კიევში დაჯავშნული "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" გაიტაცეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება და რუსული ინტერნეტგამოცემები უკრაინის ყოფილი იუსტიციის მინისტრზე ელენა ლუკაშზე დაყრდნობით წერენ.
ლუკაშმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "სააკაშვილს ახალი პოლიციის ერთი წლის იუბილე მიულოცეს. დღეს კიევში მისი დაჯავშნული Toyota Land Cruiser გაიტაცეს. გილოცავ მიხო! არაჩვეულებრივი რეფორმაა :)" - წერს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი ფეისბუქზე.
korrespondent.net-ის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის 6 მილიონ გრივნად ღირებული (დაახლოებით 234 000 დოლარი) ავტომობილი, ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებამ გაიტაცა, რომელსაც ე.წ კანონიერი ქურდი, 43 წლის სერგო (გუგა) ღლონტი მეთაურობს. თავად ღლონტი, ამჟამად ლუკიანოვსკის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ის რამდენიმე კვირის წინ დააკავეს კიევში. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სერგო ღლონტი რამდენჯერმეა ნასამართლევი ყალბი დოკუმენტების დამზადების და ნარკოტიკული საშუალებების საქმეების გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცება მიზნად ისახავდა "ქართული კლანისადმი ლოიალურობის გარანტიას უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებში". თუკი სასამართლო ე.წ კანონიერი ქურდის ადვოკატების პოზიციას გაითვალისწინებს, ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს და დაკავებულს გაათავისუფლებს, ამ შემთხვევაში ჯიპი მფლობელს დაუბრუნდება.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მაქსიმ ნეფედოვს Infiniti EX3 ავტომობილი მოპარეს.
მომზადებულია korrespondent.net-ს მიხედვით
ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილის ძვირადღირებული "მერსედესი" სიმბოლური სანომრე ნიშნით