რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

კოჯორში წუხელ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ბარათაშვილის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივები შემთხვევის საზარელ დეტალებს ყვებიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 27 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე კასრით იყო ჩაფლული. მათივე თქმით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. გვამი კასრში იყო დამალული და კვალის გაქრობის მიზნით მჟავა ჰქონდა გადასხმული, შემდეგ კი კასრი მიწაში იყო დამარხული. ადგილობრივები იხსენებენ 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს და ვარაუდობენ, რომ გადამალული ცხედარი სწორედ ამ შემთხვევის გაგრძელებაა. 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 50 წლამდე ასაკის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს, მისი 25 წლის ვაჟი კი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.

2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. სახლის აბაზანაში ნაპოვნ 50 წლამდე ასაკის ქალს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალის ცხედარი მისი ვაჟის, გურამ კვეზერელის მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც მათ სახლში გურამის საძებნელად მივიდნენ. მეგობრებმა მას სახლში პირველად 16 დეკემბერს მიაკითხეს. ბინის კარი დაკეტილი დახვდათ, შუქიც - ჩამქრალი და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო დღესაც რომ არ გამოჩნდა, მისი 4 მეგობარი მივიდა კვეზერელის სახლში. კარი ისევ არავინ გააღო. ერთმა ძლიერად დაარტყა კარს ხელი და რკინის კარი გაიღო. შესასვლელთან სისხლის კვალი რომ შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს.

იხილეთ ვიდეო: რას ყვებიან მეზობლები ნატო კვეზერელის მკვლელობის შესახებ

ბინაში პირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა და სააბაზანოში გურამის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, მკვლელობა 14 დეკემბერს მოხდა. ქალს საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ. ძვირფასეულობა წაღებული არ იყო, ამიტომ ყაჩაღობა მაშინ გამოირიცხა. ნატო კვეზერელის მეზობლები ამბობდნენ, რომ მისი ვაჟი ფოთში უცხოეთიდან გამოგზავნილი ავტომობილის დასახვედრად იყო წასული, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ გურამ კვეზერელის ცხედარი იპოვეს წუხელ კოჯორში. დედა-შვილი კვეზერელები კახეთიდან იყვნენ, ისინი 21 წელზე მეტი თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში ცხოვრობდნენ. მეზობლები მათ მშვიდ და გაწონასწორებულ ოჯახად ახასიათებდნენ:

"ქალმა შვილი მარტომ გაზარდა. მათი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არ გამოსულა. ნატოს შვილზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. იმას ნატრობდა, როდის შეირთავდა ცოლს. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით აცილებდა სამსახურში. სანამ გურამი მანქანაში ჩაჯდებოდა, დედა პირჯვარს გადასახავდა, აკოცებდა და ისე უშვებდა. გურამი დიდი ხანი თბილისის მერიაში მუშაობდა, სამი თვეა, რაც წამოვიდა სამსახურიდან. ნატოს საოფისე ავეჯის ფირმა ჰქონდა... ტრაგედიის წინადღეს ვიყავი მათთან, ნატომ სუფრა გამიშალა, თქვა, ერთადერთს ვნატრობ, მალე მომიყვანოს გურამმა ცოლიო. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია გურამი - მშრომელი, მისალმებას ვერ დაასწრებ.

ნატოს პატარა ბოსტანი ჰქონდა, ყვავილებსაც უვლიდა..." - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილის მეზობელი.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტებმა კვეზერელების სახლიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერა, რომელიც ოჯახს უკვე დიდი ხანია ეყენა სახლთან. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, როგორც მეზობლები ამბობდნენ, ოჯახის ავტომობილის გაქურდვა იყო. უცნობია, იპოვეს თუ არა კადრებში სავარაუდო მკვლელი სამართალდამცველებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ