ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს

ყველაზე აბსურდული და სასაცილო გადასახადები - რაში ახდევინებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ფულს მოქალაქეებს

"ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები", - ამბობდა ბენჯამენ ფრანკლინი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს სულელურ გადასახადებს აკისრებს. ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტელევიზორებზე გადასახადი სატელევიზიო ლიცენზიის მიხედვით ეკისრებათ, თუმცა, უსინათლოები გადასახადის ნახევარს იხდიან. გთავაზობთ ჩვენი დროის ყველაზე სასაცილო და აბსურდული გადასახადების ჩამონათვალს.

ბელგია: გრილზე მომზადებული საკვების გადასახადი

2007 წელს ვალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის გრილზე მომზადებული კერძების გადასახადი დაეკისრებინა. მიზეზი: გლობალური დათბობა. მიიჩნევა, რომ გრილზე საკვების მომზადებისას, ატმოსფეროში 50-დან 100 გრამამდე სათბურის აირი ხვდება. ამიტომაც, ბელგიის ამ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს, სანამ ეზოში ბარბექიუს დანთებას მოინდომებს, 20 ევროს გადახდა უწევს. ვალონიის ხელისუფლება სერიოზულად უდგება კონტროლის საკითხს, ამაში მათ სატელევიზიო კამერებით აღჭურვილი სპეციალური ვერტმფრენები ეხმარება.

აშშ: რუჯის გადასახადი

აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეზრუნა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ჯანდაცვის რეფორმების ერთ-ერთი ელემენტი გახლდათ... გადასახადი რუჯზე. დღესდღეობით, ნებისმიერი ამერიკელი, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა მოესურვება, დამატებით მომსახურების ღირებულების 10%-ს იხდის.

ესტონეთი: ძროხის გაზების გადასახადი

ეს, უდავოდ, ყველაზე აბსურდული გადასახადია, რომელზეც ოდესმე გსმენიათ. 2008 წელს ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი ძროხების მეპატრონეებისთვის. ჩინოვნიკების აზრით, ეს ცხოველები თავიანთი გაზებით ძალზედ აბინძურებენ ჰაერს. საინტერესოა, რომ მსგავსი გადასახადი სხვა ცხოველების (რომელთაც ასევე "დიდი წვლილი" შეაქვთ გაზების გაშვებაში) მეპატრონეებს არ დაკისრებიათ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გადასახადი

მსგავსი გადასახადი ქვეყნის ხელისუფლებამ იმ მეწარმეებს დააკისრა, რომელთაც დაქირავებული მუშახელი ჰყავს - ყველა თანამშრომლის ხელფასის 1%-ის ოდენობით. ამ გადასახადის მიზანი მუშების უნარ-ჩვევების განვითარება უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით ფერადკანიან მოსახლეობაში.

საბერძნეთი: აუზის გადასახადი

საბერძნეთში კერძო სახლის ეზოში აუზის ქონა ფუფუნებად ითვლება. ამიტომ, აუზიანი სახლის თითოეული მფლობელი ვალდებულია, წელიწადში 800 ევრო გადაიხადოს. ათენის უამრავი მცხოვრები, რომელსაც არ სურს კანონს დაემორჩილოს, მინდვრისფერი ბრეზენტის ქვეშ მალავს აუზს.

ავსტრია: თაბაშირის გადასახადი

ავსტრიული ალპები იდეალური ადგილია სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის. ყოველწლიურად, თხილამურების 150 ათასი მოყვარული ხვდება ავსტრიულ საავადმყოფოებში მოტეხილობებითა და სხვა ტრავმებით. ამ მიზეზის გამო, მთავრობამ ტურისტებისთვის ე.წ. თაბაშირის გადასახადი შემოიღო, რომელსაც სასტუმროებისა და პანსიონატების მფლობელები კრებენ.

ბალეარის კუნძულები: მზის გადასახადი

მზის გადასახადი ყველა იმ ტურისტს ეკისრება, ვინც მაიორკას, მენორკასა და ბელეარის სხვა კუნძულების სტუმრობას გადაწყვეტს - დღეში 1 ევრო. შეგროვილ თანხას ადგილობრივი მთავრობა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ხარჯავს. ცნობისთვის, 2012 წელს ბალეარის კუნძულებს 10 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, ასე რომ, ბიუჯეტი გვარიანად ივსება.

ჩინეთი: საჭმელის ჩხირების გადასახადი

ყოველწლიურად ჩინეთში საჭმელის 45 მილიარდამდე ერთჯერად ჩხირებს იყენებენ, რომელთა წამოებისთვის 25 მილიონი ხე იჭრება. ამიტომ, ხელისუფლებამ სპეციალური 5%-იანი გადასახადი შემოიღო თითო ჩხირის შეძენისას, რათა მოსახლეობა პლასტმასის მრავალჯერად ჩხირებზე გადასულიყო. მაგრამ ჩინელებისთვის ტრადიცია ეკონომიკურ თვალსაზრისზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ვენეცია: ჩრდილის გადასახადი

1993 წელს ვენეციის მთავრობამ რესტორნებისა და ფარდულების მეპატრონეებს, რომელთა უძრავი ქონება ჩრდილავს ქალაქის კუთვნილ ტერიტორიას, გადასახადი დააკისრა. "ჩრდილის გადასახადის" შემოღების შემდეგ უამრავმა მფლობელმა ნაგებობებიდან ტენტებისა და მარკიზების დემონტაჟი გადაწყვიტა.

უნგრეთი: არაჯანსაღი საკვების გადასახადი

"ჩიფსების გადასახადი" უნგრეთში ძალაში 2011 წლის 1 სექტემბერს შევიდა. ეს გადასახადი სხვადასხვა პროდუქტს ეკისრება: ჩიფსებს, ორცხობილას, შეფუთულ ნამცხვრებსა და ენერგეტიკულ სასმელებს. ამ ნაბიჯით უნგრეთის ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს