ახლა III კურსზეა, იურისტის პროფესიას ეუფლება, მაგრამ საზოგადოება "ილო ბეროშვილის შოუდან" იცნობს, როგორც მსახიობსა და მომღერალს. ბაბი კირკიტაძე ინტელექტუალური თამაშების მოყვარულია, ამიტომ შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდა. მოუცლელობის მიუხედავად, მაინც ახერხებს, იყოს აქტიური მკითხველი. არდადეგების პერიოდს სქელტანიანი ნაწარმოებების გასაცნობად იყენებს, ნოველებსა და მოთხრობებს კი ხშირად კითხულობს.
- ახლახან ჰოფმანის "კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია" დავასრულე, ახლა შტეფან ცვაიგის "მარია სტიუარტს" ვკითხულობ.
ბავშვობაში წიგნებს დედა მირჩევდა. მეუბნებოდა, რომ ისტორიული ჟანრის ლიტერატურა მეკითხა და მიხსნიდა, ადამიანისთვის საკუთარი წარსულის ცოდნა, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.
ბიოგრაფიული რომანები მიყვარს. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ირვინგ სტოუნის რომანმა "წყურვილი სიცოცხლისა", რომელიც ვან გოგის ცხოვრებას ასახავს.
სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან, მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი. საოცარი ინტუიცია აქვს, ადამიანებს ქცევებით, მანერებით, სიარულით ცნობს. მგონია, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით. მის შესახებ რომ წავიკითხე, ვცდილობდი, ეს უნარები საკუთარ თავში მეც განმევითარებინა. სხვათა შორის, კარგი ინტუიცია მაქვს.
ისტორიული პერსონაჟებიდან გამორჩეულად დავით აღმაშენებელი მიყვარს. სიამოვნებით ვიქნებოდი ისეთი ძლიერი ქალი, როგორიც დედოფალი ელისაბედია.
როგორც ქალს, რომელი პერსონაჟი შემიყვარდებოდა? რთული სათქმელია. ჯეინ ოსტინის პერსონაჟი, მისტერ დარსი მომწონს. ძლიერი, მამაკაცური და ამავე დროს რომანტიკულია. არ ვიცი, ასეთი ადამიანები ცხოვრებაში თუ არსებობენ.
ყოველთვის ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ეს პროფესია ჩემი ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, მიუღებელი იყო. მამა მასავით კატეგორიული არ იყო. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მსახიობობის სურვილის გამო, ჩემი არც ერთი ნათესავი არ მელაპარაკებოდა, სამყაროში თავი მარტო ვიგრძენი. გადავწყვიტე, იურიდიულზე ჩაბარება და მეორე დღესვე ყველა შემირიგდა.
ახლა ეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ, მგულშემატკივრობენ. რამდენიმე დღის წინ დედამ მკითხა, სამსახიობოზე ხომ არ ჩააბარებო? ძალიან გავბრაზდი.
მაყურებლისგან ყოველთვის დადებით განწყობას ვგრძნობ. განსაკუთრებით ბავშვების გულწრფელი დამოკიდებულება მახარებს, ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.
ჩემი პოპულარობა უნივერსიტეტში ნიშნების დაწერის დროს, არავის აინტერესებს. გაგიმხელ, მაგრამ დედაჩემს არ უთხრა: მომავალში ჩემი პროფესიით მუშაობას არ ვაპირებ.
- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა სერენადა?
- ესპანეთიდან თუ იტალიიდან, ხომ?
- დიახ, შუა საუკუნეების იტალიიდან და ესპანეთიდან გავრცელდა. ვინ იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?
- მარგარეტ ტეტჩერი.
- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის "მიმინო"?
- გია ყანჩელმა.
- მულტიპლიკაციურ ფილმში რა ჰქვია კომბლეს ძროხას?
- უნდა გავიხსენო, გთხოვ, არ მითხრა. (პაუზის შემდეგ) ვერ ვიხსენებ, რა ჰქვია?
- ჭრელა. "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული. თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი. ეტყობა, ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები. სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს, თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს"... - ეს არის მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელე ეს მწერალი.
- ბალზაკი. ... განაგრძეთ კითხვა