ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება

ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება

მესამე სამყაროს ქვეყნებს ერთი რამ აერთიანებს: მათ კლეპტოკრატები მართავენ. "ქურდული რეჟიმის" აპოთეოზი ფილიპინელი დიქტატორის, მარკოსის ოჯახი გახლავთ, რომელიც იპარავდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა. განსაკუთრებულ "წარმატებას" ამ საქმიანობაში მისმა მეუღლემ, იმელდამ მიაღწია - 14-წლიანი მმართველობის პერიოდში, მან გლამურულ ნივთებზე 1 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მედიისგან კარგა ხნის მივიწყებული ყოფილი დიქტატორის მეუღლე კვლავ მოხვდა პრესის ფურცლებზე: მანილას ეროვნული მუზეუმის რევიზიის დროს სიძველისგან და სინესტისგან დამპალი 1220 წყვილი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლებიც იმელდას ეკუთვნოდა.

მარკოსის რეჟიმის ისტორია კარგად არის ცნობილი. 1965 წელს ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს, 1969 წელს - მეორე ვადით. მესამე ვადით არჩევა მას არ ეღირსა და 1972 წელს გადატრიალება მოახდინა - კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო. პოლიტიკური კონკურენტები ციხეში გაამწესა, ფილიპინებში დამყარდა დიქტატურა. თუმცა, ეკონომიკაში მარკოსმა ნაციონალ-ლიბერალიზმი დანერგა (ამ პროგრამას ოფიციალურად "ეკონომიკური ნაციონალიზმი" ეწოდებოდა). აკრძალული იყო პროფკავშირები და გაფიცვები - მოკლედ, "მდიდრებო, გამდიდრდით!".

როგორც მესამე სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, აქაც მთავარ კაპიტალისტად "პრეზიდენტის" სანათესაო კლანი გახდა. მაგრამ მარკოსების ოჯახი მხოლოდ "ბუნებრივი მონოპოლიების", უძრავი ქონებისა და ვაჭრობის მმართველობით არ შემოიფარგლა, არამედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურდობასაც მიჰყო ხელი. დიქტატორის ჩამოგდების შემდეგ, 1986 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ დაითვალა, რომ მმართველობის პერიოდში მან და მისმა ოჯახმა ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი დოლარი მოიპარა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი). თუმცა, დიქტატორის მომხრეებმა ეს ციფრი გააპროტესტეს, და ამტკიცებდნენ, რომ მან "მხოლოდ და მხოლოდ 3,5 მილიარდი მოიპარა".

როგორც მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რეჟიმის მმართველობა გლამურში ჩაეფლო - განსაკუთრებით იმელდა. შესანიშნავმა განათლებამ და ღვთისმოსაობამ ვერ შეაჩერა მისი კლეპტოკრატად გადაქცევა. ყველაზე მწირი მონაცემებით, 14 წლის განმავლობაში მან მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი დახარჯა ფუფუნების საგნებში. წელიწადში 15-20-ჯერ ნიუ იორკსა და ევროპაში დაფრინავდა საშოპინგოდ. ნავაჭრის საშუალო ჩეკი 1-2 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა იყო რეკორდულიც - 9 მილიონი დოლარის ოდენობით.

მანილაში აღმოჩენილი გაფუჭებული ფეხსაცმელები ნახევარზე ნაკლებს შეადგენდა მისი კოლექციიდან, რომელიც 2700 წყვილს ითვლიდა. დღემდე მსოფლიოში ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა. რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი Haute couture გახლდათ, უმეტესობა შეკვეთით შეკერილი. კოლექცია 6-8 მილიონ დოლარად შეაფასეს.

მაგრამ ფეხსაცმელი მხოლოდ ნაწილია დიქტატორის მეუღლის მდიდრული გარდერობიდან. მას 36 ქურქი ჰქონდა (თითოს ღირებულება დაახლოებით 50 ათასი დოლარი). დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი, რომლის გატანაც მან აშშ-ში შეძლო. უძვირფასესი ავეჯი (ძირითადად ანტიკვარული), დაახლოებით 1000 ხალიჩა და გობელენი, ოქროს ონკანები... განსაკუთრებულად ამაყობდა ის ძველებური ევროპული მანუსკრიპტების კოლექციით (300 მილიონი დოლარის ღირებულების).

როგორც ყველა პატივმოყვარე ადამიანს ჩვევია, იმელდამაც ვერ აუარა გვერდი საკუთარი თავის განდიდებას - მხატვრებს პორტრეტებს უკვეთავდა. ერთ-ერთი პორტრეტისთვის მან მხატვარს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. სხვათა შორის, მის საძინებელს ნენსი და რონალდ რეიგანის პორტრეტები ამშვენებდა, რომელთაც იმელდა თავის კერპებს უწოდებდა.

სწორედ ამერიკელებმა გადაარჩინეს მარკოსები გაშმაგებული ოპოზიციისგან 1986 წელს. ცოლ-ქმარი და ოჯახური კლანის რამდენიმე წარმომადგენელი აშშ-ში დაბინავდა. ფილიპინელი დემოკრატები წყვილის გასამართლებას ითხოვდნენ ამერიკაში მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ტერიტორიიდან ამერიკული ბაზების განდევნით იმუქრებოდნენ. ამერიკელებმა მოთხოვნა შეასრულეს - ფერდინანდსა და იმელდას სასამართლო მოუწყვეს და... გაამართლეს სათანადო სამხილის არქონის გამო. მალევე დიქტატორი გარდაიცვალა, იმელდა კი ფილიპინებს გადასცეს, სადაც 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მას კასაცია შეეხო და ცოტა ხანში გაათავისუფლეს. იმელდამ პირობა დადო, რომ ნაქურდალის ნაწილს დააბრუნებდა. დააბრუნა 350 მილიონი დოლარი, რომელსაც ის შვეიცარიაში ინახავდა.

2010 წელს "მადლიერმა" ფილიპინელებმა იმელდა მარკოსი პარლამენტში აირჩიეს. მისი ქალიშვილი კი ფილიპინების პროვინციის, ილოკოს ნორტეს გუბერნატორად. ვაჟი - ფერდინანდ მარკოს უმცროსიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავად დიქტატორი ფერდინანდის ნეშტი დიქტატორის სამშობლოში, მავზოლეუმში ინახება - ყოველ მის დაბადების დღეს აქ გრანდიოზული ღონისძიებები ტარდება. სხვათა შორის, მას ბალზამირება იგივე ადამიანმა ჩაუტარა, რომელმაც მაო ძედუნი და ხო ში მინი "გააპატიოსნა".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე