თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი

 თუშეთის პრობლემები - ირაკლი ხვედაგურიძის ვიდეობლოგი

76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე თუშეთის სოფელ ბოჭორნაში ცხოვრობს. ის ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. ცხენზე ამხედრებულ ირაკლი პაპას თუშეთში ხშირად შეხვდებით, წლების განმავლობაში ის თუშეთის ერთადერთი ექიმი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, თუშეთს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ორი წლის წინ შეძენილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ტექნიკით არის აღჭურვილი. ავტომობილი თავდაცვის სამინისტროს მიერ თუშეთში სამორიგეოდ მივლინებულ ექიმებს ემსახურება, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მუშაობის მიუხედავად, თუშეთში ირაკლი ექიმზე მაინც დიდი მოთხოვნაა. ბევრ სოფელში საავტომობილო გზა არ არის, ამიტომ იქ მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები ადამიანებისთვის ავადმყოფობის დროს ერთადერთი მხსნელი ცხენოსანი ექიმია.

თუშეთში არსებულ პრობლემებზე ის ვიდეობლოგში საუბრობს.

"თუშეთს ძირითადად სამი პრობლემა აქვს. პირველი ინფორმაციული ვაკუუმია. აი, ამ ხეობაზე 18 სოფელი არის საჩაღმო, ხუთი სოფელი და ნასოფლარები, 6 კიდევ არის წოვათა, წოვა თუშების. ამ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ სამ სოფელში შეიძლება დაკავშირება ტელეფონით. 14 წლის წინ, გამოჩნდა ერთი ენთუზიასტი კაცი - ლევან შანქიშვილი, რომელიც დასახლდა წოვათას ერთ-ერთ სოფელში, სათიბროანში და იქ, მაღლა, 2 კილომეტრზე მწვერვალზე უნდა ავიდეს, რომ ოჯახს დაუკავშირდეს.

მეორე პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ამდენი რადიოსადგურია და თუშეთში რადიოს ვერ მოუსმენ. სიგნალი მხოლოდ რამდენიმე ადგილზე, 4-5 მეტრის რადიუსით მოდის და მერე ისევ ითიშება.

მესამე პრობლემა ის არის, რომ დღეს მეცხვარეობა ძალიან ჭირს. და რატომ ჭირს იცით? მწყემსი არის ძალიან ძვირი. მაისის პირველიდან, უფრო სწორედ აპრილის 15-დან ვიდრე სექტემბრის ბოლომდის, მწყემსს "ხაზეინი" 1300 ლარს აძლევს თვეში. და ამ დროს, მატყლი არის გაუფასურებული. აი, თუ დააკვირდებით, თუნდაც ამ ბინის იქით ბინაა და იქ, ცხვარს პარსავენ, ეგრევე ყრიან ბინაზე და წვავენ.

კომუნისტების დროს თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი ყველაზე ძვირადღირებული იყო. 78 სახეობის ცხვრიდან ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი მატყლი თუშურ ჯიშის ცხვარს აქვს, კაპილარობა აქვს, ბეწვს სიღრუე აქვს და ოფლს ორგანიზმიდან ფილტრავს. ეს არის თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი და ამ დროს, კილო ღირს ერთი ლარი. ჰოდა, დღეს იმდენად ძვირია ტრანსპორტირება თუშეთი-კახეთის მონაკვეთზე, რომ ეს მატყლი თავის თავსაც ვერ ანაზღაურებს" - ამბობს ხვედაგურიძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა