თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ

თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრში საპრემიერო დღეებია. რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების "სტუმარ-მასპინძლის" ახლებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა, რომელიც ეროვნულ მოტივებზეა აგებული და თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული.

წარმოდგენა წარმოაჩენს ქართულ ცნობიერებას, მენტალობას, ტრადიციებს, მსოფლმხედველობასა და ფოლკლორს. ნამუშევარი მუსიკალურად ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებითაა გაფორმებული, მსახიობები ცოცხლად ასრულებენ და უკრავენ საკრავებზე. მათ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ქალდეაც" ეხმარება (სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილია).

რეჟისორმა სპექტაკლში ქორო შემოიყვანა, რაც დადგმას, როგორც ვიზუალურ, ასევე ესთეტიკურად ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს. სპექტაკლი ახმეტელის თეატრის დამაარსებელს, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის ხსოვნას ეძღვნება. 1981 წელს ახმეტელის თეატრი სწორედ ლერი პაქსაშვილის მიერ "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლით "მთანი მაღალნი" გაიხსნა.

თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელში" მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი.

სპექტაკლი შედგა, - მაყურებელმა თანამედროვე ზვიადაური და ჯოყოლა მიიღო და შემოქმედებითი ჯგუფი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა...

ირაკლი გოგია, რეჟისორი:

- ჩანაფიქრი გვქონდა, რომ გაგვეცოცხლებინა რიტუალები და არა ტრაფარეტული, პაჭიჭებ-ნაქარგებიანი ხევსურები, რაც უკვე გვიანდელ ხანას განეკუთვნება. ამიტომ, აქცენტი არქაულ პერიოდზე გავაკეთეთ: თუ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი 2 საუკუნის წინ მოხდა, მაშინ პატარა ისტორიას ვაღიარებთ, მაგრამ თუ ვამბობთ იმას, რომ მწერალმა აღწერა ის ფილოსოფია, რომელიც იყო, თუნდაც გაქრისტიანებამდე პერიოდში, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება.

თვითმიზანი გახლდათ, ხაზი არ გაგვესვა რელიგიისთვის. ჩვენს ნამუშევარში მთავარია, თვისებები, რომელზეც დღემდე ერის მსოფლმხედველობა დგას, ერი ჯერ კიდევ აზროვნებს და იმედი მაქვს, იაზროვნებს რომელი კანონი და საფარველიც არ უნდა მოახვიონ მას, რადგანაც აწყობილია სოციალისტურ, გაყოფის ფილოსოფიაზე, უფრო მაღალ ფასეულობებზე, ვიდრე კაპიტალიზმი და ბურჟუაზიაა.

- პირველად დადგით ვაჟა-ფშაველას ნამუშევარი?

- ჩემი პირველი შეხება იყო ვაჟასთან და სათუთად შევეხეთ. მოწოდება არ გამომივიდეს და კარგია, თუ ქართული თეატრი ქართულ დრამატურგიასა და მწერლობაზე გადაერთვება. როგორც ძროხას არ აქვს დადგმული უნაგირი, ისე არ მოიხვევს ერი ფსევდოევროპულობას, რადგანაც ევროპული აზროვნება გოეთესა და ლესინგის აზროვნებაა. ხოლო ის, რაც ჩვენ შემოგვაქვს, როგორც ჩემი პედაგოგი მედეა კუჭუხიძე იტყოდა, ევროპული ცივილიზაციის კანალიზაცია გახლავთ. დიახ, ონკანები 25 წლის წინ აგვერია და საქართველოში, დიდი რუდუნებით, ევროპული ცივილიზაციის კანალიზაცია შემოგვაქვს.

- მსახიობებმა აბსოლუტურად გაიგეს თქვენი ჩანაფიქრი და უპრობლემოდ წამოგყვნენ?

- ის ახალგაზრდა მსახიობები, ძველ თაობასთან ერთად, რომლებიც ჩვენს თეატრში არიან, საუკეთესონი არიან.

ანდრია გველესიანი, ზვიადაურის როლის შემსრულებელი:

- პირადად ჩემთვის ურთულესი როლი იყო, რადგანაც ზოგადად უდიდესი პიროვნებაა ზვიადაური და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ეს დიდი სიამოვნება და მისია, შემესრულებინა ეს როლი. მნიშვნელოვანია, რომ მქონდა ბევრი სათქმელი დღეისთვის, ამ როლმა ამაში ხელი შემიწყო. იმედია, ყველა მიხვდა დადგმისა და შემოქმედების სათქმელს იმ საგანძურის მიხედვით, რაც ვაჟა-ფშაველამ დაგვიტოვა. ვფიქრობ, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ეს სიმდიდრე და საშუალება აქვს, სპექტაკლი და შემოქმედება ამაზე ავაწყოთ.

- იმის პარალელურად, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობდი და პრემიერისთვის ინტენსიურად ემზადებოდი, ასევე ჩართული ხარ არანაკლებ რთულ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"... როგორ ანაწილებ ძალებს? მით უფრო, რომ როგორც აპლოდისმენტების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, მაყურებელს შენი ნამუშევარი მოეწონა.

- ერთდროულად რთულია რამდენიმე სერიოზული საქმის გაკეთება, მით უფრო, რომ ხელს რასაც ვკიდებ, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებ ხოლმე. მიუხედავად იმისა, ღამე მძინავს თუ არა, ვისვენებ თუ არა. თან, ისე დაემთხვა, რომ ჯამრთელობის მხრივ ბოლო პერიოდი ცუდადაც ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ შევძელი, იმედი მაქვს, რომ სწორად გადავანაწილე ორივე მხარეს ძალები და ენერგია.

- პროექტში რა მოლოდინი გაქვს?

- ისე, ამ დღეებში იქითა მხარეს ოდნავ კი შეეტყო ჩემი დაძაბული რეჟიმი, საპრემიერო სამზადისი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროექტშიც ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ და ცეკვა მაინცდამაინც ჩემი სფერო არ არის, რატომაც არა, იქაც მაქსიმალურად ვდებ ენერგიას და ვიბრძოლებ.

გიგი მიგრიაული, მუსას როლის შემსრულებელი:

- სპექტაკლში რამდენიმე როლი მაქვს, მაგრამ ძირითადად ვარ მუსა, ხევისბერი, ქისტების ყველა ტრადიციის მინდევარი, სასულიერო პირი, დამცველი, თუმცა ვარ ქისტი ბიჭიც, როცა ბრძოლისგან გაპარტახებულ, დანგრეულ სოფელში ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ახალი სიცოცხლე იწყება... ცოტა რთული იყო ამ სპექტაკლში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენაზე რომეოსაც ვთამაშობ და სხვა მთავარი როლიც მაქვს, ეს პერსონაჟი ჩემთან არანაირად არ არის ახლოს. ამიტომ დიდი გამოწვევა იყო, მეშინოდა კიდეც და მაგრამ ირაკლი გოგია დამეხმარა.

ყველამ კარგად ვიცით ეს გენიალური ნაწარმოები, უმრავლესობამ მთავარი და საკულტო ფრაზები ზეპირადაც, მაგრამ როდესაც ნაწარმოებში ქექვა დავიწყეთ, რაღაცები სხვანაირად აღმოვაჩინეთ. ვაჟას პოემიდან ჩვენებურად, ჩვენი წარმოსახვით, სხვადასხვა ადგილას დავსვით მძიმე და აქცენტი. ამიტომაც გამოვიდა შედარებით განსხვავებული წარმოდგენა. ეს არ არის მაინცდამაინც ქისტებსა და ხევსურებს შორის უთანხმოება, არამედ სპექტაკლი ადამიანებზეა. ჯოყოლა პიროვნებაა, რომელიც სულ შემთხვევით და უნებლიედ აღმოჩდა იმ სიტუაციაში, ასევე მისი მეუღლე, აღაზაც, - უპატრონოდ დარჩენილი ცხედარი გააპატიოსნა...

- საერთოდ, ყველა პერსონაჟს აქვს გამართლება...

- კი და ჩემს შემთხვევაშიც, მუსა, რომელიც ტრადიციების მიმდევარია, სულიერი წინამძღოლი, ვერ დაუშვებდა პრეცედენტს, როგორიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველას გასაკეთებელი თვითონ გააკეთა... შემდეგ კი უკვე იწყება ახალი სიცოცხლე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს