სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ

სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ

კარგია იმის გააზრება, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს და მკვლელებს იჭერს, რათა მათ სამართლიანად მიუზღოს ჩადენილი დანაშაულისთვის, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულებმა მოახერხეს მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გახმაურებული საქმე, სხვადასხვა დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა:

3 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული კეისი ენტონი უდანაშაულოდ ცნეს

დღესდღეობით კეისი ენტონი გახლავთ ყველაზე საძულველი ქალი ამერიკაში, თუ მსოფლიოში არა. 2008 წელს ორლანდოში მომხდარმა მკვლელობამ მთელი აშშ შეძრა. კეისი ენტონის 3 წლის გოგონა კეილი უკვალოდ დაიკარგა, რის შესახებაც ბავშვის ბებიამ, სინდიმ 911-ში ერთი თვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვი 31 დღეა არ უნახავს, მისი ქალიშვილის მანქანაში კი გვამის სუნი იყო. კეისი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ დედას სხვადასხვა ვერსიას ეუბნებოდა, ბოლოს გამოუტყდა, რომ ბავშვი დაიკარგა...

კეისი 21 წლის იყო. წვეულებებზე დადიოდა, სვამდა, მონაწილეობდა კონკურსში "ცხელი სხეული" და აბსოლუტურად არ ადარდებდა შვილი. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ბავშვის ცხედარი ენტონის სახლის მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს, ქალი სასამართლოში მოხვდა.

ბრალდება სერიოზული იყო - ქალის ავტომობილში ცხედრის სუნი იდგა, იმ ადგილას, სადაც ბავშვის გვამი იპოვეს, აღმოაჩინეს სამხილები - საბანი და ეტიკეტები, რომლებიც კეისის სახლის თეთრეულის კომპლექტს შეესაბამებოდა. თანაც დედა გამუდმებით ტყუოდა მომხდარის შესახებ. მიუხედავად სასამართლო მოსმენისა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 90 მოწმისა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი თათბირის მეორე დღესვე გამოიტანეს - კეისი ენტონის შვილის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.

პოლიციელის როლის შემსრულებელი რობერტ ბლეიქი ცოლის მკვლელობისთვის არ დასჯილა

რობერტ ბლეიქი, ცნობილი როგორც პოლიციელის როლის შემსრულებელი სერიალში "ბარეტა", რეალურ ცხოვრებაში კანონმორჩილი არ აღმოჩნდა. 2001 წლის 4 მაისს ბლეიქი და მისი იმჟამინდელი მეუღლე ბონი ლი ბაკლი, რესტორანში ვახშმობდნენ. წყვილმა მანქანა ბნელ ვიწრო ქუჩაზე დატოვეს რესტორნიდან რამდენიმე კვარტალში. ვახშმის შემდეგ ცოლ-ქმარი მანქანისკენ გაემართა. ბლეიქის თქმით, მას გაახსენდა, რომ იარაღი რესტორანში დარჩა. როდესაც ავტომობილთან დაბრუნდა, მოკლული მეუღლე აღმოაჩინა - ქალს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. საქმე, რომელსაც მასობრივი ინფორმაციების საშუალებები დიდი ინტერესით აშუქებდნენ, მარტივი და იოლად დასამტკიცებელი ჩანდა: 2 ადამიანი იყო მოწმე, თუ როგორ ცდილობდა ბლეიქი მეუღლის მკვლელობის დაკვეთას, თანაც იმ საღამოს ძალიან უცნაურად იქცეოდა. თუმცა, იგი უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

ლიზი ბორდენი და ნაჯახი...

ლიზი ბორდენის სახელი ნაჯახის სინონიმად იქცა. ბორდენი, რომელიც მამისა და დედინაცვლის, ენდრიუსა და ების მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი გახლდათ, უდანაშაულოდ ცნეს. მკვლელობა 1892 წლის 4 აგვისტოს მოხდა მასაჩუსეტსში. არსებობდა უამრავი ირიბი სამხილი, რომელიც ქალის დანაშაულზე მიუთითებდა: მკვლელობის დღეს ბორდენმა საწამლავი შეიძინა, ღამით კი დაწვა კაბა, რომელიც იმ დღეს ეცვა. თუმცა, იღბალმა, ნაფიცთა მსაჯულებმა და იმ ფაქტმა, რომ ვერავის წარმოედგინა, როგორ შეეძლო ახალგაზრდა ქალს მსგავსი სისასტიკის ჩადენა, გავლენა იქონია იმაზე, რომ მსაჯულებმა თათბირიდან 1 საათში გამოიტანეს მისი უდანაშაულობის ვერდიქტი. მამისა და დედინაცვალის მკვლელობა არ გახსნილა და დღემდე მასზე უამრავი თეორია არსებობს.

ვინს ნილმა საუკეთესო მეგობარი მოკლა

იცოდით, რომ ჯგუფის Mötley Crüe სოლისტი მკვლელია? ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნილი თავის მეგობართან, ნიკოლას "რაზლი" დინგლისთან და კიდევ ორ ადამიანთან ერთად ავტომობილით სასმელის შესაძენად წავიდა მაღაზიაში. ვინსმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. შედეგად, დინგლი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენმა მგზავრებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს. ნილი წყლიდან მშრალი ამოვიდა - ციხეში მხოლოდ 15 დღის გატარება მოუხდა, გადაიხადა რამდენიმე მილიონი დოლარი კომპენსაციის სახით და შეეფარდა პირობითი მსჯავრი 5 წელი. თითქოსდა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - მოგვიანებით Mötley Crüe-მ საშინელი ალბომი - Theatre of Pain გამოუშვა, რომელიც დინგლის მიეძღვნა.

რიჩარდ ჯეიმს ჰერინი, "იელის უნივერსიტეტში მკვლელობის საქმე"

ეს გახლავთ იუსტიციის ყველაზე საშინელი შეცდომა, და სავარაუდოდ, მასზე არასოდეს გსმენიათ. თუმცა, ეს საქმე 1977 წელს აშშ-ში საკმაოდ გახმაურებული იყო. 1977 წლის 7 ივლისს რიჩარდ ჯეიმს ჰერინმა ჩაქუჩით სასტიკად მოკლა თავისი მეგობარი გოგონა, ბონი გარლანდი. წყვილმა იელის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო ერთმანეთი. ჰერინმა დანაშაული აღიარა კიდეც. მიუხედავად ამისა, საქმეში ყველაზე უცნაური გახლდათ თანაგრძნობის გამოვლენა... მკვლელისადმი. დაკავების მომენტიდან, მას დიდი სიფრთხილით და მოწიწებით ეპყრობოდნენ.

ამბობდნენ, რომ ის ლოს-ანჯელესის ღარიბ უბანში გაზრდილი საწყალი მოზარდია, ის არამხოლოდ ვერ მოერგო იელის უნივერსიტეტს (მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სწავლას თავი დაანება), არამედ ბონიმაც მიატოვა - განუცხადა, რომ მის გარდა სხვა მამაკაცებთანაც სურს ურთიერთობა. საზოგადოებისთვის ჰერინი ნამდვილ "მსხვერპლად" იქცა. ეს თანადგომა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს, რამაც რასაკვირველია, სასამართლოს განაჩენზეც იქონია გავლენა. გარლანდი მონსტრად გამოჰყავდათ, რომელმაც საბრალო ბიჭს გული ატკინა და სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა მისი მოკვლისა. ხალხმა ეს იმდენად ირწმუნა, რომ ჰერინი წინასწარ განზრახულ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ განცვიფრებულმა მოსამართლემ პატიმრობის მაქსიმალური ვადა - 25 წელი მიუსაჯა, 1995 წელს, მას შემდეგ, რაც მკვლელმა პატიმრობის ვადის 2/3 მოიხადა, იგი გაათავისუფლეს.

ალ კაპონეს პატიმრობა მიესაჯა...

ყველაზე ცნობილ განგსტერს, ალ კაპონეს ჩიკაგოს დანაშაულებრივი სამყარო სადავეებში მძლავრად ჰქონდა მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მაფიოზური "კარიერის" შესახებ შესანიშნავად იყო ცნობილი, დანაშაულებში მისი მონაწილეობის მტკიცებულებები არ არსებობდა. მაგალითად, მისი ორგანიზებით წმინდა ვალენტინის დღეს მოეწყო სასაკლაო, სადაც კონკურენტი ბაგს მორანის ბანდის 7 წევრი დახოცეს.

კაპონემ უბრალოდ შუკვეთა ეს მკვლელობა: ის ფლორიდაში იმყოფებოდა, საწოლს მიჯაჭვული, თანაც ალიბისთვის ექიმის ცნობაც კი გააჩნდა. მისი ქვეშევრდომების წარმოუდგენელმა ერთგულებამ თავისი როლი შეასრულა, ისევე როგორ მკაცრმა სამართლებრივმა დაცვამ, რომელიც ჩხრეკის ორდერს მუდამ მოითხოვდა. გარდა ამისა, ალ კაპონე მხოლოდ ნაღდი ფულით მუშაობდა, მას ბანკში ანგარიში არ ჰქონდა და ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოწერა ჩეკი. სწორედ ამან მიიყვანა იგი პატიმრობამდე. FBI-მ, საგადასახადო სამსახურებთან და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოახერხა მისი დანაშაულის საკმარისი მტკიცებულების მოგროვება, რომლის თანახმადაც მას ბრალად გადასახადების დამალვა დაედო. ალ კაპონემ მისჯილი 10 წლიდან 7 ციხეში გაატარა, რის შემდეგაც სიფილისით დაავადდა და გარდაიცვალა.

დონ კინგი

ეს უცნაური ვარცხნილობის მქონე ბოქსის პრომოუტერი არა მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ მაიკ ტაისონის შესანიშნავ კარიერაში მიუძღვის წვლილი. კინგმა 2 ადამიანი მოკლა - ჰილარი ბრაუნი და სემ გარეტი. მას ბრაუნის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს (ზურგში დაახალა ტყვია), თუმცა გაამართლეს, რადგან, თითქოსდა, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. მისტერ გარეტის ცემით სიკვდილის პირამდე მიყვანის გამო (მამაკაცს დონ კინგის ფული მართებდა), მას მხოლოდ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ო. ჯეი სიმპსონი

ეს გახლავთ ყველაზე გახმაურებული საქმე მსოფლიოში. ნიკოლ ბრაუნ სიმპსონი (ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, ო. ჯეი სიმპსონის მეუღლე) და მისი მეგობარი რონალდ გოლდმანი ქალის სახლის მახლობლად განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულები იპოვეს.

არსებობდა უამრავი მტკიცებულება: მკვლელობის ადგილას ნაპოვნი სისხლის კვალი სიმპსონის დნმ-ს ემთხვეოდა. სახლში ო. ჯეის წინდები იპოვეს, რომელიც მისი ცოლის და გოლდმანის სისხლში იყო ამოთხვრილი. მკვლელობის შემდეგ სიმპსონი ძველ მეგობართან, რომერტ კარდაშიანთან (კიმ კარდაშიანის მამა) ცხოვრობდა, რომელიც საეჭვო ჩანთით ხელში შენიშნეს.

ორივე მხრიდან უამრავი მოწმე არსებობდა და ამ დანაშაულს საუკუნის დანაშაულიც კი უწოდეს. ბოლოს და ბოლოს, ო. ჯეი სიმფსონი გაამართლეს. როგორ მოახერხა სიმფსონმა ეს? ზოგიერთი ამბობს, რომ მტკიცებულებებმა, როგორიცაა მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ხელთათმანი და რომელიც ზომით სიმპსონს არ ერგებოდა, თავისი როლი შეასრულა. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ადვოკატებმა რასობრივ აქცენტზე ითამაშეს. არსებობს თეორიები, რომ ო. ჯეი სინამდვილეში უდანაშაულოა და რომ ორივე მისმა ვაჟმა მოკლა. ახალ დოკუმენტურ ფილმში კი დანაშაულში ბრალს სერიულ მკვლელს, გლენ როჯერს სდებენ.

დამნაშავეა თუ არა სიმპსონი, რთული სათქმელია, მაგრამ ამ საქმიდან მან იოლად დაიძვრინა თავი. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება დაინგრა. ამჟამად იგი ციხეში იმყოფება საქმის გამო, რომელსაც მკვლელობასთან კავშირი არ აქვს (ძარცვა იარაღის გამოყენებით და გატაცება).

დუდანა ზაქარაია, AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს