პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

 პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

ბოლო სამი წლის განმავლობაში, პანკისის ხეობა არაერთხელ მოექცა ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ 2013 წლიდან ხეობაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენა გაძლიერდა და პანკისიდან სირიაში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წავიდა. იმის მიუხედავად, რომ ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით დაბალია ახალგაზრდების საზოგადოებრივი, სამეწარმეო აქტივობა და უმრავლესობა გამოსავალს აქედან წასვლაში ხედავს, ხეობაში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრება, მუშაობა და განვითარება პანკისში სურთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეებს გაგაცნობთ:

ავტოსახელოსნო

მუსლიმ გორგიშვილი 24 წლის არის. 2011 წელს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი დაამთავრა. პროფესიით ავტომობილის სავალი ნაწილების ხელოსანია. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, მუშაობა ვერ დაიწყო, რის გამოც 2015 წელს ჩეჩნეთში წავიდა. გროზნოში ავტოსახელოსნოში მუშაობდა. 3 თვის წინ მუსლიმი საქართველოში, პანკისის ხეობაში დაბრუნდა, სადაც მისი მშობლები და ძმები ცხოვრობენ. მუსლიმის ორივე ძმაც უმუშევარია.

მუსლიმს, მის ერთ-ერთ ძმას, 20 წლის მახამას და მეგობარს ჯიმშერს, სოფელ დუისში, რომელიც პანკისის ხეობის ადმინისტრაციული ცენტრია, ავტოსახელოსნოს გაკეთება სურთ. ბიზნესიდეა მათ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" დახმარებით მოამზადეს და 15 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარუდგინეს. საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეების რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის განვითარებისთვის, 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.

მუსლიმი ავტოსახელოსნოს გაკეთების იდეას ასე ხსნის: "სავალი ნაწილების შესაკეთებლად ან შესაცვლელად პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ჩასვლა გვიწევს ახმეტაში ან თელავში, რადგან ამ მომსახურების მიღება ადგილზე შეუძლებელია. თუ პროექტი მოიწონეს და დაგვიფინანსეს, ავტოსახელოსნოს გავაკეთებთ. ჩემ მეგობარს ჯიმშერ ალხანაშვილსაც პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. სავალი ნაწილების ხელოსნის გარდა, ავტოსახელოსნოში ვულკანიზაციაც იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე კარგად წავიდეს, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და მალე შევძლოთ ბიზნესის განვითარება. ავტოსახელოსნოს პროექტი 5 ახალგაზრდის დასაქმებას ითვალისწინებს. კარგი შესაძლებლობა მოგვცა სახელმწიფომ, მაგრამ ეს პროექტიც თუ არ გამოგვივიდა, ალბათ ისევ რუსეთში მოგვიწევს სამუშაოს ძიება".

სარემონტო კომპანია

24 წლის არის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები ადლან ბორჩაშვილი. მას და მის ძმას, 25 წლის აინდი ბორჩაშვილს სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება სურთ. აინდის და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა. როდესაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ პროექტის მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდება, მან არჩევანი მყისიერად პროექტზე გააკეთა. ამით აინდი პანკისელ ახალგაზრდებს შორის იშვიათი გამონაკლისია. იგივე განმარტების მიღების შემდეგ, ბევრმა ახალგაზრდამ ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

"პანკისის ხეობაში ახალგაზრდები ძირითადად დაუსაქმებლები არიან. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ხეობას ტოვებენ და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მეც და ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც დროებით წასულები ვიყავით სამუშაოდ ხან ჩეჩნეთში, ხან თურქეთში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო აქ დავბრუნდით. ხუთივე ახალგაზრდას, ვისაც სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება გვინდა, პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. პერიოდულად ვასრულებთ კიდეც სარემონტო სამუშაოებს, რომელიმე ორგანიზაცია როცა გვიქირავებს, მაგრამ ეს არაა რეგულარული. დამოუკიდებლად თვითონ რომ შევასრულოთ სამუშაოები, ინვენტარიც კი არ გვაქვს", - აღნიშნავს ადლანი.

გაეცანით პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდებს ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა