"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა

"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ს სტუმრობს. გამოკითხულთა 15% ახალ ინფორმაციას "ფეისბუქიდან" იღებს.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას სოციალური მედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტები, ასევე მედიაექსპერტები ამბობენ, რომ "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალებისგან განსხვავებული ფუნქცია აქვს და მხოლოდ ახალი ამბებისთვის არ გამოიყენება, თუმცა მათი თქმით, კვლევები ცხადყოფს, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო პორტალებს ამჯობინებენ და არა "ფეისბუქს".

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი: "ფეისბუქს" აქვს როგორც საინფორმაციო, ისე საკომუნიკაციო ფუნქცია, კონკრეტულად საინფორმაციო პორტალს კი, ამ შემთხვევაში AMBEBI.GE-ს აქვს მთლიანად ინფორმაციული ფუნქცია და არის ძალიან მრავალფეროვანი. რიგითი ადამიანისთვის ყველაფერი გასაგებ ენაზეა წარმოდგენილი, აქვს ინტერაქციის საშუალება, იგივე კომენტარის ფუნქცია და ა.შ. სრულიადაც არ არის გასაკვირი, AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი. ისეთი თემების შერჩევის სპეციფიკა აქვს, რომელიც მრავალ ადამიანს აინტერესებს და შესაბამისად მის მიმართ ინტერესი და ყურადღება მასობრივია. მუდმივი მომხმარებელი ახალი ამბის სანახავად "ფეისბუქიდან" ნაკლებად გადავა, საინფორმაციო პორტალი კი სულ ექნება გახსნილი ინტერესის დასაკმაყოფილებლად".

ზურა ბალანჩივაძე, სოციალური მედიის სპეციალისტი: "ფეისბუქი" სოციალური ქსელია, ის არ არის ახალი ამბების სააგენტო ან რაიმე პორტალი, რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს. "ფეისბუქზე" ინფორმაციულ თვალსაწიერს გიწყვეტენ შენი მეგობრები და ის გვერდები, რომელიც მოწონებული გაქვს. "ფეისბუქის" სპეციფიკიდან გამომდინარე, მთლად შესაძლებელი არ არის, რომ ეგრევე შეხვიდე და ახალი ამბები ნახო იმიტომ, რომ მისი სისტემა სხვა საიტებისგან განსხვავებულია. აქ ყველაფერს წყვეტ შენ, თუ გინდა, რომ მხოლოდ ახალი ამბების ცენტრში იყო, მაშინ უფრო ხშირად უნდა შედიოდე ახალი ამბების ფეისბუქგვერდებზე. რაც შეეხება ახალი ამბების პორტალს, მას აქვს სულ სხვა სპეციფიკა, ის მომართულია იმისკენ, რომ საიტზე შესვლისთანავე გაიგო და წაიკითხო ახალი ამბავი. მე რომ "ფეისბუქზე" ახალი ამბების გასაგებად შევიდე, ეს იგივეა თივის ზვინში ნემსი მოვძებნო. "ფეისბუქი" ითვლის შენს ინტერესებს და ისე ალაგებს შენს საინფორმაციო ზოლს".

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი: "პატივისცემას გამოვხატავ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, მათ შორის IRI-ს, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად არ ჩანს, თუ რას გულისხმობს კვლევის შედეგები. ბუნებრივია სოციალური ქსელის კონკურენტი ვერ იქნება საინფორმაციო მედიასაშუალება. AMBEBI.GE შეიძლება იყოს სხვა მსგავსი სახის მედიასაშუალებების კონკურენტი. მე პირადად არ გახლავართ AMBEBI.GE-ს მომხმარებელი, რადგან პორტალზე ვრცელდება შედარებით ყვითელი ინფორმაციები. ამგვარი ინფორმაციის მომხმარებელი ყველა საზოგადოებაში ბევრია. მაგალითად, ბრიტანეთში გაზეთ Sun-ს გაცილებით მაღალი ტირაჟი აქვს, ვიდრე მაგალითად Independent-ს, რომელიც რესპექტაბელური, აკადემიური მედიაა. სოციალური ქსელი ამ თვალსაზრისით, AMBEBI.GE-ს კონკურენტი ვერ იქნება იმიტომ, რომ ის არ არის მედიასაშუალება, სოციალურ ქსელში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი.

მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის თქმით, მედიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ლოგიკურია, რადგან სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, მკითხველი უფრო უკეთეს და დახვეწილ ინფორმაციას იღებს მისგან: "მედიაში მომუშავე ადამიანები, პროფესიულად ამზადებენ ინფორმაციას. იქ იცავენ სტანდარტებს და მათ მიერ მომზადებული ინფორმაცია უფრო უკეთესი, დახვეწილი და მრავალფეროვანია. შესაბამისად მის მიმართ მეტი ინტერესი ლოგიკურია, სოციალური ქსელები კი კარგი საშუალებაა ადამიანებისთვის, რათა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია