რას აღვნიშნავთ 9 მაისს და როდის უნდა ვზეიმობდეთ ფაშიზმზე გამარჯვებას

რას აღვნიშნავთ 9 მაისს და როდის უნდა ვზეიმობდეთ ფაშიზმზე გამარჯვებას

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი შესრულდა, თუმცა წლებია მიდის მსჯელობა გამარჯვების დღე 8 მაისია თუ 9 მაისი.

როგორც ცნობილია, უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება. საინტერესო ფაქტია, რომ 9 მაისი 1948-64 წლებში დასვენება არ იყო. ამ წლებში გამარჯვების დღის აღნიშვნა ძირითადად მხოლოდ გაზეთებში გამოქვეყნებული სამთავრობო მილოცვით ხდებოდა.

დასვენების დღედ კი, 9 მაისის ნაცვლად 1 იანვარი გამოცხადდა (მანამდე ის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო). გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი კი სტალინის და ხრუშჩოვის დროს სულ ერთხელ - 1945 წლის 24 ივნისს ჩატარდა. მაინც როდის უნდა აღინიშნოს ფაშიზმე გამარჯვების დღე?!

გია ნოდია (პოლიტოლოგი):

- ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღინიშნოს, რადგან სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ცივილიზებული მსოფლიო ამ დღეს, ხოლო 9 მაისი ესაა საბჭოთა კავშირის მიერ პრაღის აღება და შეიძლება ითქვას, უფრო საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეა, ხოლო 8 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ასე ვთქვათ, 8 მაისს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ხოლო 9 მაისს დიდი სამამულო ომი (როგორც ამ ომს საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ).

- წლების მანძილზე საქართველოში სწორედ 9 მაისს ვზეიმობთ ამ დღეს, რატომ?

- ალბათ ეს ინერციით ხდებოდა და ხდება, თორემ მართებულია 8 მაისის აღნიშვნა.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი):

- 9 მაისს ვზეიმობთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, იმიტომ რომ კაპიტულაციის შესახებ ხელმოწერა ძალაში შევიდა სწორედ 1945 წლის 9 მაისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რასაც წარმოადგენს რუსული პოლიტიკა, რუსებმა შეიტანეს მთავარი წვლილი ფაშიზმის დამარცხების საქმეში (არანაკლები ქართველებმაც) და მართებული იქნება თუ ჩვენც ამ დღეს ვიზეიმებთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. სხვათა შორის, საინტერესო სტატისტიკაა, ნახეთ რამდენი ჯარისკაცი დაეღუპა ინგლისს, აშშ-ს და მერე საქართველოს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით 9 მაისს ამკობენ. დღეს ტრადიციული კომენტარები გააკეთეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა.

გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი):

- 9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე, ჩვენ შეგვიძლია ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიატანეს.

გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი):

- ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, რომ მუდმივად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერების გრძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე