნაპოლეონის რევოლუციონერმა მარშალმა, ბერნადოტმა დააარსა და მას შემდეგ დინასტიის წარმომადგენლები დღემდე უცვლელად მართავენ ქვეყანას, შვედეთის ყველაზე ლიბერალური კანონების მიუხედავად.

მეფე კარლი ტახტზე 42 წლის წინ ავიდა, თუმცა მმართველობის უკანასკნელ წლებს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია: გაირკვა, რომ სამაგალითო მეუღლესა და მეოჯახეს, შვედეთის 70 წლის მეფეს ჯფუფ "Army of Lovers"-ის ერთ-ერთ სოლისტთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ამიტომაც, კარლი თავისი ქალიშვილის, კრონპრინცესა ვიქტორიასთვის ტახტის გადასაცემად ემზადება.

ევროპაში არსებობს მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია, სხვა ფორმა - აბსოლუტური მონარქია - შენარჩუნდა არაბულ, ასევე ზოგიერთ აზიურსა და აფრიკულ ქვეყნებში. აბსოლუტური მონარქიის მქონე ქვეყნებში დემოკრატიის არქონის თაობაზე გამოხმაურებები დიდად არ ისმის, თუმცა თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები უამრავია. ამ ქვეყნებში ხელისუფლება ქვეყნის უმაღლეს მმართველს ეკუთვნის, რომელიც ყველაზე მძლავრი გვარის წარმომადგენელია. უმაღლეს პოსტებს კი მისი ნათესავები იკავებენ. არცერთ მსგავს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.

ევროპული ფინანსების უგვირგვინო დედოფალი - ასე უწოდებდნენ საბანკო სფეროში ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსს. 2013 წლის 30 აპრილს მან ტახტი უფროსი შვილის - ვილემ-ალექსანდრეს სასარგებლოდ დატოვა. დედოფალი ბეატრიქსი - ჰოლანდიელი "რკინის ლედი", რომელმაც შეინარჩუნა რესპუბლიკა და სამეფო კომისრების ინსტიტუტი შექმნა. ჰოლანდიურ სამეფო სახლს მოწინავე ადგილი უკავია ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა ბილდერბერგის კლუბი - არსობრივად, მსოფლიო ხელისუფლება.

"ღმერთო, დაიფარე დედოფალი" - თითქმის სამასი წელია, ინგლისელები თავიანთ ჰიმნს მღერიან. ინგლისის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო საშუალებები როგორც მსოფლიო ახალ ამბებს აშუქებენ. პრინც უილიამის ქორწინებამ და მისი პირველი ვაჟის დაბადებამ ყველა ახალი ამბავი გადაფარა. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევა და რატომღაც ითვლება, რომ ინგლისის დედოფალი მხოლოდ მეფობს, და არ მართავს ქვეყანას. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, უფლებათა ჩამონათვალი, რომლებითაც დედოფალი სარგებლობს, არცერთ დიქტატორს არ დასიზმრებია. გარდა იმისა, რომ იგი მსოფლიოს უმდიდრესი ქალია, მას აქვს უფლება ხელისუფლება მოხსნას, დაშალოს პარლამენტი და გამოაცხადოს ომი მიზეზების გამოცხადების გარეშე.

ევროპულ მედიას სალაპარაკო გაუჩნდა 2001 წელს, როცა ნორვეგიის კრონცპრინცი ჰააკონი 28 წლის მეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა - ყოფილ ოფიციანტსა და მარტოხელა დედაზე, რომლის ყოფილი ბოიფრენდი და უფროსი ვაჟის მამა, იმ დროისთვის ციხეში სასჯელს ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა. ქორწილამდე საგანგებო პრესკონფერენციაზე კრონპრინცის მომავალმა მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავა და ყველას გასაგონად მოინანია წარსული ცოდვები. მან დაგმო ნარკოტიკები და განაცხადა, რომ მოემზადა სასახლეში ცხოვრებისთვის: "მე დაშვებულ ზღვარს გადავაბიჯე, ახლა კი ამას ძალიან ვნანობ". წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ერთობლივ ორ შვილსა და მეტეს უფროს ვაჟს ზრდის.

"ადამიანური" სიყვარულის ისტორია აქვს ესპანეთის პრინც ფელიპესაც, რომლის გადაწყვეტილებამ, ექორწინა ტელეწამყვანზე ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია რბილად რომ ვთქვათ ძალიან გააოცა. ლეტიცია ორტისი საღამოს ახალი ამბების ტელეწამყვანი გახლდათ ესპანეთის ნაციონალურ არხზე. ტახტის მემკვიდრესთან ქორწინებამდე ლეტიცია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. ეს ამბავი არ მოეწონათ არც მშობლებს და არც კათოლიკურ ეკლესიას. მაგრამ ფელიპე შეუვალი იყო, მან განაცხადა, რომ უარს იტყვის ტახტზე, თუ მშობლები ქორწინებას შეეწინააღმდეგებიან. ლეტიციას სასარგებლოდ ითამაშა ერთადერთმა ფაქტორმა, რომ ის ესპანელი გახლდათ. ამიტომ, მშობლები დანებდნენ და თანხმობა მისცეს ფელიპეს. ამგვარად, პირველად 100 წლის განმავლობაში მომავალი მეფის მეუღლე ესპანელი გახდა.

თანამედროვე მონარქები ერთგვარ დახურულ კლუბს ქმნიან, რომლის მოღვაწეობა გასაიდუმლოებულია. თავიანთ შეკრებებზე სწორედ ისინი ქმნიან მსოფლიოს გრძელვადიან პოლიტიკას. მათი საიდუმლო მოლაპარაკებები კადრს მიღმა რჩება, მაგრამ სწორედ მონარქები წყვეტენ მსოფლიოს ბედს. უბრალო ხალხი სამეფო ოჯახებს აღიქვამს, როგორც ერთგვარ ტრადიციას, ლამაზ ნახატს ვარსკვლავთა ცხოვრებიდან და მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მსოფლიო პოლიტიკის მმართველობა სწორედ ამ ლამაზი და "საყვარელი" გვირგვინოსნების ხელშია...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს