თუშეთის სოფელ ჭეშოში 30 წელზე მეტია მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. უღელტეხილზე დიდთოვლობის და მძიმე კლიმატური პირობების გამო, თითქმის 6 თვის განმავლობაში თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია ხოლმე. სოფელი ჭეშო ომალოდან 25 კილომეტრის დაშორებით, ფარსმა - გირევისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ზაფხულობით სოფელში 9 ოჯახი ცხოვრობს, ზამთარში კი არავინ რჩება. თუშები ჭეშოში ივნისის დასაწყისში ადიან და სექტემბერში ბარში ბრუნდებიან.
აბალოიძეების ხუთშვილიანი ოჯახი ერთადერთია, რომელსაც ჭეშოში დაბრუნება სურს, თუმცა სახელმწიფოსგან მცირედი მხარდაჭერაც კი ვერ მიიღეს. ზურაბ და ნინო აბალოიძეებს ხუთი შვილი ჰყავთ. 25 წლის ვალერი, 24 წლის მაგდა, 20 წლის მარიამი, 18 წლის ზაზა და 16 წლის ნათია. სკოლაში მხოლოდ ნათია სწავლობს, ბიჭები მამას ეხმარებიან საქონლის მოვლაში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც თუშეთი განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ვალერი და ზაზა აბალოიძეებს ტურისტებიც გადაჰყავთ თუშეთიდან ხევსურეთში. ოჯახს ჭეშოში, სადაც თუშური წესით, სიპი ქვით აშენებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აქვს, საოჯახო სასტუმროს მოწყობა სურს. ამ მიზნით, ნინო აბალოიძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი ბიზნესიდეა დაიწუნეს. კონკურსში თუ გაიმარჯვებდა, ნინო საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად, გრანტის სახით, 15 ათასამდე ლარს მიიღებდა. მოთხოვნილი თანხით ნინო მზის ბატარეების, ავეჯის და აბაზანის ინვენტარის შეძენას აპირებდა.
"საოჯახო სასტუმრო რომ მომეწყო, სეზონზე მინიმუმ 200-მდე ტურისტის მიღებას შევძლებდი. მათ ტრადიციული თუშური კერძებით და ნატურალური პროდუქტით გავუმასპინძლდებოდი და მომხმარებელი კმაყოფილი დარჩებოდა. რამდენიმე ცხენიც გვყვავს. ბიჭები ტურისტებს გადაიყვანდნენ. კომპლექსური მომსახურების გაწევას შევძლებდით. საერთო ჯამში სეზონზე 7-8 ათასი ლარი შემოსავალი გვექნებოდა. ჭეშოში ელექტროენერგია არ არის. ამიტომ მზის ბატარეა იქ აუცილებელია. საოჯახო სასტუმროს თუ მოვაწყობდით, ზამთარში ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობებიც შეიქმნებოდა. რამდენიმე წელია გვინდა, რომ დავბრუნდეთ და ზამთარ - ზაფხულ იქ ვიცხოვროთ", - განუცხადა ნინო აბალოიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.