2016 წლის 6 მაისს თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში კრებულის - "ფაღვა I"-ის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული საქართველოს ისტორიით დაინტერესებული პირთათვის არის განკუთვნილი. მასში თავმოყრილია მასალები ფაღავების საგვარეულოს ისტორიის შესახებ, ნაჩვენებია, რომ ისინი ბაღვაშ-ორბელიანების შთამომავლები არიან. ამ უკანასკნელებს IX-XIII საუკუნეებში ეკავათ უმაღლესი თანამდებობები - იყვნენ ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები, სარდლები, ამილახვრები, ამირსპასალარები და მანდატურთუხუცესები, ეკავათ ათაბაგის თანამდებობაც, იყვნენ მეფეთა მაგვირგვინებელნი და წელზე ხმლის შემომრტყმელნი.
კრებულში სქემატურადაა წარმოდგენილი ფაღავების წვლილი საქართველოს კულტურასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, XIX-XX საუკუნეებში: გვარის წარმომადგენლებიდან შეიძლება მოვიხსენიოთ შემდეგნი: დარია ფაღავა, სამთავროს ქალთა მონასტრის წინამძღვარი, მექი ფაღავა, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავკაცი, მეცენატი, აკაკი ფაღავა (საზოგადო მოღვაწე, 1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოში უმაღლესი თეატრალური განათლების მესაძირკვლე, პროფესორი, თეატრმცოდნე); დარია ფაღავა (საზოგადო მოღვაწე, ორატორი, მ. ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებში თამარ მეფის პროტოტიპი); გიორგი (გოგიტა) ფაღავა (საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის დეკლარაციის ხელისმომწერი, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე); ვერა ფაღავა, ცნობილი მხატვარი, მოღვაწეობდა საფრანგეთში, ეთერ ფაღავა (ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი); ლევან ფაღავა (1907-1996) - საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი, ჟურნალ "ჩვენი დროშა"-ს რედაქტორი, ექიმი დავით ფაღავა, "ჩემო ციცინათელას" მუსიკის ავტორი და სხვები.
ნაშრომი "ფაღვა I" ცნობილმა პედიატრმა, ბავშვთა ფიზიოლოგმა, ნუტრიციოლოგმა, გვარისა და ოჯახის ისტორიის მკვლევარმა პროფესორმა ყარამან ფაღავამ წარმოადგინა. იგი თავადაა კრებულის რედაქტორი და მასალების შემკრები, რამდენიმე ნარკვევის ავტორი. ყარამან ფაღავამ ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ გაიმართა პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში: "სწორედაც გვარის ერთ-ერთ საჩინო წარმომადგენლის - მექი ფაღავას ოჯახში, ბანძაში ილიამ ისტორიული ფრაზა წარმოსთქვა: "სამეგრელოში ვარ და საქართველოს ვხედავო".
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს აკადემიკოსმა თენგიზ (გიზო) ურუშაძემ, კომპოზიტორმა და მწერალმა ნოდარ ფაღავამ, სატელევიზიო მოღვაწემ ედნარ გიორგობიანმა, ექიმმა მურმან კიკვიძემ, ფიზიკოსმა სამსონ (კაკო) ფაღავამ, ისტორიკოსმა გია ანჩაბაძემ. მათ მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კრებულები მომავალი თაობების ინფორმირებისა და აღზრდის არაჩვეულებრივი საშუალებაა.