თბილისიდან სულ რაღაც 29 კილომეტრში ძველი გერმანული დასახლებაა. ახლა იქ გერმანელები აღარ ცხოვრობენ.
თუმცა, გერმანული სტილის სახლები, გერმანელი ოჯახების უძველესი ნივთები, მარანი, აბანო და ლუთერანული ეკლესიაც კი ამ სოფელში დღემდე შემორჩენილია. ეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ასურეთია.
ასურეთში გერმანელები თითქმის ორი საუკუნის წინ, 1817 წელს, რუსმა ოკუპანტებმა ჩაასახლეს და გერმანული კოლონია შექმნეს. გერმანელებმა სოფელს ელიზაბეტალი დაარქვეს და გაუვალი ტყე აყვავებულ სოფლად აქციეს.
გერმანელებს ამ სოფელში საუკუნეზე მეტი უცხოვრიათ, 1941 წელს კი მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ისინი ერთ ღამეში სტალინის ბრძანებით გადაუსახლებიათ. იმავე წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოასახლეს ზემო რაჭის, კერძოდ, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობა და გერმანელების დატოვებულ სახლებში გადაანაწილეს. მას შემდეგ სოფელი ასურეთი რაჭველების სოფელია.
ასურეთის მცხოვრები და ALLNEWS.GE-ს მასპინძელი, მანანა წულუკიძე ამბობს, რომ მისი წინაპრებიც რაჭიდან ასურეთში 1941 წელს გადასულან საცხოვრებლად:
"საბჭოთა რეჟიმი ოჯახებს ეუბნებოდა, თუ თქვენ გადახვალთ საცხოვრებლად ასურეთში, მაშინ თქვენს შვილებს ომში არ წავიყვანთო. ამიტომაც წამოსულან ჩემი წინაპრები აქ. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დაპირების მიუხედავად ომში მაინც მიჰყავდათ მამაკაცები.
როგორც მსმენია, ბევრ რაჭველს აქაური კლიმატური პირობები ვერ აუტანია და უკან დაბრუნებულა. თუმცა, მათი დიდი ნაწილი საბოლოოდ აქ დამკვიდრდა. ამასთან, ახალდაბადებული ბავშვები მთის ჰავის შემდეგ აქაურ ჰავას ვერ ეგუებოდნენ, რის გამოც იღუპებოდნენ". იხილეთ გაგრძელება