სამუშაო ადგილები, სადაც ალკოჰოლის მიღება... აუცილებელია!

სამუშაო ადგილები, სადაც ალკოჰოლის მიღება... აუცილებელია!

ალკოჰოლის მიღება სამუშაო ადგილას - ძალიან ცუდი იდეაა. პირველივე გახსნილი ბოთლი, სავარაუდოდ, უკანასკნელი გახდება, ვიდრე რეზიუმეს განაახლებთ ახალი სამსახურის საძებნელად... თუმცა, რას იტყოდით ისეთ სამსახურზე, სადაც დალევა არამხოლოდ შეიძლება - საჭიროა კიდეც? და რას ეტყოდით დამსაქმებელს, რომელიც პირდაპირ მიგითითებთ: დღეს უნდა დალიო, მეგობარო! დიახ, ასეთი სამსახური არსებობს, და არამხოლოდ ზღაპრებში. გთავაზობთ მსგავსი თანამდებობების რამდენიმე მაგალითს, რომელზეც, ალბათ, ბევრი არ იტყოდა უარს.

1. სომელიე

დავიწყოთ ყველაზე მარტივით. სომელიემ, ღვინო პროფესიონალურად რომ შეაფასოს, უნდა გასინჯოს იგი და არა მხოლოდ სამსახურში: მსოფლიოში ამ სასმელის იმდენი სახეობა არსებობს, რომ კვალიფიკაციის ამაღლება თითქმის ყოველდღე მოგიწევთ! რა თქმა უნდა, პროფესიონალი სომელიე ცდილობს, სადეგუსტაციო სასმელი არ გადაყლაპოს. მაგრამ ვინ თქვა, რომ თქვენ უკვე პროფესიონალურ დონეს მიაღწიეთ? ტექნიკურად, გახდე სომელიე, არც თუ ისე რთულია. საკმარისია, გაგაჩნდეთ ინტერესი ღვინის მიმართ, იცოდეთ დალევა და გქონდეთ მინიმალური გემოვნება მაინც. არ გაწყენთ სპეციალური კურსებიც, რომელთა გავლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ჯანდაბამდე გააგზავნით მობეზრებულ ოფისს და ბარბაცით დაადგებით ღვინის სპეციალისტის არც თუ ისე სწორ გზას.

2. მწერალი

სადავო, მაგრამ ჩვენს სიაში სრულიად დამსახურებულად მოხვედრილი პროფესია. უამრავი ცნობილი მწერალი არასოდეს მალავდა ალკოჰოლისადმი სიყვარულს. ჰემინგუეი, რემარკი, სელინჯერი და უამრავი სხვა, მუშაობის პროცესში მიირთმევდნენ ალკოჰოლს. ასე რომ, თუკი საკუთარ თავში მწერლობის ნიჭის ნაპერწკალი აღმოაჩინეთ, თამამად გამოკვებეთ იგი დიონისეს ნაყოფით!

3. ბარმენი

ალბათ, ყველაზე ადვილი საშუალება, დალიო სამუშაო ადგილას საღამოდან დილამდე. ბარმენისთვის მთავარია, კოქტეილების შერევა ეხერხებოდეს, და, რა თქმა უნდა, კლიენტებთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ალკოჰოლისადმი მაღალი ტოლერანტობა ძალიან გამოგადგებათ: სხვაგვარად, მსგავს სამსახურში 1 კვირასაც ვერ გაძლებთ.

4. შეფ-მზარეული

როგორც ბარმენს, ასევე შეფ-მზარეულსაც შეუძლია გადაჰკრას ალკოჰოლი მუშაობის პროცესში. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ 2 ჭიქის მერე წიწაკას განურჩევლად ყველა კერძში არ ჩაყრით ჰერცოგინიასავით, წიგნიდან "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".

5. სტარტ-აპ პროექტის მონაწილე

ეს ახალგაზრდები იმაზე მეტს სვამენ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დაძაბული სამუშაო, რომლის შესრულებაც პროექტის მონაწილეებს უწევთ, განტვირთვას მოითხოვს. ამიტომაც, უმსხვილესი Yelp-ის მსგავსი აწ უკვე შემდგარი სტარტაპები, თანამშრომლებს ნებას რთავენ, დალიონ ლუდი შესვენებისას.

6. ალკოჰოლის მაღაზიის თანამშრომელი

ხარისხიანი ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიები ხშირად მართავენ დეგუსტაციას საკუთარი თანამშრომლებისთვის. მსგავსი სამსახურის მისაღებად, საკმარისია, კარგად მოძებნოთ ვაკანსიები შრომის ბაზარზე, დანარჩენს კი ადგილზე შეგასწავლიან.

7. სარესტორნო კრიტიკოსი

გახდე სარესტორნო კრიტიკოსი, არცთუ ისე ადვილია - მინიმუმ, უკვე უნდა გყავდეთ აუდიტორია, რომელიც თქვენს ავტორიტეტულ აზრს ითვალისწინებს, კულინარული საქმიანობისაც უნდა გაგეგებოდეთ. ორივეს გამომუშავება შესაძლებელია, შედეგი კი ამად ნამდვილად ღირს. საუკეთესო რესტორნებში უფასო კერძების დაგემოვნების გარდა, შესაბამის ალკოჰოლურ მენიუსაც მიიღებთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

8. პროფესიონალი ბლოგერი

ბლოგერობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს პროფესია ითვალისწინებს, რომ ხალხს საინტერესო რამეები მოუთხროთ: სად გაატარონ შვებულება, რომელ რესტორანს ეწვიონ და რაც მთავარია, რომელ ბარში ამზადებენ საუკეთესო კოქტეილებს. პროფესიონალი ბლოგერი-მოგზაური რომ გახდეთ, საჭიროა მხოლოდ სურვილი და საინტერესო თემების მოძიების ნიჭი. გადააბიჯეთ ამ არცთუ ისე მაღალ ზღურბლს და შექმენით კარიერა - ცალ ხელში ჭიქა ღვინით, მეორეში კი - პლანშეტით.

9. ლუდის მხარშავი

საკუთარი ლუდის ხარშვა საინტერესო საქმიანობაა, თუმცა ისიც კი შეიძლება რუტინული გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი პროდუქტის დეგუსტაციას არ გადაწყვეტთ. გარდა ამისა, უამრავი ლუდსახარში კომპანია საკუთარ თანამშრომელს ლუდის ახალი სახეობის დეგუსტაციას სთავაზობს. მაგრამ ასეთი სამსახურის შოვნა ადვილი არ არის, თქვენ ნამდვილად უნდა გიყვარდეთ ლუდი და ერკვეოდეთ მისი მომზადების ტექნოლოგიაში.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს