გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა

გრძელი გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე - ადამიანები, რომლებთანაც არნახული წარმატება გვიან მოვიდა

30 წელს მიტანებული ბევრი ადამიანი კრიტიკულად აფასებს საკუთარ ცხოვრებას და ხვდება, რომ ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია. აკვიატებული აქვთ აზრი, რომ მათი დრო წავიდა და უნდა შეეგუონ არსებულ ვითარებას. გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის ისტორიას, რომელთაც დაამტკიცეს, რომ რაიმე ახლის დაწყება არასოდეს არის გვიან და წარმატება აუცილებლად მოვა.

რეი კროკი, McDonald's-ის დამფუძნებელი - 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ჰყიდდა

"1954 წელს 52 წლის ვიყავი. დიაბეტი და ართრიტი მაწუხებდა. ნაღვლის ბუშტი და ფარისებური ჯირკვლის უდიდესი ნაწილი ამომაჭრეს, მაგრამ მომავლის მწამდა", - ასე იხსენებდა საბედისწერო მომენტს რეი კროკი, როდესაც ის ძმებ მაკდონალდებს შეხვდა. უამრავ დაავადებასთან ერთად, რეის ყურთასმენა აკლდა და დიდი ფულის პატრონიც არ იყო. კროკი ბიზნესმენი გახლდათ, რომლის საწარმოები ერთი მეორეს მიყოლებით კრახს განიცდიდა. როდესაც 1954 წელს "მაკდონალდსის" გასავრცელებლად ლიცენზიისთვის 15 ათასი დოლარი დასჭირდა, ის ყველა ბანკმა უარით გაისტუმრა და სახლისა და დაზღვევის გირაოში ჩადება მოუხდა. მას მერე რეი კროკმა კიდევ 30 წელი იცოცხლა და 600 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა.

ჰარლანდ დევიდ სანდერსი (პოლკოვნიკი სანდერსი), KFC - 40 წლის ასაკში მოიფიქრა შემწვარი ქათმის მომზადება მისი ბენზინგასამართი სადგურის კლიენტებისთვის

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის დამფუძნებელს საინტერესო ისტორია აქვს: მან ნაადრევად დაკარგა მამა, დედა ბევრს მუშაობდა, თავად კი ოჯახში კვებაზე იყო პასუხისმგებელი. ჰარლანდმა 10 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, უამრავი სამსახური გამოიცვალა, 12 წლის იყო, როდესაც სახლიდან წავიდა, რადგან მამინაცვალთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ პოლკოვნიკი სანდერსი ამერიკული ოცნების განსახიერებაა. "მიმაჩნია, რომ შემწვარი წიწილა ამერიკული სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ზის შენს სუფრასთან - მეფე, ბოსი თუ უბრალო ადამიანი. თუ სტუმარი გეწვია, აუცილებლად კარგად უნდა გაუმასპინძლდე", - ამბობდა სანდერსი.

ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერის" ავტორი

31 წლამდე მარტოხელა დედა იყო, რომელიც სოციალური დახმარების იმედზე ცხოვრობდა. ჯოანს რომანის იდეა 1990 წელს გაუჩნდა, მომდევნო 7 წლის განმავლობაში ის ქმარს გაეყარა და სამსახურიც დაკარგა. ცხოვრობდა სიღარიბეში, სანამ 1997 წელს სერიის პირველი რომანი არ გამოაქვეყნა. დღეს ჯოან როულინგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ავტორია, რამდენიმე წელიწადში მან გაიარა გზა სიღარიბიდან მულტიმილიონერობამდე.

ამანსიო ორტეგა, Zara-ს მფლობელი - 37 წლამდე მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა

ამანსიოს ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ბიჭუნამ სკოლაც კი ვერ დაამთავრა და 13 წლიდან პერანგების მაღაზიაში კურიერად დაიწყო მუშაობა. 37 წლის იყო, როდესაც ტრიკოტაჟის პირველი ფაბრიკა გახსნა. თავდაპირველად, ამანსიო მეუღლესთან, როსალიასთან ერთად ხალათებს, ღამის პერანგებსა და ქალის თეთრეულს კერავდა საკუთარ სახლში. ერთხელ კლიენტმა თეთრეულის მსხვილი პარტიის შეკვეთა გააუქმა და მეუღლეებმა ბიზნესის გადასარჩენად თავადვე გადაწყვიტეს საკუთარი ნაწარმის გაყიდვა. ამგვარად, 1975 წელს მათ პირველი მაღაზია Zorba გახსნეს. იმ დროისთვის ამანსიო 40 წლის იყო. 2012 წელს კი სააგენტო Bloomberg-მა ორტეგა ევროპის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა - მის ჰოლდინგში შემავალი ბრენდებია Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

ჰარისონ ფორდი, მსახიობი და პროდიუსერი - 30 წლამდე დურგალი იყო

1968 წელს ჰარისონ ფორდი ფილმში "ზაბრისკი პოინტი" გადაიღეს, მაგრამ ყველა სცენა მისი მონაწილეობით ამოიჭრა. ამის შემდეგ ფორდმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა მსახიობობისთვის და დურგლად დაიწყო მუშაობა, სანამ ის რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა არ შენიშნა და ფილმში "ამერიკული გრაფიტი" არ მიიწვია. ჰარისონ ფორდი იმ დროს 30 წლის იყო.

ჰენრი ფორდი, Ford Motor Company-ს შემქმნელი - თავისი კომპანია 40 წლის ასაკში დააფუძნა

ჰენრი ფორდი ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ყმაწვილობაში სახლიდან გაიქცა და დეტროიტში გაემგზავრა სამუშაოდ. 36 წლამდე ედისონის კომპანიაში ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. 30 წლის იყო, როდესაც პირველი ავტომობილი ააწყო, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 40 წლის ასაკში დააფუძნა. კომპანიას დიდი წარმატება 1908 წელს მოდელის Ford T გამოშვებამ მოუტანა, იმ მომენტისთვის ჰენრი ფორდი 45 წლის იყო.

ურსულა ბერნსი, Xerox-ის გენერალური დირექტორი - 32 წლამდე კომპანია Xerox-ში დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა

ურსულა მანჰეტენის ღარიბ რაიონში, ქვედა ისთ-საიდში დაიბადა და ბავშვობა უპოვართა სახლში გაატარა. მან განათლება 1980 წელს მიიღო და კომპანიაში Xerox სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. 2009 წელს კი ურსულა ბერნსი კომპანიის გენერალური დირექტორი და პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც ამერიკულ კორპორაციას ხელმძღვანელობდა.

ანდრეა ბოჩელი, მომღერალი - 33 წლამდე ბარებში ფორტეპიანოზე უკრავდა

ანდრეამ 12 წლის ასაკში მხედველობა მთლიანად დაკარგა. ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა, საოპერო მომღერალი გამხდარიყო. ამისთვის ბოჩელი ტურინში გაემგზავრა, სადაც ვოკალის გაკვეთილებს ცნობილ ტენორტან გადიოდა, საღამოობით კი ხან ბარებში უკრავდა, ხანაც კი ფორტეპიანოს გაკვეთილებს ატარებდა ფულის საშოვნელად.

1992 წელს ანდრეა ბოჩელიმ წარმატებით გაიარა მოსმენა ცნობილ იტალიელ როკ-ვარსკვლავთან - ზუკეროსთან. ამის შემდეგ, სიმღერის დემოჩანაწერი ლუჩანო პავაროტისთან მოხვდა და ანდრეა კარიერის მწვერვალზე ავიდა. ამჟამად ის ცნობილი შემსრულებელი და საოპერო მუსიკის პოპულარიზატორია.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს