დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. რუსეთის დედაქალაქში კი "სამამულო ომში" გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური ღონისძიება მოეწყო წითელ მოედანზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მილოცვა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალკე გამოყოფილია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეები"...
ინტერნეტმომხმარებელი გიორგი ჯახაია ფეისბუქზე ფოტოს ავრცელებს, საინტერესო ისტორიით. აი რას წერს პოსტში ჯახაია: "დღეს 9 მაისია. რუსეთში ხალხი ზეიმობს. საინტერესოა, იცით ვისია ეს სახლი? ეს მელიტონ ქანთარიას სახლია, იმ ქანთარიასი, რომელმაც გამარჯვების ნიშნად რაიხსტაგზე დროშა აღმართა. 1993 წელს, ისიც ისევე გამოაძევეს თავისი სახლიდან, აფხაზეთიდან, როგორც 250 000 ქართველი. ის დევნილობაში გარდაიცვალა და აღარასოდეს დაბრუნებულა თავის სახლში ოჩამჩირეში, ისევე როგორც ომის სხვა ვეტერანები, რომლებიც დევნილებად იქცნენ".
იხილეთ ვიდეო: დოკუმენტური კადრები - როგორ აღმართა ქანთარიამ დროშა რაიხსტაგზე
მელიტონ ქანთარია საბჭოთა კავშირის გმირი, საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი გახლდათ, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს. 1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ირაკლი მენაღარიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია. საბჭოთა კავშირის გმირი დაკრძალული იქნა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯვარში, სადაც ის დაიბადა.
